საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან -2

მანქანა 11 - მანილისფერი
გამოჩნდა ისევ 06 ჟიგული.. მალინისფერი, როგორც ჩვენი კარავი..
თვალები ჩავუჟუჟუნეთ.. ტელეპატურად ვაცნობეთ რომ მგზავრები ვართ, ასპინძისკენ მივდივართ და მათი მანქანის ფერი ძალიან მოგვწონს, რადგან ასეთი კარავი გვაქვს. არ ვიცი მძღოლი რას მივხვდა, მაგრამ გააჩერა და ნიჯგორამდე მიგვიყვანა. არ გვისაუბრია.
მანქანა 12 - სომხური
ვიფიქრეთ ღამე ურაველის ხეობაში გაგვეთენებინა და... უნდა მიგვეღწია იქამდე.
ნიჯგორში ხიზაბავრიდან ჩამოსული ვოლგა გავაჩერეთ, რომელშიც სომხურ მუსიკას ვისმენდით. ტოხამ აქო მუსიკა და ასპინძამდეც ჩავედით.

ასპინძა ისევ ფეხით გადავკვეთეთ. იმ სახლსაც ჩავუარეთ, სადაც გუშინდელი სამხედროები სამძიმარზე მივიდნენ. აქ მათი, სამხედრო პოლიციის, რომელიც ვარძიის გზაზე ვნახეთ, და სხვა მანქანებიც იდგნენ.
ისიც ვიფიქრეთ სამძიმარზე შევსულიყავით Smile
გზა განვაგრძეთ, ასპინძაში ლუდი ვიყიდეთ. იმდენ ყურადღებას ვიპყრობდით ორი მოგზაური, რომ შთაბეჭდილება დაგვრჩა, აქ ყველა გვიცნობს და ყველაფერი იციან ჩვენზე. ტაქსისტებმაც გაითვალისწინეს გუშინდელი გამოცდილება და ყურადღებას აღარ გვაქცევდნენ.
ასპინძას გავცდით და გზის პირას ნაძვნარში ლუდის დასალევად ჩამოვსხედით, თან ხეობის სილამაზით ვტკბებოდით.
ჩაგვიქროლეს სამხედრო პოლიციამაც, გუშინდელებმაც.. ჩვენ კი არ ვინძრეოდით.
ბოლოს, როცა ლუდითაც და პეიზაჟებითაც ტკბობა გვეყო, გავედით გზაზე და
მანქანა 13 - სამხედრო ექიმები
გავაჩერეთ შავი ჯიპი.. უკვე მანქანებით თვლა გვერეოდა. ყველა მანქანას სახელი შევარქვით და დრო და დრო ვიმეორებდით თანმიმდეწვრობას.
ჩვენი ახალი თანამგზავრები სამხედრო ექიმები იყვნენ, ერთი პოლკოვნიკი, მეორე მაიორი, არც კი გაგვკვირვებია, როდესაც აღმოჩნდა რომ ისინიც ასპინძიდან სწორედ იმ სამძიმარიდან მოდიოდნენ, სადაც სხვა სამხედროები იყვნენ.
საუბრის თემა კვლავ ომი. დაახლოვებით იგივე რაც წინა სამხედროებთან. შევეხეთ უკრაინის პოლიტიკასაც.. ტოხა და პოლკოვნიკი მსჯელობდნენ იუშჩენკო უარესია თუ სააკაშვილი.
ტოხამ ისევ მოყვა თავისი ბიოგრაფია.. მგონი მეათეჯერ.. პოლკოვნიკმა თქვა რომ დაძმობილებულები ვართ ქართველები და უკრაინელები.. უკრაინის არმიაზეც ვისაუბრეთ, პერევში რუსების მდგომარეობაზე. ექიმი ოპტიმისტურად იყო განწყობილი:
- მალე შიმშილით დაიხოცებიან
- უკვე დიდი ხანია მათხოვრობაზე გადავიდნენ.. - არ გავიზიარე ოპტიმიზმი მე - მარა როდის აქეთ აღელვებთ ეგ რუსებს?
- მოსახლეობა ისევ გავა და ვიღას ემათხოვრებიან?
ასე მივედით ურაველის შესართავთან და იქ დავემშვიდობეთ ექიმებს.
ურაველი
ბინდდებოდა. ჩვენ კვლავ მარტო დავრჩით გზაზე... უკან ასპინძაა, წინ ახალციხე, მარცხნივ ურაველი, მარჯვნივ ორფოლო.. ჩვენ ურაველი გზას ავუყევით. ვიწრო ხეობას მიუსაფარი კლდეები კრავდა, რომლებზეც აქა იქ ფოთლოვანი ხეები იზრდებოდა.. ბინდი ჩამოწვა.. მდინარის პირები თოვლით იყო დაფარული. რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგვიწია, სანამ საბანაკედ ვარგის ადგილს ვიპოვიდით. ბოლოს დაცარიელებული ფაცხები "ამაღლება დავინახეთ და დასაზვერად ჩავედით. ტოხამ მდინარეზე გადასასვლელი იპოვა და ჩვენც მეორე ნაპირზე ავღმოვჩნდით. ცოტა მანძილიც გავიარეთ, ხან თოვლში, ხან კი კლდეების ვიწყო ბილიკებზე და პატარა ველზე ავღმოვჩნდით. შეშა ბლომად იყო, ერთერთი ხის ქვეშ თოვლი არ იყო და აქ კარავი გავშალეთ, შეშა მოვაგროვეთ...
ყინავდა.. სიცივისგან თითები გვერთმეოდა... მაგრამ.. არ ვიცი რა მოხდა ჩემში.. თავი ინდიელის ქალი მეგონა.. ყინვა, ფეხების თითების მოყინვა არანაერ დისკომფორტს არ მიქმნიდა.. მშვიდად ვაგროვებდი შეშას, ვამტვრევდი ფიჩხს მოყინული ხელებით, თითქოს ეს ჩემთვის ნორმალური საქმიანობაა.
დრო და დრო ხან მე ხან ტოხა მოყინულ თითებს სულს ვუბერავდით და აქციურად ვიზელდით, რათა სისხლის მოძრაობა აღგვედგინა. ცეცხლი თოვლში ცუდად ინთებოდა და ნესტიანი შეშა მალე ქვრებოდა.
რაც კი არაყი გვქონდა დაილია და ნარჩენები ცეცხლის სულებს შევწირედ მსხვერპლად.
ნეტავ რამ გვაიძულა ჩვენ, ამ სიცივეში, ასე წამოვსულიყავით თავგადასავლების საძიებლად, თბილი ლოგინების ნაცვლად ცივ კარავში ძილი რატომ ვარჩიეთ? რა გვჭირს ნეტავ?
კითხვაზე პასუხი არცერთს არ გვქონია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივეს, არჩევანმის საშუალება რომ გვქონოდა, თბილ ოთახებს მდინარე ურაველის მოყინულ ნაპირს ვარჩევდით.
ჩაი ძლივს ავადუღეთ... დავლიეთ...
ეულ ნაპირზე, სადაც ყინვამ და წყვდიადმა დაისადგურეს, ჩამქვრალი კოცონის გვერდით, ორი გაყინული მგზავრი კარვის წინ ეწეოდა და ვარლსკვავებით მოჭედილ ცას უყურებდა. ჩვენი სიგარეტის ბოლი კოსმოსისკენ, იმ ვარლსკვავებისკენ ადიოდა, როგორც საიდუმლო გზავნილი, ჩვენი ოცნებებიც, ნატვრების და იდუმალი სურვილების შესახებ...
არა, ყინვა არ გვიშლიდა ხელს ბედნიერად გვეგრძნო თავი..
რა კარგია რომ აქ ვართ.
დილა ურაველის ხეობაში
მციოდა... ამ სიტყვით შემიძლია ავღწერიო ეს ღამე... დილით გავიგე ტოხა ამოძრავდა.. ელვის ხმა... მეც ავწიე თავი, ცხვირი საძილიდან გამოვყავი და დარწმუნებული ვარ საძილესა და მის გარეთ ტემპერატურის სხვაობა 30 გრადუსზე მეტი იყო.
თავი გამოვყავი და მომესმა ტოხა მაღალ ხმაზე კიოდა...
- შენგან კარგი სოპრანო დადგებოდა - ვუთხარი..
- აბა შენ ჩაიცვი შარვალი და ვნახოთ..
დასრულდა ჩვენი ვოკალური ნიჭის გამოვლინება, გაყინული შარვლის ჩაცმით და შევუდექით არანაკლებ გაყინული ბათინკების ჩაცმა.
კოცონთან ბრძოლა... არა.. ურაველის ხეობის ცეცხლის ღვთაებებს ჩვენ არ მოვწონვართ.
მე ისევ ინდიელი ქალის ფლეგმატიურობით.. მიუხედავად ოთხოვე კიდურის მოყინვისა აუღელვებლად ვაგროვებდი ფიჩხს და ველოდებოდი ტოხა როდის მოაგვარებდა ცეცხლის ღვთაებასთან ერთიერთობებს.
დაიდგა კანი წყლით... მოიხარშა სუპი ადგილობრივი მცენარეულობით და გაყინულერბს ცხელი სუპი ღმერთების ამბროზიად მოგვეჩვენა...
სუპს ბუტერბროდები, ჩაი და სნიკერსი დავაყოლეთ.
დადგა კარვის აკეცვის დრო. დავბერტყეთ ფენებს შორის დაგროვილი ყინული და ზედა ნაწილი იალქანივით გასაშრობად გავჭიმეთ ხეებზე.
შუა დღე ახლოვდებოდა, როდესაც ვიწყო ხეობაში მზემ შემოანათა და უმალვე დათბა.
- ეგებ ნავი გავაკეთოთ, კარვის ხედა ნაწილი იალქნად გამოვიყენოთ და ისე წავიდეთ თბილისში?
ტოხამ ვიწრო ურაველს სკეპტიკურად შეხედა, მე გავახსენე რომ სულ ოთხიოდენ კილომეტრში ურაველი მტკვარს უერთდება. მაშინ ტოხამ ზაჰესი გამახსენა, თუმცა იდეის ორიგინალურობა მოეწონა.. მალინისფერი იალქანიც ისე ლამაზად გამოიყურებოდა...
მზემ მალე გაალღვო და გააშრო კარავი. ბარგი ჩავალაგეთ და ჩვენი მეორე სახლიც მივატოვეთ.. კარგად გვიმასპინძლა ამ ველმა, თუმცა ცივად...
გავედით გზაზე და მტკვრისკენ დავიძარით. გზად ტოხა რაღაცას უსტვენდა, მე ვღიღინებდი... გზა ჩვენია, ჩვენ მივდივართ!
აქ კი უამრავი მანქანა დავინახეთ. თურმე ახალციხელები ნათლისღების დღესასწაულზე მდინარესი დანსაბანად ურაველის და მტკვრის შესართავს იყენებდნენ. გავცდით მორწმუნეთა კოლონას და დავიწყეთ ისევ მანქანების გაჩერება.
მანქანა 14 - თეთრი ტოიოტა ღია საბარგულით
როგორც იქნა გაგვიჩერა შედარებით ცარიელმა ჯიპმა ღია საბარგულით. ჩვენ საბარგულისკენ გავეშურეთ, ძალიან გვინდოდა მგზავრობა ღია საბარგულში, სახეების ქარისთვის შეშვერა... მაგრამ არაო... ჩანთები საბარგულში, ჩვენ სალონში.
საუბარი არ აეწყო. მხოლოდ ის გვკითხეს საით მივდიოდით და ახალციხხის შესასვლელში, ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე ჩამოგვსვეს. ჩვენ ცოტა გავიარეთ და უკვე ახალი მანქანის გაჩერება გვინდოდა, როდესაც ისევ მათ გაგვიჩერეს და წნისამდე გაყვანა შემოგვთავაზეს.
ჩვენც გავყევით. ათიოდენ წუთში წნისში დავრჩით მარტო გზაზე.
პეიზაჟები შეიცვალა, სამცხის ვიწყო კლდოვანი ხეობები ფართო ველებმა შეცვალა და ტყიანმა გორაკებმა... ვდგავართ, ვაჩერებთ მანქანებს.

მანქანა 15 - მალინისფერი ნისანი და ყოფილი პოლიციელი
ჰორიზონტზე ნივა დავინახეთ.
-ჯერ ნივით არ გვიმგზავრია, - ვუთხარი ტოხას.
-გამოსასწორებელია - დამეთანხმა ტოხა და აქტიურად დავიწყეთ ხელის ქნევა და ჰოლივუდური ღიმილების დემონსტრაცია. მაგრამ ამაოდ.
შემდეგ ისევ მალინისფერი ნისანი გამოჩნდა.
ამჯერად ჩვენ ვეცადეთ შთაგვეგონებინა მისი მძღოლისთვის რომ მანქანის ფერი ჩვენი კარვის ფერს ჰგავდა და ამიტომ ძალიან გვინდა ამ მანქანით ბორჯომში ჩასვლა. მძღოლი მიგვიხვდა და გაგვიჩერა.
როდესაც მანქანაში ჩავსხედით, გაირკვა რომ იგი თბილისსი მიდის, ოღონდ ნელნელა, გზაში საქმეები მაქვსო.
მძღოლი ახალციხელი, ყოფილი პოლიციელი იყო, პოლიციური ჩვევისამებრ ორივეს გამოგვკითხა ყველაფერი, ისიც იკითხა, მოსკოვის პროსპექტზე ერთ ოთახიანი ბინები რა ღირსო.
პოლიციელი უკვე პენსიაზე იყო და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, რის გამოც ხშირად უწევდა თბილისში მგზავრობა.
იგი გაგვიმასპინძლდა საკუთარი დამზადებული დამარილებული ხორცით, ლუდს კარგად უხდებაო.
ბორჯომში კი მთელი ყუთი ბორჯომი იყიდა და მე და ტოხას თითო თითო ბოთლი მოგვცა.
მზიანი სამცხე უკან დაგვჩა, ბორჯომის ხეობაში მოღრუბლული იყო და ღრუბლემი ტყიანი მთების თავებს ფარავდა... თეთრი ბურუსი ტყეების თავზე მიუსაფარი სულებივით დაფრინავდა... ჩვენ ვტკბებოდით ამ ხედებით, სანამ ხეობაც უკან არ დაგვჩა და ქართლის დაბლობზე გამოვედით...
ეჰ.. მშვიდობით სილამაზე...
ხაშურის გზაზე გაირკვა რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო, ამიტომ ხაშურში დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჩვენ მარტო გადავკვეთეთ ხაშურის ხმაურიანი ცენტრი. ცა მოღუჟული იყო.. ქუჩემი ატალახებული და მოყინული... სამცხის მშვენიერების შემდეგ ხაშურმა ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა..
ქალაქის გასასვლელში წავიხემსეთ... ძალიან უსიამოვნო და მტვრიან ადგილზე... მალევე გავედით ისევ გზაზე და მანქანების გაჩერება დავიწყეთ.
მანქანა 16 - გურული და ვოლვო
რაც უფრო დიდია მოძრაობა, მით ნაკლები ალბათობაა რომ გაგიჩეროს მანქანამ. ბევრი ვუღიმეთ მიმავალ მანქანებს, თვალებიც ვუპაჭუნეთ, ვცადეთ შთაგვეგონებინა რომ ჩვენ სწორედ ამ ლამაზი მანქანით გვინდა წასვლა, მაგრამ.. ბოლოს ვერცხლისფერმა ვოლვომ გააჩერა. მძღოლმა გვითხრა რომ თბილისში მიდის და ჩვენც ჩავუჯექით.
მძღოლი გურული აღმოჩნდა, ოზურგეთიდან.. ცოტა ვისაუბრეთ, ოზურგეთული ვაშლებითაც გაგვიმასპინძლდა.. მაგრამ გზის უდიდესი ნაწილი ჩუმად ვიყავით. გურული ვოლვოს მისი მხარისთვის დამახასიათებელი ცეცხლოვანი ტემპერამენტით მართავდა.. მე და ტოხა ჩავებღაუჭეთ სავარძლებს და ხშირად თვალებს ვხუჭავდით...
ქარელის რაიონისკენ მზე ისევ გამოვიდა..
გზატკეცილი.. ავტობანი..
მანქანა თბილისისკენ მიჰქროდა და ვშორდებოდით ულამაზეს სამცხეს... სევდა მიპყრობდა.. არ მინდოდა ამ მტვრიან ქალაქში დაბრუნება, მაგრამ ბედს ვერ გაექცევიო...
მალე მოგზაურობა დასრულდა.. დელისის მეტროსთან ვოლვოს, ჩემი და ტოხას გზები გაიყარა...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия