მიველ, ვნახე, გადმოვპოსტე

ეძღვნება მიტინგებზე მოსიარულე და მათ მხარდამჭერ უფროს თაობას

გვაცალეთ, რა!

გვაცალეთ უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში სიარული და სწავლა, იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით – 500 ლარად დიპლომს ვეღარ ვიყიდით.

გვაცალეთ სკოლაში ვატაროთ ბავშვები, იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით – 1 000 ლარად ნებისმიერ ფაკულტეტზე ვეღარ მოხვდებიან, გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.

ხომ აირჩიეთ უკვე თქვენი შვილების და საკუთარი მომავალი 90-იანებში – ახლა ჩვენ გვაცალეთ რა, ავირჩიოთ ჩვენი – ნუღა გვატენით ყარყარაშვილებს, ბათიაშვილებს და ხაინდრავებს, ნუ დაუკარგავთ ჩვენს შვილებს ბავშვობას ისევე, როგორც თქვენ – დაგვიკარგეთ ჩვენ, თქვენს შვილებს.

გვაცალეთ რა მუშაობა მათ, ვინც სამსახურში დომინოს თამაშში და ყავის სმაში არ ატარებდა დროს.

გვაცალეთ, ვისაც გვესმის, რომ ან უნდა გადაიხადო მოხმარებული ელ.ენერგიის საფასური, ან არ უნდა დახარჯო, გვაცალეთ ვინც არ გავზრდილვართ საბჭოთა კავშირში და ვინც არ გაგვაზარმაცა და გაგვაზულუქა სახელმწიფომ.

გვაცალეთ რა ვიაროთ ჩვენი სამსახურის დამსახურებით კრედიტით გამოტანილი მანქანებით, ქუჩაში ვისაუბროთ მობილურით და არ გვეშინოდეს, რომ ხელიდან წაგვგლეჯენ, გვაცალეთ ვჭამოთ პიცა, ბიგმაკი, სუში და ქათმის გუმბაო – ხინკალი ამ ყველაფრისგან ნაკლებად არ გვიყვარს…

გვაცალეთ ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე გადარბენისთვის ჯარიმის ღირსეულად მიღება და გადახდა პატრულის დედის გინების გარეშე.

გვაცალეთ თეატრში სიარული, გვაცალეთ, სტურუებო, მეღვინეთუხუცესებო და გაბუნიებო, თქვენი პოლიტიკური განცხადებების გახსენებისგან გამოწვეული გულძმარვის გარეშე დავტკბეთ თქვენი სპექტაკლებით.

გვაცალეთ ნელ-ნელა ვისწავლოთ ის, რაც ოჯახებში არ გვასწავლეთ, გვაცალეთ შვილებს ვასწავლოთ ნაგვის სანაგვე ყუთში ჩაგდება, ავტობუსში ბილეთის აღება, წყლის მოფრთხილება, ბუნებაში ქეიფის შემდეგ იქაურობის დალაგება.

გვაცალეთ რა ზამთარში საღამოს 10 საათზე მარწყვი მოგვინდეს და გვერდით უბანში სუპერმარკეტში გავიდეთ ქუჩაში სიკვდილის ან დაყაჩაღების შიშის გარეშე.

გვაცალეთ გვეკიდოს პოლიტიკა და არ ვიცოდეთ ზეპირად ყოველ კვირა შეცვლილი მინისტრების შესახებ, გვაცალეთ პრეზიდენტი, რომელმაც არ გაამართლა – წიოკით კი არ ჩამოვიღოთ სკამიდან, არამედ როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება – უბრალოდ შემდეგ ჯერზე აღარ ავირჩიოთ.

გვაცალეთ მუშაობა – თქვენი შვილი რატომ ვერ შოულობს სამსახურს? იმიტომ, რომ 24 საათი ქუჩაში აბირჟავებდა და იფურთხებოდა მანამ, სანამ მისი უბნელი “პიჟონები” ვსწავლობდით და წიგნებს ვკითხულობდით.

ბევრია ამ ქვეყანაში კიდევ ასაშენებელი, გასასწორებელი და მოსაგვარებელი, და თუ არ გვეხმარებით – ნუ დაანგრევთ მაინც, გვაცალეთ რა, გვაცალეთ…

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия