ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა - დღე პირველი

იმისა თუ როგორ შევაცდინე 4 კაცი
ყველას მოგეხსენებათ, რომ ნოემბრის აქეთ საროში დაბრუნებას ვნატრობ. მიზიდავს მისი პირველყოფილობა, ტურისტების ფეხით შეუბღალობა, ეს ის ადგილია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის.
თან სამცხისადმი ჩემი სიყვარული უცნობი არაა, და მაკენასთავის ათაბაგობის წოდების ჩამორთმევაც განვიძრახე
ასე ოცნებებში გავიდა მთელი ზამთარი, დადგა გაზაფხული, გამოჩნდა თავისუფალი შაბათ კვირა და თემაც გავხსენი.

წინწივა უთემოდ შევაბი. შემხვდა სადღაც და კატეგორიულად განვუცხადე რომ საროში უნდა წამოვიდეს. ქსოვრელის შებმა არც მიცდია, არჩილმა ბოლო მომენტში მომწერა მეც მინდაო. კიდევ 2 გოგოს უნდოდა მაგრამ სუსხს დაუფრთხნენ.
აქუვეზერი თოვლს, გრიგალს, წვიმას და ათას უბედურებას გვიქადდა, მათ სორის -12 ყინვას. მაგრამ, ჩვენ არაფრად ჩავაგდეთ ამინდის გაფრთხილება, არც დედაჩემის სიტყვები ”შვილო ასეთ ამინდში ძაღლი არ გაიგდება და შენ სად გაგიწევიაო”.
მოკლედ წამომსვლელთა საბოლოო რიცხვი გავიგე პარასკევს დილით, როდესაც თბილისი-ვალეს ბილეთებს ვიღებდი. ავიღე 5 ბილეთი, გადავიხადე 20 ლარი და ბედნიერი წავედი სამსახურში. ყველა გზა უკან მოჭრილია!
მივდივართ!!!
საღამოთი სადგურზე მივედი და იქ დამხვდა 4 შეცდენილი კაცი:
არჩილი, წივწეივა, ანდრო - წივწივას + და ქსოვრელი. უკანასკნელ გზაზე (მგონი ყველა დარწმუნებული იყო რო9მ რომელიმე კლდეზე მიყინულები დავრჩებოდით) გვაცილებდნენ დაკოტა, ინტელა, ზღარბი და ქოჩო.
21:00 ავედით მატარებელში და როგორც იქნა ვიპოვეთ ადგილები სუნიან და ბნელ პლაცკარტში.
თბილისი-ვალეს მიმართულებით ყოველ საღამოს დადის 1 ვაგონი. მას ოზურგეთის მატარებელს აბავენ ხაშურამდე, და ამ მანძილს იგი 2 საათში გადის, ხოლო ხაშურიდან ოზურგეთის მატარებელი გზას განაგრძობს, ვალეს ვაგონს კი ებმევა საწყალი წითერლი ელმავალი და ნელნელა მიჩუხჩუხებს სამცხესკენ. ხაშური-ახალციხე გზას 5 საათს ანდომებს.
თუ რემარკის ”დასავლეთ ფრონტზე ყველაფერი უცვლელადაა” ან ”გზა სინისაკენ” გაქვთ წაკითხული, მაშინ ადვილად წარმოიდგენთ თბილისი-ვალეს ვაგონს. თუ არა და...
მოკლედ იმდენი ბილეთი იყიდება, რამდენი საჯდომიც ეტევა. ღირს ეს სიამოვნება 4 ლარი. თუ ხალხი ცოტაა, მაშინ გაგიმართლებთ და ჰორიზონტალურ მდგომარეობას მიიღებთ. ვაგონი არავინ იცის როდინდელია, და მის ყველა დეტალში გამჯდარია ჭუჭყიანი ნასკების კონცენტრირებული სუნი.
ქარელამდე ჩვენი მეზობელი ქარელელი კაცი იყო, აქტიურად ჩაერთო ჩვენს საუბარში და ანეკდოტიც მოგვიყვა დათვზე. ქარელში კი ჩავიდა. ტამბურში მოსაწევად რომ გავედი ვიღაც ხაშურელებს რატომღაც სამხედრო ვეგონე.
ხაშურში მატარებელი ნახევარი საათი იდგა, ჩვენ ჩავედით ბაქანზე და ნეტარებით ვყლაპავდით ხაშურის სუფთა ჰაერს! უკან ამოსვლა კი ოსვენციმის გაზის კამერებში ასვლის ტოლფასი იყო...
წივწივამ მოახერხა და ტკბილად დაიძინა ჯერ კიდევ ხაშურამდე.
ბორჯომში ყველანი ტამბურში გავედით ჰაერით სასუნთქად.
ალექსს მოეჩვენა რომ თოვლიანი მანქანა დაინახა და დიდხანს ვეძებეთ ბორჯომსი მანქანა ან თოვლი. ბოლოს წავედით და დაძინება ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. მე ნახევარი საათი თუ მეზინა. მოგუდულობისგან გამეღვიძა. ჩემს უკან სამხედროები და ახალციხელი გოგო ისხდნენ. ერთერთი სამხედრო მთელი ღამე ამ გოგოს აბავდა, უკანასკნელ ხაშურულ ხიტებს ასმენინებდა, როგორიცაა ფელიჩიტა ქართული სიტყვებით.
პირველ მოსმენახე სიცილით მოვკვდით, მეორეზე გაგვეღიმა, მესამეზე დიდი სურვილი გამიჩნდა წამერთმია მობილური სამხედროსთვის.
როგორც იქნა, ძლივს, დილის 5 საათზე მატარებელი ახალციხეში ჩამოდგა და ჩვენ თავკუდმოგლეჯილები გავიქეცით ჟანგბადით სასუნთქად.
ახალციხის სადგურზე სომეხი ტაქსისტისგან გავიგეთ ასპინძის გასასვლელის გზა და წავედით. 300 მეტრში ტაქსისტი დაგვეწია და 30 ლარად შეგვთავაზა საროში აყვანა, რაზეც ალექსამ ცივად მიუგო, რომ ფეხით მივდივართ.
როგორც იქნა ქალაქიდან გავედით. გზას, მინანქრისფერ ლურჯ ცაზე ვერცხლისფერი მთვარე გვინათებდა. არჩილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, 4 კაციო ერთ ქალს როგორ ავყევითო და ამ სიშორეზე გამოვყევითო.
აღმოსავლეთისკენ ცა ვარდისფრდებოდა, წყვდიადს ნათელი ნელნელა ძლევდა, ხოლო ახალციხის თავზე ჯერ კიდევ ვარლსკვავებით მოჭედილი ცა იყო. რიჟრაჟზე ვიღაცის სახნავთან წასახემსებლად დავსხედით. უძილოები სიარულმა მალე მოგვქანცა. კარგად ვისაუზმეთ, დავისვენეთ, გზაზე უკვე მანქანებიც ამოძრავდა და პირველი სამეული - წივწივა, ანდრო და ალექსი გზაზე გავუშვით ბედის საცდელად. მალევე სატვირთო მანქანა გააჩერეს და ჩვენც დაგვიძახეს. ხუთივე ჩვენი ჩანთებით ავბარგდით საბარგულში და მოვთავსდით. წივწივამ თოკით დააბა უკანა ტენტი ჭერს, ასე რომ აივანივით გამოგვივიდა. გზა ალაგ ალაგ კარგია, ალაგ ალაგ კი კეთდება და საჯდომ კანტუზია კინაღამ მივიღეთ ისე გვახტუნ ავა.
სამცხეში, მტკვის ხეობას სხვადასხვა ტიპის პეიზაჟები სდევს. ახალციხის მიდამოები გაშლილია, სოფლებია გაშენებული მტკვრის პირას, სახნავებია. წინ კი სერი ჩანს. სერის გავლის შემდეგ ხეობა ვიწროვდება და ორივე მხარეს სალი კლდეები კრავს, რომლებზეც ნაირნაირი ბუჩქნარი იზრდება. მტკვარი მიიჩქარის დაბლობებისკენ, ამ ვიწრობში მტკვარს ურაველი უერთდება. შემდეგ ვიწრო ხეობა იშლება და ოქროს ასპინძა იწყება. მწირი მცენარეულობით დაფარული ციცაბო ოქროსფერი ფერდები, რომლის სერებიც თოვლითაა დაფარული. მკვრიდან სამხრეთით ერუშეთის მთიანეთია, ხოლო ჩრდილოეთით არ ვიცი. ახალციხისკენ კი 2 დათოვლილი ქედი ჩანდა.
ჩვენ ჩვენი ”აივნიდან” ვტკბებოდით სანახაობით და ვიბეჟავდით საჯდომებს
როგორც იქნა ასპინძაში ჩავედით და დავემშვიდობეთ მძღოლებს.
ასპინძას ჯერ ფეხით გავუყევით, შემდეგ კიდევ ერთმა ღვთისმიერმა მძღოლმა ჩაგვსვა საბარგულში და ნიჯგორში ჩაგვიყვანა.
ნიჯგორში გადასახვევთან ძველი კოშკია, რომელიც უმალვე დავლაშქრეთ. აქ არჩილს უნდოდა გადაეღო კარველები ნახტომში სურათი, მაგრამ ცხვირპირი კინაღამ აილეწა.







ავუყევით გრუნტის გზას ნიჯგორიდან და მალევე გზაგასაყართან მივედით. იქაურმა ფერმერმა გვითხრა რომ უარესი გზა უფრო მოკლეაო. ავყევით გზას და სასაფლაოსთან აღმოვჩნდით.





გაზარმაცებული მოგზაურები სასასვენებლად დავეყარენით.











ბოლოს გავნაგრძეთ გზა, მოკლეებზე აჭრებით. წინ ალექსა მირბოდა ისე, რომ დავეჭვდით პაპაისავით შპინატი ხომ არ ჰქონდა ნაჭამი. წივწივა შემდეგი მიდიოდა, ჩვენ სამნი კი უკან მივღოღავდით.








ბოლო ორი მონაკვეთი უკვე ცუდი საღოღი იყო და გზაზე დავეგდეთ დასასვენებლად, მხოლოდ ქსოვრელმა განაგრძო გზა საროსკენ.




ჩაგვეძინა...
წივწივამ ვერ მოითმინა და აღოღდა.
ჩვენ ძილი განვაგრძეთ... რამდენიმე მანქანამ ჩაგვიარა, გვიჩერებდნენ რამე ხომ არ გიჭირთო... არაო ვპასუხობდით. ბოლოს, ავდა ქვემოდან მომავალი სატვირთო მანქანა დავინახეთ. ავიხედეთ და საიდანღაც ზემოდან წივწივას შურით სავსე თვალები დავინახეთ. ქსოვრელი დიდი ხანია სერზე იდგა და გველოდებოდა. ამოვიდა მანქანა, საბარგულში ჩაგვსვეს და ამაყად შევედით საროში. საროს ავრასთან ობოლი ბავშვებივით იდგნენ ქსოვრელი და წივწივა და საწყლად გვიყურებდნენ ქვემოდან ზემოთ. ჩვენ კი ამაყად ჩავუქროლეთ და ზემოდან გადმოვხედეთ.
საროს ეკლესიასთან ვიპოვეთ ჩვენი საწყალი ბატები. მივიღეთ სასარგებლო რჩევები ადგილობრივებისგან და ეკლესიის წინ მყუდრო ნანგრევებში დავბანაკდით. ადგილებით იმდენად მოვიხიბლედ, რომ დასვენებაზე და ჭამაზე არც კი გვიფიქრია, მაშინვე გავიფანტეთ... თუმცა არა, ძილისგუდა წივწივამ დაიძინა.
ჩვენ კი ნანგრევებზე ფრთხილად დავაბიჯებდით, ოქროფერ ქვებს ნაზად ვეფერებოდით, სურათებს ვიღებდით... აღფრთოვანებისგან ენები წაგვერთვა.. ოქოს მიწაზე ოქროს ციკლოპური ლოდები საოცარი სანახაობა იყო...
ამინდი იცვლებოდა, ცაზე ღრუბლები იყრებოდა და ცოტა ხნით დაგვათოვა კიდეც. ესეც საოცრება იყო, ნაწილობრივ მოწმენდილი ციდან ასეთი ფანტელები გადმოცვენილი ჯერ არ მენახა. თბილი მიწა ფანტელებს წყლის წვეთებად აქცევდა და მაშინვე ისრუტავდა.
წავედით ჩანჩქერებისკენაც... საოცარი იყო, ოქროსფერ კლდეზე მოდიოდა მდორე ღელე და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ეშვებოდა ქვემოთ, უფსკრულში, სადაც კიდევ რამდენიმე ჩანჩქერს ჰქმნიდა.
მე არჩილი და ალექსი ამ საოცრებით ტკბობით ვერ ვძღებოდით, ყველა მხრიდან სურათებს ვიღებდით, დაბბერილმა სიომ კი ჩანჩქერის წვეთები ჩვენ მოგვასხა უხვად.
დამბრეც ფერდობებზე საკმაოდ ვიფოფხლიალეთ, რასაც არჩლი კინაღამ შეეწირა...
მატყუარაა კლდეები... უსაფრთხოების ილუზიას ქმნის, ისეთი თბილია, ისეთო ლამაზი, მაგრამ ვერაგი თუ ფეხი ერთხელ დაგიცდა სამუდამოდ ამ მიცის ნაწილად იქცევი... შესაძლოა ბევრი ადამიანის სული აქვს ამ კლდეებს შთანთქული და ამიტომაა ასეთი თბილი?
ბანაკში მშივრები დავბრუნდით. ქსოვრელმა ახლაც კულინარობას მიყო ხელი და მარხულებს ბარდით გაუმასპინძლდა.

როგორც მოგახსენეთ ასვლის და დაბანაკების შემდეგ წივწივამ ისევ დაიძინა ახლად გაშლილ კარავსი, ჩვენ კი არემარეს თვალიერება და ტკბობა დავიწყეთ. ისე კი ხუთეული ძალიან ტკბილად შევეწყეთ ერთმანეთს, მე კი ყველას კარგა ხანს ვიცნობდი, მაგრამ არჩილი ჩემთვის რაღაც მხრივ აღმოჩენა იყო. არჩილმა და წივწივამ კი პირველად ნახეს ერთმანეთი და ძველი მეგობრებივით იყვნენ.








საროს ოქროსფერი ლოდები

































ჩანჩქერისკენაც წავედით...
























დამშეული ხორცით და დაკმაყოფილებული გონებით ბანაკში დავბრუნდით ხორციელი საზრდოს მისაღებად. სუფრაც გაიშალა პარალონებზე.


ქსოვრელმა, როგორც იდეალურმა დიაკარვისამ ისევ დაიწყო მზარეულობა და მარხულ საზოგადოებას ბარდა აჭამა. მე და ანდრო კი ლორით და სხვა არასამარხო საკვებით დავკმაყოფილდით.
სადილისას აღმოვაჩინეთ რომ წივწივას ზურგჩანთაში არა მხოლოდ გაზი აღმოჩნდა...


ამაყად აღმართა წივწივამ ალამი ჩვენი ბანაკის თავზე!!!
მაგრამ ეს არ იკმარა. შემდეგი ნივთით დაამტკიცა, რომ მისი ჭეშმარიტი სახლი მთელი დედამიწაა! ამა სხვა ვინ წამოიღებს საშინაო ჩუსტებს ლაშქრობაში??
სადილის შემდეგ სულიერ კმაყოფილებას ხორციელიც რომ დაემატა უძლურად როგორც ვიყავით ისე გავიშხლართეთ და თვლემას მივეცით. არჩილი კი რაღაცას ამბობდა, სანამ საბოლოოდ შეგვიპყრო ღვთაება ჰიპნოზმა მღვიმეებში წავიდეთო, მაგრამ.... ჰიპნოზმა არჩილზეც იმარჯვა.

მოკლედ, სანამ ბიჭები დაცოცავდნენ მღვიმეებში მე სოფელში გავლა ვარჩიე.




ჩანჩქერი ქვემოთ ქვაბულს იკეთებდა, რომელიც გაყინული იყო და ამ მოოქროსფრო კლდეზე თეთრად გამოიყოფოდა. ტელეფონმა ეს მთლად გემრიელად ვერ აიღო




სოფლის შესასვლელს ასეთი უჩვეულო აბრა ამშვენებს


სერზე ჯვარიც არის აღმართული, რომელთანაც ქსოვრელი გველოდებოდა გზაზე მიძინებულთ.


ამ პეიზაჟებმა გადამრია.



მომხიბლა იმან რომ საროელები არ იყვნენ ბირჟაზე გამოფენილები. ვინც კი შემხვდა ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული. კი ამომხედავდნენ ეულად მოხეტიალე ტურისტს, მაგრამ ზედმეტი ყურადღებით არავის შევუწუხებივარ, შესაძლოა უკვე მთელმა სოფელმა იცოდა 5 მოგზაურის ჩამოსვლის ამბავი, ასეა თუ ისე მარტო მოხეტიალე გოგოს არავინ აწუხებდა.
ერთერთი სახლი.






ბანაკში დაბრუნებულს ბიჭებიც მღვიმეებიდან ამოსულები დამხვდნენ. არჩილს აწუხებდა რომ მისი ფოტოაპარატის ბატარეები ჯდებოდა და დატენვა უნდოდა. ანალოგიური გასაჭირი ჩემს ტელეფონსაც სჭირდა. ასეა თუ ისე ამჯერად ჩვენ ორნი წავედით სასეირნოთ სოფელში. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ბანაკთან საკმაოდ ახლოს ერთერთ ბოსტანში მომუშავე ქალი ვნახეთ და გამოველაპარაკეთ.
არჩილმა მოიკითხა მოსავლის ამბები, სოფლის სიახლეები, სტუმრიანობის ამბები და ბოლოს პირდაპირ მიმართა თხოვნით ელემენტები დამატენინეთო. ქალმა ძველებურ სახლში შეგვიპატიჟა და არცილმაც შეუერთა შტეფსელს დამტენი.
ნათელა დეიდა (ასე ერქვა ქალს) ელვის სისწაფით დაფაცურდა და ყავა მოგვიდუღა.
თურმე ნათელა დეიდა ბორჯომელია, ახალგაზრდობაში სპორტსმენი იყო და საქართველოს ნაკრებშიც იყო. შემდეგ კი გათხოვდა და საროში გადმოვიდა. მას 5 შვილი ყავს, უფროსი შარშან დაეღუპა, ორნი ჯარში არიან, ერთი თბილისში ცხოვრობს და მასთან მხოლოდ უმცროსი გოგოა, რომელსაც თვალი ნიჯგორისკენ და ასპინძისკენ გაურბის. ნათელას ქმარსაც არ უნდა საროში ცხოვრება, ნათელა დეიდას კი არსად წასვლა არ უნდა, მიუხედავად ყველა სირთულისა იგი აქაც ბედნიერია. რაღა დაგიმალოთ და ამ ქალის სიკეთემ და სიმშვიდემ მომხიბლა. მასთან კიდევ ნათესავი ცხოვრობს, ყრუმუნჯი, რომელიც აქტიურად ცდილობდა ჩვენთან ურთიერთობას თუმცა ჩვენ გვიჭირდა მისი გაგება.
ნათლასთან მეზობელიც მოვიდა პატარა ბავშვით. ვისაუბრეთ სოფლის პრობლემებზე... არაა სარწყავი წყალი, არც გზაა კარგი, გასართობიც არ გვაქვსო ჩიოდა სტუმარი და სახლებიც იაფიაო... უკანასკნელმა წინადადებამ ძალიან დამაინტერესა და ჩავეძიე ფასებსაც )
ნათელამ მიგვასწავლა კიდევ ერთი ეკლესიისკენ და ჩვენს გადავწყვიტეთ დიასახლისისთვის აღარ მოგვებეზრებინა თავი და წავედით ბაზილიკის სანახავად.
გზად საროელმა ჩასუქებულმა ფრინველებმა მიიქციეს ჩვენი ყურადღება









გაყინულ მიწაზე ენძელა...



ეკლესიიდან ჩამოსვლის შემდეგ მე და არჩილმა ისევ სოფლის ნანგრევებს შორის დავიწყეთ სეირნობა.
დანგრეული სახლის კერის წინ გლეხი ზვინს აკეთებდა. ჩვენც მივედით, კერრის სურათები გადავიღეთ და გლეხმა მაშინვე აგვიხსნა აქ როგორ აცხობდნენ პურს. უსახურავო ნანგრევებს გლებებო ხშირად საქონლის სადგომად იყენებენ.
ყველა შემხვედრი ენთუზიაზმით გვიხსნიდა სხვადასხვა შენობის თუ ნანგრევის დანიშნულებას და საქონლის მოვლის ნიუანსებს. ადგილობრივმა ვეტერინარმა ბატის კვერცხი გვანახა და მოგვიყვა ბოჩოლას ჭიებისგან როგორ მკურნალობს.


















საროს ეკლესია საღამოთი...
ბანაკისკენ დაბრუნებისას წყაროზე ბატებნი დავინახე. ამ დროს გოგო მოვიდა 2 ვედროთი წყლის ასავსებად. არჩილმა მასაც შესჩივლა უშეშობის ამბავი. გოგო მხოლოდ დაგვეთანხმა, რომ შეშა მართლაც ჭირს. შემდეგ კი ეკლესიის გაღება შეგვთავაზა, რაცეზ არჩილი მაშინვე დათანხმდა. ვაცალეთ გოგოს წყლის სახლში მიტანა. იგი სწორებ იმ ვეტერინარის შვილი იყო ბატის კვერცხი რომ გვაჩვენა. აიღო გასაღები და ეკლესია გაგვიღო.
სამწუხაროდ ეკლესიაში ფრესკები არაა შემორჩენილი.
არჩილმა სანთელი დაანთო და წამოვედით
ბანაკში დავბრუნდით, სადაც ჩვენი მეგობრები დაგვხვდნენ. მათ ისევ ეძინათ... გაკვირვებით შეგვხვდნენ, სადა ხართო, ჩვენც მოვუყევით რაც ვნახეთ და გავიგეთ სოფელში.
მზე აბასობაში დასავლეთისკენ მიიწეოდა და ერუშეთის მთიანეთისკენ იხრებოდა. ლამაზ მზის ჩასვლას ღრუბლებმა შეუშალა ხელი.. თუმცა რაღაც კი გამოვიდა...
დაისი...


სოფელში გასეირნების და ეკლესიის ნახვის შემდეგ დავბრუნდით ბანაკში, სადაც ჩვენი მეგობრები ნახევრად მძინარნი დაგვხვდნენ. ცოტა ხანში კი ისევ ნათელა დეიდასთან გავედით, რათა არჩილს თავისი ელემენტები აეღო მე კი ტელეფონის დატენვა მინდოდა.
როდესაც შევასრულეთ ის რისთვისაც მივედით, ნათელა დეიდამ შემოგვთავაზა მისი ცხოველების ნახვა.
ბოსელი, ბაგა თუ რა ჰქვია ცხოველების სათავსოს, სახლის უკანა ოთახში იყო. ცალცალკე ხით შემოსაზღვრულ სათავსოებში იყვნენ 2 ძროხა, ბოჩოლა, ცხვრები და თხები, ციკნებისთვის და კრავებისთვის ცალკე სათავსო იყო, შუაში კი ქანდარაზე ქათმები ისხდნენ. ბოსელში იდეალურთან ახლო სისფთავე იყო, სუნი თითქმის არ იგრძნობოდა.
ჩვენ ცხვრებთან და თხებთან შევედით. აღმოჩნდა რომ ერთერთმა ცხვარმა ეს ესაა იმშობიარა და ახალშობილი კრავიც ვნახეთ.. ძალიან შეუხედავი იყო..
შვენ პატარა ციკნებმა და კრავებმა მოგვხიბლეს. მე და არჩილს ხელში რომ გვიჭირასვს ტრუპისცალები, მათ კასანდრა და მადლენა ერქვათ.

უნახავმა რა ნახაო, ისე დავერიეთ მე და არჩილი პატარა ცხოველებს, ხან ფისოები ვუძახეთ, ხან ცუგები, ხან ბრჭყალები ვეძებეთ მათ თათებზე... ვესიყვარულეთ და ვეფერეთ ყველას. ამასობაში დედა ცხვარმა ახალშობილი კრავი გალოკა და აღმოჩნდა საკმაოდ სიმპატიური.
პატარების ძილის დროც მოვიდა, გარეკეს ცალკე სათავსოში და ჩვენც წამოვედით ბანაკში.
იყო ვახშამი კოცონთან, ნათელა დეიდას ნაჩუქარი შეშა, ნაკვერჩხლებზე შემწვარი კარტოფილი და ადუღებული ჩაი.
ნათელა დეიდას ყრუმუნჯი ნათესავი მოვიდა, რაღაცას გვეუბნებოდა მამაოზე და გვთავაზობდა მათთან გაგვეთენებინა ღამე. ეჭვი დამებადა რომ უხერხულად მიაჩნდათ ჩემი 4 კაცთან ერთ კარავში ძილი, მაგრამ არ შევიმჩნიეთ, მადლობა ვუთხარით და ვახშამი განვაგრძეთ.
ძალიან გრძელი დღე იყო, შთაბეჭდილებებით და სიახლეებით გადატვირთული, უძილობამაც თავისი ქნა და საკმაოდ ადრე შევძვერით კარავში, თბილად ჩავიცვით, ჩავიფუთნეთ საძილეებში, მე და არჩილმა ციტა ვიკამათეთ მისი იდაყვის ადგილმდებარეობაზე, ცოტაც ვიხუმრეთ და ტკბილად ჩაგვეძინა, თვალწინ კი საროს თვალწარმტაცი პეიზაჟები გვქონდა სდა სრული სიმშვიდის განცდა...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия