ნაწილი მეორე კათოლიკობა სამეგრელოში
<< ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე
ჩვენი მოლოდინის წინააღმდეგ დიდძალი საბუთები შევკრიბეთ სამეგრელოს
კათოლიკებისა. ეს საბუთები ერთ კაი მოზდილს წიგნს შეადგენს, ყველა რომ
გამოიცეს. რადგან აზრად გვაქვს კერძო წიგნი გამოვსცეთ ამ ქართველი
კათოლიკების შესახებ, ამიტომ ყველა ნაპოვნ საბუთებს არ მოვიყვანთ, არამედ
დავასახელებთ მათ, რაც უფრო შესანიშნავად მიგვაჩნია. ეგრეთვე, რაც შეიძლება,
ცოტას მოვიყვანთ ტექსტებს, რათა მეტად არ გავაგრძელოთ ჩვენი წერილი. ხოლო
წყაროებს კი ბლომად დავასახელებთ, რათა მკითხველმა ადვილად იპოვოს
დედანი, თუ კი მოისურვებს.
სანამ მისიონერების ღვაწლის გამოკვლევას შევუდგებოდეთ, მოვიყვანთ პაპის
წიგნს დადიანთან მოწერილს, რომელიც თეათინელებმა პირველშივე თან
წამოიღეს თეიმურაზის წერილთან ერთად, შეინახეს იგი ვიდრე 1633 წლამდე და
გარდასცეს დადიანს თავიანთი მოსვლისათანავე.
„პაპი ურბანო მერვე.
„ოდიშის ქართველ მთავარს.
„თქვენო კეთილშობილებავ. მშვიდობა და ღვთის მადლის ნათელი.
მღვდლებს, რომლებსაც ვგზავნით საქართველოში, იმედი აქვსთ ჰპოვონ კავკასიის
მთებზედ კარმელის მთის სიბრწყინვალე და რიონის ნაპირად იორდანის მდინარე,
უკეთუ თქვენმა კეთილშობილებამ მფარველობა გაუწია და ანუგეშა. ყველა
ნათესავთა სამშობლო რომაც, რომელსაც ძრიელნი მეფენი პატივს სცემენ და
თავიანთ სარწმუნოებრივ ვალს უხდიან, როგორც საქრისტიანოს დედა-ქალაქს,
გპირდება თავის მხრივაც ტიბრის პირად ვატიკანში პატივი სცეს თქვენ სახელს,
უკეთუ ამ სამსახურით ანუგეშეთ ეკკლესია. აწ აზიის მთავარს ვერც ევროპა სთხოვს
უკეთეს ნიშანს დიდსულოვნობისას, რომელიც უნდა გამოიჩინოს მღვდლების
მიმართ, რომელთაც დაივიწყეს ყველა სიამოვნება, უკუ აგდეს შიში ყოვლის
განსაცდელისა და არჩიეს თქვენი სამეფო თავიანთ საკუთარ სამშობლოსა. მანდ
იმიტომ კი არ მოდიან, ქონება და სიმდიდრე შეიძინონ, არა, ღვთის მადლით, მათ
ესეთი საცთურიანი გზა უარყვეს, რათა დაემორჩილონ ბრძანებას უფლისას.
მოდიან მარტო იმისთვის, რომ ხალხს სულიერი ხსნა მიანიჭონ. ამ სულთა
ცხონებაზეა დამყარებული რომის მღვდელმთავრის დიდებაც. არა თუ სარწმუნოება,
არამედ თვით კაცობრივი გრძნობაც არ ექმნება, ვინც სიყვარულით არ მიიღებს ამ
მღვდლებს, რომელნიც მოდიან ეგრეთ შორეულ სამთავროში, რათა თქვენის
ბედნიერებისათვას იშრომონ. ყველგან მიღებულია, რომ სიყვარულისა და
სარწმუნოების ნიშნად კაცმა უკუ აგდოს თავისი საკუთარი ინტერესები და იზრუნოს
მოყვასის სიკეთისათვის. იქიდგან შეგიძლიათ სცნოთ, თუ რა რიგ უყვარხართ
რომის ეკკლესიას, რომ მანდ ამ სიშორიდგან მოდიან და თქვენი
სახელგანთქმულობისაც არაფერი გაუგონიათ. ამათი მანდ მოსვლის მიზეზი
მხოლოდ ის, არის, რომ ქართველთა ერს და მთავრებს მოუპოვონ წყალობა
ღვთისა და შესძინონ საუკუნო სიმდიდრე. მგზავრობის სიძნელე, მტრების მახე,
ზღვის ღელვა, თქვენის ცხონებისათვის ყოველივე თავის სარჯელად მიიღეს.
ესრეთნი პირნი თხოულობენ თქვენი კეთილშობილებისაგან შემწეობას და
ქართველთა ერს დახმარებას. ამის, თხოვნა ვინებეთ თქვენგან ამ
მოციქულებრივის წერილით, რათა ჩვენი მღვდელთ-მთავრული სიყვარულის
ნიშნად დარჩეს თქვენთან. რა მაგათ პატივით მიიღებთ და მოუსმენთ სახიერებით,
მაშინვე თქვენი სახელი საქებურ შეიქმნების აქ, საცა მთელი ქვეყანა მოდის.
მასთანვე თქვენს მთავრობას გააბრწყინებს და გააბედნიერებს მოწყალე დმერთი,
რომელიც თქვენგან ასეთს საქმეს თხოულობს. თქვენთვის ამ მადლს ვსთხოვთ მას
და ვნატრობთ, სული წმიდის ნათელმა განანათლოს თქვენი კეთილშობილება,
რათა დაიმკვიდროთ ზეცას მის უდიდესი მეფობა, ვიდრე ამ ქვეყანაზედ გაქვსთ.
რომით. 4 ივლისისა 1626 წ. ჩვენი მღვდელთ-მთავრობის მესამე წელსა”.
ეს წიგნი რამდენსამე წელიწადს თან შეინახეს პატრებმა და დადიანს გადასცეს
მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიწყეს თავიანთი მისიონი სამეგრელოში.
როგორც წინა თავში მოვიხსენიეთ, სამეგრელოში თეათინელების მისიონის
დაფუძნებას მიზეზი გახდენ იქიდგანვე გამოგზავნილი ელჩები, რომლებსაც უნდა
მოელაპარაკნათ მარიამ დედოფლის დაქორწინებისათვის როსტომ ხანთან.
ელჩებს შორის მოსული იყო ეგრეთვე ნიკიფორე, ანუ ნიკოლოზ ერბახი, რომელმაც
ძლიერ ურჩია მისიონერებს სამეგრელოში წასვლა. წინდაწინვე დაარწმუნს, რომ
დადიანი კარგად მიგიღებსთ და მეც ჩემის მხრით დაგეხმარებით იმასთანო. ესრეთ
გამხნევებული ორი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი და იოსებ ჯუდიჩი, 23
ოქტემბერს 1633 წ., დაადგნენ სამეგრელოს გზას ელჩებთან ერთად, რომელთა
შორის იყო ხსენებული ნიკოლოზ და ეგრეთვე თბილელიც, როსტომის ელჩი
დადიანთან გაგზავნილი, რომელმაც გზაში პატრებს უზომო გულკეთილობა და
შემწეობა აღმოუჩინა, რადგან ქუთაისის გზები შეკრული იყო თეიმურაზისაგან,
ახალციხიდგან მოუარეს (ახალციხე იმ დროს სპარსელების ხელში იყო თურმე),
გადმოიარეს მთები და ჯერ მივიდენ გურიაში, სადაც დიდის პატივით მიიღო
მისიონერები გურიის მთავარმა მალაქია კათალიკოსმა (ძმა იყო მამია
გურიელისა). იმათ ყოველთვის სუფრაზე იწვევდა და თავის კერძიდგან წილს
უდებდა. თავისი ეპისკოპოსებითურთ დაესწრო მათ წირვას, რომელიც
გულმხურვალებით მოისმინა და ძრიელ აქო მათი წესი. აღარც კი უნდოდა მათი
გურიიდგან გაშვება, გარნა დადიანს მოერიდა. ოთხი დღის უკან წავიდენ
სამეგრელოსკენ და მივიდენ ილორში (Ilori) 19 ნოემბერს. იმ დროს იქ მისულიყო
დადიანი მრავლის მხლებლებით და ეპისკოპოსებით წმ. გიორგის დღეობაზე.
დადიანმა ვერ მიიღო ისინი, რადგან მეორე დდესვე უნდა წასულიყო იქიდგან.
გარნა რა შეიტყო მათი მოსვლა, თავისი კერძიდგან გაუგზავნა ვერცხლის
ჭურჭლებით საჭმელი და აცნობა, რომ წასულიყვნენ მერკულაში (Mergullas), რათა
იქ მიეღო. დღესასწაულის გათავებისას ნასადილევს დადიანი წავდა ყველა თავისი
მხლებლებითურთ, თან გაჰყვნენ მისიონერებიც ელჩებთან ერთად.
ვიდრე დადიანი იმათ ინახულებდა, ნიკიფორემ მოახსენა ყოველი მათი
გარემოება. სხვათა შორის უთხრა: „ეს ევროპელი მონაზონები მოსულან აქ მარტო
ხალხში ღვთის სიტყვის საქადაგებლად და სარწმუნოების გასავრცელებლად;
ყველანაირი სათნოებით შემკული არიან, იციან ხელოვნებაც, მეტადრე სულიერ
საგნებში დიდათ გაწვრთნილნი არიან და არც ფულს და არც სხვა რამ დიდებას
ეძებენო. სურსთ აქ, დაბინავდენ, რათა ერი გასწვრთნან და განასწავლონ კეთილ
ზნე-ჩვეულებასა და ღვთის სამსახურში. უეჭველად დიდს სიკეთეს მოუტანენ ერსა
და თვით მთავრისთვისაც მათი აქ ყოფნა მეტად სასიქადულო იქნება".
რა მივიდენ მერკულაში, ჯერ დადიანს მიართვეს შემდეგი საჩუქრები: ერთი
უბის საათი, ერთი ღვთის მშობლის ხატი ვერცხლით მოჭედილი, სამი სხვა და სხვა
დურბინდი, ერთი ბროლის კრიალოსანი და ერთი პატარა ყუთი დანა
მაკრატლებით. ესე ყოველვე დიდათ სასიამოვნოდ დაურჩა დადიანს. შემდგომ
ამისა წარდგნენ მის წინაშე და მოახსენეს ესრედ: „უდიდესო მეფევ, ჩვენ,
რომლებსაც თქვენს წინაშე გვხედავთ, გლახაკურის ტანისამოსით მოსილთ,
სიღარიბისაგან შეწუხებულთ მგზავრობისაგან დიდათ დაქანცულთ, ევროპელი
მონაზონები ვართ, იესო ქრისტეს სახარების მიმდევარნი. არა სხვის
ძალდატანებით, არც ჩვენის სურვილის წინააღმდეგ, არამედ ნებით დაგვიტოვებია
ქვეყნიური ამაოება. იტალიის შვენიერი ქალაქი, მთელ ქვეყანაზედ განთქმული
რომა არის ჩვენი ქვეყანა, საიდგანაც, ვითარცა საეკლესიო საყდრიდგან, რომის
მღვდელთ მთავარი მოციქულთა მთავრის პეტრეს მოსაყდრე და იესო ქრისტეს
მონაცვლე ამ ქვეყანაზედ, ყოველ ტომს უწესებს ქრისტიანებრივის სარწმუნოების
კანონსა. იგივე განაგებს მთელ ქვეყანაზედ მოფენილს ეკკლესიას და მასვე
ემორჩილებიან სარწმუნოებრივის ქვეშევრდომობით მეფენი და მთავარნი. იმან
აგვირჩია და წარმოგვგზავნა თქვენდა სამსახურად ჩვენ, მოციქულებრივი
მღვდლები. თქვენის დიდის სახელის და გულკეთილობის განთქმულობით
გათამამებულთა ჩვენის ნებით ვიტვირთეთ ზღვისა და ხმელეთის გაჭირვება.
სრულებით არ გვსურს შეძენა სიმდიდრისა, ოქრო-ვერცხლისა და ან სხვისა, რაც
კი შეიძლება მიანიჭოს კაცს აქაურის ქვეყნის სიუხვემ, ანუ მცხოვრებთა
გულკეთილობამ, რადგან ჩვენს ქვეყანაშივე დიდი ხანია უარ ვყავით ეს ყოველივე.
დიდსულოვანო მთავარო, ჩვენი ერთად ერთი მიზანია, თუ თქვენ და თუ თქვენს ერს
ვასწავლოთ კათოლიკე სარწმუნოების ჭეშმარიტება და მოვუპოვოთ საუკუნო
ბედნიერება”.
დადიანმა ძრიელ კარგად მიიღო იგინი და დაჰპირდა, რომ დიდის პატივით
შეინახავდა თავის სამთავროში და აღმოუჩენდა ყველა ნაირს შემწეობას. რადგან
იმ დროს ბერძნის მღვდლებიც იყვნენ იქ, ნიკიფორემ ურჩია, პაპის წერილი მერმე
გადაეცით მთავარსო. იმათაც ისე ჰქმნეს.
შემდგომ დედოფალსაც გაუგზავნეს საჩუქრად ერთი ვერცხლით შეჭედილი
ხატი, ქარვის კრიალოსანი და პატარა კოლოფი. დედოფალმა დიდის სიამოვნებით
მიიდო საჩუქრები და მიიწვია. დიდი პატივი სცა, ბევრი რამ გამოჰკითხა და მერე
ერთი ცამეტი წლის ვაჟი აჩუქა და ისე გამოისტუმრა. მეფეცა და დედოფალიც
თავიანთი სუფრიდგან უგზავნიდენ საჭმელს, რადგან დიდად მოხარული იყვნენ
მათი მოსვლისა.
ნაჩუქარი ყმაწვილი მისიონერებმა კარგად გაწვრთნეს სარწმუნოებაში.
მაგრამ, სამწუხაროდ, კოსტანტინეპოლიდგან მოვიდა მისი გამაჰმადიანებული ძმა,
მათ გამოართვა და თან წაიყვანა. დედოფალმა ანუგეშა პატრები და მესამე დღეს
მისცა სხვა უკეთესი ყმაწვილი, რომელიც კარგად გაწვრთნილი სარწმუნოებაში
შემდგომ კათოლიკედაც გარდაიცვალა.
დადიანმა იგინი დროებითად დააბინავა ერთს თავის პალატში, რომელიც იყო
კოზხეთის (Choz Cheti), ერთ მშვენიერ გორაზედ, რათა დაღალულობისაგან
შეესვენათ. ეგრეთვე მისცა მათ გასაკურნებლად თავისი სამი წლის ასული,
დამბლა-დაცემული, რომელიც მალე გამოაბრუნეს და გულმოდაგინედ უწამლეს.
მრთლადაც გაჰკურნებდენ, დედას რომ მალე არ წაეყვანა ბავში. დადიანმა
უბრძანა იმ ადგილის მცხოვრებთ, რათა რიგრიგათ ეზრუნათ პატრებისათვის და
მიეცათ მათთვის საჭმელი და ყოველივე, რაც კი დასჭირდებოდათ.
დღითი-დღე ემატებოდათ მეფისა და დედოფლის პატივი და სიყვარული
მისიონერებსა. დადიანი ხშირად იწვევდა მათ თავისთან და თან მიჰყავდა
სანადიროთაც, რათა შეექცია და გაერთო. ხშირადაც თავის სახლში აყენებდა. ამ
გარემოებისაგან ისარგებლეს, ამოარჩიეს კაი შემთხვევა და დადიანს გარდასცეს
პაპის წერილი. ამას ესე აგვიწერს ლამბერტი: „როდესაც ზუგდიდს მის პალატში
ვიდექით და იგიც ძრიელ შინაურად გვეპყრობოდა, მივართვით პაპის წერილი.
ძრიელ სასიამოვნოდ დაურჩა და დაგვპირდა, რომ იტალიაში კაცს გავგზავნი და
წიგნსაც გავატან, რათა პაპს ჩემი პატივი მივუძღვნაო”.
მისიონერები თუმცა კარგად იყვნენ დაბინავებული და არაფერი აკლდათ,
მაგრამ სამუდამო არც ეკკლესია ჰქონდათ და არც სახლი. თავიანთი სადგომის
გარეშემო შემოიარეს და ჰპოვეს ჭიპურიაში (Cippurias) ორი შვენიერი თლილი
ქვით ნაშენი ეკკლესია, ამათგან ერთი ცარიელი იყო, რადგან მისი გამგებელი
ეპისკოპოსი დადიანს თავის დისათვის სულიერ მოძღვრად გაეტანებინა
საქართველოში. ის ეკკლესია თავისთვის სთხოვეს დადიანს იმ მხრის მოურავის
(Governadore) პირით. დადიანი შეჰპირდა მიცემას. ერთ დღეს ცხენით მიდიოდა იმ
ეკკლესიის ახლოს და თან ახლდა ეპისკოპოსები, მათთან ნიკიფორეც; დადიანმა
ნიკიფორეს უთხრა: „კარგად იცოდე, რომ შენის ფრანგებისათვის ვიზრუნე და
მოვუპოვე ეკკლესიაც, რადგან გადავსწყვიტე, მივსცე მათ ეს ეკკლესია თავისი
ყმებით და მამულებით. ეს რა გაიგონა ალავერდელმა, თითქოს მთავარს ღმერთი
ეგმოს, აღაპყრნა თვალნი ზეცას, დაიწყო გულში ცემა და წამოიძახა, ღმერთო
შემიწყალე, ღმერთო შემიწყალე, ეს რა ამბავია, რა მესმის? ეს ეკკლესია გინდათ
მისცეთ ლათინებს? ნუ თუ ეგენი მწვალებლები და ჩვენის სარწმუნოების მტრები არ
არიან? მაგისთანებს განა ეკკლესია უნდა მისცეთ? მე მეგონა, რომ მათ
გასდევნიდით სამთავროდგან და ამის მაგივრად კი გინდათ ჩვენი მღვდლების
თანასწორ შერაცხოთ და ესრედ პატივი სცეთ?” ეს ალავერდელი, რომელმაც
შემდგომ კათოლიკობა მიიღო, თავისი მაღალი სწავლით, მჭერ-მეტყველებით და
წმიდა ცხოვრებით ძრიელ განთქმული იყო მთელს საქართველოში. ამიტომ მისმა
ამნაირმა სიტყვებმა დიდი ზედგავლენა იქონია დადიანზედ, რომელმაც იმ ხელად
აღარ მისცა პატებს ეკკლესია.
რავდენისამე დღის შემდგომ დადიანმა ჰსთხოვა პატრებს, რათა ეწამლათ
ერთის უპირველესი მთავრის ქალბატონისათვის. პატრებმა უთხრეს და მოახსენეს:
„რადგან ეგრედ ბოროტი ვყოფილვართ, როგორათაც დაგვსახა ალავერდელმა,
გვიბოძეთ ნება, თქვენს სამთავროს გავშორდეთო. დადიანმა უთხრა: თავის დღეში
არ ვიქ თქვენისთანა გულკეთილი კაცები გაშორდენ ჩემს სამთავროს; რათა
კარგად ჰსცნოთ, რომ ალავერდელის სიტყვები დიდად არაფრად მიმაჩნია, ახლავე
გაძლევთ ჭიპურიის ადგილს, მამულს და ყმებს, გარდა ეკლესიისა; მარტო იმიტომ,
რომ სამდვდელოება არ ავალაპარაკო; ხოლო გპირდებით, აგიშენოთ იქვე ახალი
სხვა ეკკლესიაო".
ოქტომბერში 1634 წ., ჩაიბარეს ჭიპურიის მამულები პატრებმა, მაგრამ
ეკკლესიაზედ კი მუდამ თვალი ეჭირათ და მარჯვე დროს ეძებდენ, რომ ხელახლა
გამოეთხოვნათ მთავრისაგან.
1635 წ. აპრილში, დადიანი თავისი ჯარით წავიდა იმერეთს საომრად. ერთ
დღეს ცხენზე გადავარდა და დასნეულდა. მაშინვე პატრი ლამბერტი მოაყვანინა
საწამლებლად და დაჰპირდა დიდ პატივსა და საჩუქრებს, თუ გაჰკურნებდა.
ეგრეთვე მისი მინისტრი პაატა წულუკიაც (Pata Zulochia)300 სკუდის ჩუქებას
დაპირდა, თუ თუ მეფეს გაჰკურნებდა. პატრმა უწამლა და რავდენისამე დღის
შემდგომ დადიანი განიკურნა. პაატამ მოინდომა თავისისა და მეფის პირობის
შესრულება, პატრი დაესაჩუქრებინა. ხოლო ლამბერტიმ უთხრა: თქვენი საუკეთესო
საჩუქარი ის იქმნება, რომ ჭიპურიას წმიდა გიორგის ეკკლესიას მოგვცემდეთო.
პაატამ მოახსენა მეფეს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა და მისცა მაშინვე
ეკკლესია, რავდენიმე ყმა და ეგრეთვე სხვა საჩუქრებიც. ამ ამბავს ლამბერტის
გარდა, მისი ამხანაგი იოსებ ჯუდიჩიც რომას ასე სწერს: „ამ დღეებში მთავართან
ვიყავი და თავისი პირით მითხრა: შენმა ამხანაგმა განმკურნა; თუ ამისთვის და თუ
სხვა მიზეზების გამო, ხსენებული მინისტრები ჩაგაბარებენ ეკკლესიის კლიტეებსა.
ახლა ის ეკკლესია გვაქვს, მოვაწყეთ და შიგ ვასრულებთ ყოველ ღვთის
მსახურებას რომის ტიბიკონისამებრ, თუმცა კი ბერძნებმა არაფერი დაზოგეს და
დიდად ეცადნენ, მთავარს ხელმეორედ წაერთმია ჩვენთვის ის ეკკლესია".
ეკკლესიის მიცემისათვის კოსტანტინეპოლის პატრიარქი ძრიელ გაურისხდა
დადიანს და სამეგრელო ერთიან უნდა შეეჩვენებინა თურმე. ხოლო დადიანმა
ყურადღება აღარავის მიაქცია.
რა დაბინავდენ მისიონერები ასე შვენიერ და მზა მამულში, შეუდგნენ
მეგრულის შესწავლას და მალეც შეისწვლეს. მაშინვე დაიწყეს ქადაგება და ხალხის
მოვლა, რაოდნათაც კი შეეძლოთ. უნდა ვსთქვათ, რომ განუსაზდვრელი და
გამოუთქმელია ყოველი ის სიკეთე, რაც ამათ მიაგეს ქართველთა ერს მეტადრე
სამეგრელოში. რადგან ქრისტეს ბრძანებისამებრ, მათ დასდვეს სული თვისი
მოყვასისათვის; ყველაფერი თავს იდეს, თვით სიკვდილსაც არ მოერიდენ, რათა
შესწეოდენ როგორმე თავიანთ შორეულ და უცნობ ძმებს, რომლებიც სხვა და სხვა
უბედურებაში ჩაფლულნი იყვნენ. ამიტომ საქართველომ არასოდეს უნდა
დაივიწყოს მათი სიკეთე და მუდამ ლოცვა-კურთხევით უნდა მოიხსენიოს მათი
სახელი.
სამეგრელოში სამი დიდი სენი იყო მოდებული, რაიცა მთელს ერს სულიერად
და ხორციელად ღუპავდა. ეს სამი სენი შემდეგი იყო: 1, ნათლიდების წესის
ნაკლულევანება; 2, ყმების გაყიდვა მაჰმადიანებზედ; 3, ბავშვების ცოცხლად
დამარხვა. ეს რომ ჩვენ სხვა მწერლების ნაწერებში ამოგვეკითხა, სრულებით არ
დავიჯერებდით, არამედ ზღაპრად და ცილის წამებად ჩავსთვლიდით, რადგან
ესრეთი ბარბაროსული ჩვეულება თვით უკანასკნელ ნადირ ხალხშიაც ძრიელ
იშვიათია. ხოლო სამეგრელოო კი ამნაირი ერის კატეგორიას არ ეკუთნოდა,
ვინაიდგან იქ ძველი დროიდგანვე ქრისტეს სარწმუნოებასთან ერთად შეტანილი
იყო განათლება და ყოველი უმთავრესი კაცობრივი პატიოსნება და გრძნობა.
ხოლო ეს სისაძაგლე რა ამოვიკითხეთ და თვით ნაწერი კი ეკუთვნოდა იმნაირ
კაცებს, რომლებიც განწირული იყვნენ ამ ერისათვის, რომლებიც ამ ერის ავსა და
კარგს თვალით ხედავდენ და ხელით ეხებოდენ და რომლებიც ყველა თავიანთ
გაგონილს, ნანახს, ნათქვამს და ნაქმნარს დღითი-დღე სწერდენ ევროპაში და
ყველა საშუალებას ხმარობდენ ამ უბედურების მოსასპობლად, არავითარი საბუთი
გვაქვს, არ დაუჯეროთ და ჭორად ჩამოვართვათ ნათქვამი. ამის გამო იძულებული
ვხდებით, ესეთი მოთხრობა მივიღოთ ნამდვილ ისტორიულ ფაქტად. ხოლო ამასაც
დავსძენთ, რომ ეს ბარბაროსული მოქდება არ უნდა ყოფილიყო საზოგადო და არც
დიდხანს უნდა გაეტანა, არამედ რომელსამე დროებითს და უბედურს გარემოებას
უნდა მიეწეროს. არც იმას დავფარავთ, რომ ამ სამარცხვინო მოვლენაში,
ბატონყმობასაც თავისი ნაწილადევი ზედ გავლენა ჰქონდა.
ბავშების ცოცხლად დამარხვას, სხვათა შორის, მოგვითხრობს პატრი
ლამბერტი თავის „Colchide sacra"-ში და უჩვენებს ორ შემთხვევას ასეთის
ულმობელობისას. ერთი იყო სიღარიბე, რადგან ვისაც რჩენის საშუალება არა
ჰქონდა, თავის ქორფა ბავშს მოუნათლავს თვითვე ცოცხალს ბაღშივე მარხავდაო.
მაგალითად ასახელებს თავის ახლო მეზობელსა, რომელსაც სამი თავისი ბავში
ერთი მეორის შემდგომ ცოცხალი დაემარხა; მეორე გარემოება ეს ყოფილა:
როდესაც ცოლი ფეხმძიმე დაქვრივებული ბავშის დაბადებამდე გათხოვდებოდა და
მეორე ქმრისს, სახლში მოილოგინებდა, იმ ბავშს მამინაცვალი თავის შვილად არ
სცნობდა, ამიტომ, თავიდგან მოსაშორებლად, მოუნათლავს ცოცხალს მარხავდენ
თავიანთ ეზოშივე. ეს ამბავი შეეტყოთ მისიონერებს ერთი თავიანთი
მოსამსახურისაგან, რომლის ახლად დასახლებული მეთევზე ძმა ასე მოქცეულიყო.
ეგრეთვე ერთ წერილში, რომელსაც არც თარიღი აქვს და არც დამწერის
სახელი უჩანს, მაგრამ ვფიქრობთ უნდა იყოს პატრი იოსებ ჯუდიჩისა, საქმე ასეა
მოთხრობილი: „თუ ბავში დაიბადა მახინჯი, მიწაში მარხვენ და ისე ბოლოს უღებენ;
ამავე ნაირად ექცევიან იმ ბავშებს, რომლებიც დაიბადებიან ორშაბათ დღეს,
რადგან იმ დღეს დაბადებულს ბავშს ოჯახის დამარღვეველად რაცხვენ; არც მესამე
ქალიშვილს აცოცხლებენ. თუ დედა ახალგაზდა არის, პირველ შვილს მაშინვე
ჰკვლენ, რადგან არ უნდათ თავი შეიწუხონ ასე ადრე ბავშების აღზრდით. ამავე
ნაირად ექცევიან ზოგიერთ ბავშებსაც, როცა დარწმუნებულნი არიან, რომ მათ
შემდეგში იმათი ბატონი ტყვედ დაჰყიდის".
რა სცნეს მისიონერებმა ესრეთი საზიზღარი ჩვეულება, მაშინვე მიმართეს
მეფეს, რათა აეკრძალა ესა და დამნაშავე მძიმედ დაესაჯა. ხოლო დადიანმა
უთხრა, რომ მარტო აკრძალვით საქმეს არ ეშველებარაო, რადგან იტყვიან ბავში
კვდარი დაიბადაო და ესრედ ყველა თავს გაიმართლებსო. ამ შემთხვევაში რა ვერ
გაიმარჯვეს მისიონერებმა, თვითვე შეუდგნენ ამ დიდის სენისათვის როგორმე
წამალი დაედოთ. აქეთ-იქით მეთვალყურენი დააყენეს, რათა მათთვის
ეცნობებინათ, როცა ბავშები დაიბადებოდენ, იქნება, როგორმე სიკვდილისაგან
გადაერჩინათ. ეგრევე, საცა კი შემთხვევა მიეცემოდათ, ხალხს დაუწყეს ლაპარაკი,
რჩევა და მათ გულში სიბრალულის აღძვრა. მშობლებსაც დაჰპირდენ შემწეობას
და მასთანვე ძიძის შოვნასაც, თუ თვითონ არ ინდომებდენ თავიანთი შვილების
აღზრდას. ამ საშუალებით ასე თუ ისე გავლენა იქონიეს მშობლებზედ; ზოგი ბავშის
მონათვლა მოასწრეს და ბევრიც სიკვდილს გადაარჩინეს. თუმცა კი ეს უწყალო
ჩვეულება პირველში ერთიანად ვერ მოსპეს, მაგრამ კარგად შეასუსტეს და ესრედ
უმანკო მსხვერპლების რიცხვიც შესანიშნავად შეამცირეს. არა სცხრე-ბოდენ და
მუდამ ებრძოდენ ამ სენს, რომ ერთიანად აღმოეფხვრათ.
მეორე დიდი უბედურება, საქართველოს გამაოხრებელი დიდი წყლული იყო
ყმების და ბავშების გაყიდვა ურწმუნოებზე. ეს სენი ხომ ერთიან მთელს
საქართველოში იყო გავრცელებული; მაგრამ სამეგრელოში უფრო მძვინვარებდა,
რადგან იქ ზღვა ძრიელ ხელს უწყობდა ამ უსინიდისო ვაჭრობას. პატრი იოსებ
ჯუდიჩი თავის სამეგრელოს აღწერაში, რომელიც გაგზავნა რომას 20 სექტემბერს
1640 წ., ამ თვიდგან იწყებს თავის აღწერას და ესრედ ეუბნება: „ამ თვეში მიდიან
სამეგრელოდგან კოსტანტინეპოლში თათრების გემები, დატვირთული იმ ქვეყნის
საქონლით და განსაკუთრებით ურიცხვი ქრისტიანი ყმაწვილებით, რომლებიც
თათარს (სულთანს) მიჰყიდეს მეგრელებმა და ქართველებმა და რომლებსაც ჩვენ
მწარედ მივსტირით... ღმერთმა უწყის, თუ რავდენ გზის წავედით, გავამხნევეთ ის
ყმაწვილები, რათა არც შიშისა და არც რამე დაპირების გამო არ დაეტოვებინათ
ქრისტეს სარწმუნოება, რომელშიაც შობილ იყვნენ".
მთავრები და ბატონები ამით არა მარტო ისაკუთრებდენ თავიანთი ყმების
ქონებას, არამედ მათი სიკვდილ-სიცოცხლის უფლებასაც ჩემულობდენ.
უწყალობით განძვინებულნი და სიხარბით დაბრმავებულნი არ ზოგავდენ არც
ბავშებს, არც დედაკაცებს და არც თვით მამაკაცებს, ოღონდ მათთვის რაიმე ბრალი
დაედოთ; შეუბრალებლად და დაუზოგავად ჰყიდდენ ურწმუნოებზე და ამნაირად
მამულს, ნათესაობას, თავისუფლებას და თვით სარწმუნოებასაც სამუდამოდ
სწირავდენ. ერთი სიტყვით, ყმებს, როგორც პირუტყვებს, ისე ეპყრობოდენ. ეს
უღმერთოები მარტო ერის კაცების გაყიდვას არ სჯერდებოდენ, არამედ თავიანთ
უწმიდურს ხელს თვით იესო ქრისტეს მსახურებსაც ახებდენ, თვით მღვდლებსაც კი
ჰყიდდენ!!! ასეთის საზარელის მოქმედების ერთს საოცარს და ყურით მოუსმენელ
მაგალითს მოგვითხრობს თვალით მხილველი ლამბერტი თავის „სამეგრელოს
აღწერაში”, ესრედ: „ოდიშის ერთს უმთავრესს თავადს ჭილაძეს (Cilazze) ათი, თუ
თორმეტი კაცი დასჭირდა, რათა მით გადაეხადა ფასი ზოგიერთი საქონლის, ანუ
ნივთისა, რომლის ყიდვაც უნდოდა. ეს რა გაიგეს მისმა ყმებმა აქეთ-იქეთ გაქცევით
თავს უშველეს და დაიმალნენ, ხოლო ჭილაძემ მათ ხელში გასატარებლად ეს
ხერხი იხმარა: გამოაცხადა, ამა და ამ დღესასწაულში ერთს ჩემს ეკკლესიაში
დიდის დიდებით წირვას შევასრულებინებ მღვდლებს და ვინც კი დაესწრება
კარგად დავასაჩუქრებ და შვენიერ სადილსაც გაუმართავო. ამ ცრუ დაპირებამ
შეაცდინა და დანიშნულ დღეს მოვიდა თორმეტი მღვდელი და შეუსრულეს
დიდებით წირვა, რომელსაც დიდის სასოებით დაესწრო ჭილაძე. წირვის შემდგომ
ნაცვლად დასაჩუქრებისა და სადილის მირთმევინა, ბატონმა ჭილაძემ მაშინვე
ეკკლესიის კარები დააკეტვინა, მღვდლებისათვის ბორკილები შეაყრევინა,
მათთვის წვერები დააპარსვინა და თორმეტივე მისცა თათრებსა, რომლებისგანაც
მიეღო ათასი სკუდისაზე მეტი საქონელი!”.ამნაირ უღმრთოებას მარტო თავადები
და ბატონები კი არ ჩადიოდენ, არამედ თვით საეკკლესიო პირებიც ასე
მოქმედებდენ, რადგან ყველა ეპისკოპოსს ბლომად ჰყავდა თავისი საკუთარი
ყმები. ამნაირ სასირცხო მაგალითს იგივე ლამბერტი მოგვითხრობს, ხოლო აქ
მოყვანა მისი ჩვენ გვეძნელება.
ესრეთი უღმრთოება უფრო საზარელი ხდება მაშინ, როდესაც მას ადგილი
აქვს ახლო ნათესავთა შორის. საუბედუროდ, არა ერთხელ მომხდარა, ნათესავს
ნათესავი გაეყიდოს, მამას შვილი, შვილს მშობლები. ასეთ საზიზღარ შემთხვევას
მოგვითხრობს იგივე ლამბერტი. 1633 წ. ქართლში შემოსულ სპარსეთის ჯარში
ერთ აზნაურს სპარსელის ცხენი მოსწონებია, ფული არა ჰქონია და ფასად თავისი
დედა მიუცია სპარსელის მაჰმადიანისათვის და გამოურთმევია ცხენი!!!
ამისთანა სატირელ მდგომარეობაში იყო ქართველთა ერი, რომელსაც არც
ბატონი და არც ნათესავი ინდობდა. სწორედ ამ დროს მოვიდენ ის მისიონერები. ეს
პატრები, მოყვასის სიყვარულით გამსჭვალულნი, მხნედ და თავგამოდებით
წინააღუდგნენ ასეთ ბარბაროსობას; დაურიდებლად აყვედრეს დიდს და პატარას
ესეთი უწყალობა. რა სცნეს, ასეთი უჯერო მოქმედების ერთი უმთავრესი მიზეზი იყო
ერის უმეცრება საღვთო საგნებში და თავისის მსგავსის დაუფასებლობა, დაუწყეს
წვრთნა და ქადაგება ერსა: „ღმერთმა კაცი გააჩინა თავისუფალი, მისი ნების
წინაადმდეგ როგორ ჰბედავთ მის ტყვედ გაყიდვას? დასაწყისშივე ქვეყანა ბუნების
წესით რომ იმართებოდა, ყველანი თანასწორნი იყვნენ და არავის ემართლებოდა
თავისი მსგავსი დაეჩაგრა. აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა და სხვა მამათავრების
დროს, რომელთაც მარტო ბუნებითი რჯული ჰქონდათ, ყველა თავასუფლად
სცხოვრებდა, თავის ადგილებში ყველა თავისუფლად აძოვებდა ცხვარს, არავინ
ეხებოდა სხვის სიცოცხლეს; ესეთი მტარვალური საქმე არავის ჩაუდენია. მოსეს
რჯულის დროს არც ურიებს უქმნიათ თქვენისთანა ველურობა. ასეთი საქმე
ღვთისგან მკაცრად აკრძალული იყო, ყველა წყნარად სცხოვრებდა თავის ვენახში.
რადგან აქაბმა თავის ქვეშევრდომს ნაბოტს ძალით წაართვა ვენახი და მას მოუსპო
ცხოვრება, ღმერთი ისე განურისხდა, რომ სამეფო ერთიან ჩამოართვა. თქვენ,
მეფენო და მთავარნო, ეს ღვთის რისხვა თქვენც მოგელისთ, მაგრამ იცოდეთ
კარგათ, თქვენზედ უფრო ფიცხელი იქნება ეს რისხვა, რადგან ჰყიდით
ურწმუნოებზედ იმას, რომელიც იესო ქრისტემ დაიხსნა თავისი სისხლით და მათ
მიერ სარწმუნოების დატოვების მიზეზი ხდებით. როგორ გადურჩებით მის სასჯელს,
რომ მისი სისხლით გამოსყიდულ ეგოდენ სულთ ჰყიდით? ამ ჯვარცმამ, რომელსაც
ხედავთ, დაიხსნა ეგენი ეშმაკის ტყვეობისაგან და ყველას მოუპოვა თავისუფლება.
ამიტომ მასვე ჰნებავს, მისი მფარველობის ქვეშ თვითეულმა ისარგებლოს ამ
თავისუფლებისაგან. რა გგონიათ, ეკკლესია ვნების დღეებში, რად აღებს
საპყრობილეს და ათავისუფლებს დატყვევებულთა? იმად, რომ გიჩვენოსთ, რათა,
რა კი მის მორწმუნებს ებოძათ თავისუფლება, აღარავინ გაჰყიდოს იგინი
ურწმუნოებზედ. ამას ეკლესია თქვენ გიშლისთ, იესო ქრისტეს სჯული თქვენ
გიკრძალავსთ, ყველა წმიდა მამანი და კრებანი თქვენ წინააღმდეგ ღაღადებენ,
ყველა თქვენ ვალდებულ გყოფსთ, რომ არა მარტო უნდა აღმოფხვრათ თქვენს
სამთავროში ეს ბარბაროსული ჩვეულება, არამედ კვალად ეცადოთ და დაიხსნათ
ეგოდენი თქვენ მიერ თათრებზედ გაყიდული ქრისტიანები" და ამის მსგავს სხვას
კიდე ბევრს ეუბნებოდენ. ყოველთვის, ყველგან და ყველას ამას ჩასძახოდენ.
როდესაც მთავრები ავადმყოფობის დროს პატრებს იბარებდენ საწამლებლად,
პატრები მათ არ ზოგავდენ, აყვედრიდენ, უჩვენებდენ, რომ სნეულებას ღმერთი
მოუვლინებდა ყმების გაყიდვის გამო. იმათი ქადაგება არ დარჩა ხმად
მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მალე სანატრელი ნაყოფი მოუტანა ერს. დადიანს
ისე ჩააგონეს, რომ მალე ბრძანება გამოსცა და ყველას აუკრძალა ყმების გაყიდვა
თათრებზედ. ამ ამბავს 1640 წ. რომას სიხარულით სწერს პატრი იოსებ ჯუდიჩი
თავის სამეგრელოს აღწერაში: „დიდი პატივის ნიშანია ჩვენთვის (რადგან ჩვენ
უზომოდ გვანუგეშა) მეფის მერ ჩვენდა სასიკეთოდ გამოცემა ბრძანებისა,
რომელშიაც ამბობს, ამას ამას იქით თათრებს ტყვედ აღარავან უნდა მიჰყიდოს
თავიანთი ქვეშევრდომებიო".
როგორც დადიანზედ, ისე სხვა თავადებზედაც დიდი გავლენა იქონია
მისიონერების ქადაგებამ. ისინიც დაფიქრდენ და თავიანთი უსამართლობა და
ყმების გაყიდვა მოიშალეს. მისიონერები დიდის სიხარულით ჰსწერენ რომას ამ
ქადაგების ნაყოფისთვის. სხვათაშორის იგივე პატრი იოსებ ერთ თავის სხვა
წერილში ესე აგვიწერს გარემოებას: „ჩვენმა ქადაგებამ ნაყოფი გამოიღო ბევრ
დიდ თავად-აზნაურთა სახლებში, რადგან ვინც არა ჰყიდდა ყმებს, უფრო
გამტკიცდა და გადასწყვიტა, არაოდეს გაჰყიდოს, რაგინდ ბევრი ფული
დასჭირდესთ; ხოლო ვინც ბევრს ჰყიდდა, ზოგმა სულ დასთმო ზოგმაც ცოტა,
ზოგმაც დააპირა გაყიდვისათვის თავი დაენებებინა. ასეთი პირების რიცხვში
ღირსია დავასახელოთ ამ პროვინციის ზოგიერთი შესანიშნავი მთავართაგანი,
რომლებიც ჩვენი დიდი კეთილისმყოფელები არიან, მაგალითად როსტომ ჩხოტუა
(Rostuon Scotua), რომლის დედას შირიმი სჭირდა და ბევრგზის გავკურნეთ; სქირია
მიქეია (Scheria Micheia) ავის სენით შვიდი წლის ავადმყოფი, რომელიც ქინაქინით
გავკურნეთ ოცდა ათ დღეში; მისი ძმა კაკა (Caca), რომელიც გავკურნეთ სხვა და
სხვა სნეულებისაგან. ამან არა მარტო გადასწყვიტა, აღარ გაჰყიდოს თავისი ყმები,
არამედ აღსარებაც სთქვას და შეინანოს, რომ აქამდე ყმებს ჰყიდდა; ქორთუაძე
(Cortuaze), ნათესავი მიცვალებული დედოფლისა, რომელიც ბევრ გზის ავად იყო,
ისე რომ მისი მორჩენის იმედი აღარავისა ჰქონდა და ჩვენგან განიკურნა. უწინ
ჩვეულებად ჰქონდა მრავალი ყმაწვილების გაყიდვა, წრეულს კი ეცადა დაეხსნა
ზოგიერთი გაყიდულები თავის ცოდვების მისატევებლად. ჩვენი ცხოვრება ძლიერ
შეუყვარდა".
ადვილად მისახვედრია, მისიონერების ასეთი კაცთმოყვარეობითი მოქმედება
რაოდნად სასიხარულო უნდა ყოფილიყო იმ საბრალო, უმწეო და დაჩაგრულის
ერისათვის, რომელიც ხდებოდა მსხვერპლად ამ დიდი უსამართლობისა. ეს ამბავი
მალე ყველგან მოეფინა და ყველანი აღავსო ნუგეშით და სიხარულით. ერმა
დაუწყო მათ ლოცვა-კურთხევა, იმ ზომამდე, რომ მათ ღვთის კაცები უწოდეს
(Goruntis cocci, ღორონთის კოჩი). ეგრეთვე მათი სახლი შეიქმნა თავის სახსნელი
და თავ შესაფარი. ამ გარემოებას ხსენებულ წერილში იგივე პატრი იოსებ მოკლედ
ასე აგვიწერს: „ჩვენი ქადაგება წინააღმდეგ ამ უსამართლობისა ეგრედ კარგად
მიღებული შეიქმნა მთელს სამეგრელოში, რომ წრეულ ერთი შემთხვევაც არ
ყოფილა თათართან ყმაწვილების გაგზავნისა, ჩვენი სახლი შეიქმნა თავშესაფარი
გამოქცეული ყმაწვილებისათვის, რომლებიც გამოგვიგზავნეს თვით მათმა
მშობლებმა, იგინი დაგვეცვა ჩვენის მფარველობით, რაკი იციან, თუ რაოდენი
პატივისცემა გვაქვს მეფისა და სხვა აქაურ მთავრების წინაშე. ამიტომ იძულებული
ვართ ყველანი მივიღოთ, დავიცვათ და რავდენსამე დღეს ვასვათ-ვაჭამოთ".
თავიანთი ქადაგებით მისიონერებმა თითქმის მთლად შეაყენეს ყმაწვილების
თათრებზედ გაყიდვა, თუმცა კი ზოგიერთი არ იშლიდა გაყიდვას, მაგრამ არა
თათრებზედ, არამედ ქრინტიანებზედ და სომხებზედ ჰყიდდენ.
დადიანისა და მისიონერების მოწმობით, ყმების გაყიდვა ძველი დროიდგანვე
ჩვეულებად ყოფილა. ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დიდად გასაკიცხი ჩვეულება
არ უნდა ყოფილიყო საქართველოში უწინარეს მეთექვსმეტე საუკუნისა, რადგან
ევროპის ძველი მწერალი არც ერთი იხსენიებს ამ გარემოებას. ეს ერის
შემმუსვრელი სენი მაშინ გავრცელდა, როდესაც ოსმალებმა თავიანთი წყეული
ფეხი შემოდგეს საქართველოში, თუმცა სპარსეთში ჰგზავნიდენ გაყიდულ ყმებს,
მაგრამ იმდენს არა, რაოდენიც ოსმალეთში მიჰყავდათ. საბრალო ტყვეთა რიცხვი
ყოველ წლივ ოთხი ათასზედ მეტი იყო, რომელიც მთელს საქართველოდგან
გაჰყავდათ. ხოლო მისიონერები, ეგრეთვე მგზავრებიც მოწმობენ, რომ მარტო
სამეგრელოდგან ყოველ წლივ ორი ათასზედ მეტი სული გაჰყავდათო. ეგოდენი
ქრისტიანები გარდა იმისა, რომ მამულს აკლდებოდენ, სარწმუნოებასაც ერთიანად
ჰკარგავდენ. ამ სამწუხარო მოვლენის მოწმე ლამბერტი თავის „სამეგრელოს
აღწერაში: ასე მოგვითხრობს: „რაის გამო დიდად სამწუხარო სანახავია, რომ
ასობით ქრისტიანი ყმაწვილები ქრისტიან პატრონებს მიჰყავთ და ჰყიდიან
თათრებზედ, რომლებიც ყიდულობენ თუ არა, მაშინვე თათრულად აცმევენ,
თავიანთი ცრუ რჯულის აღსარების ნიშნად თითს ააშვერინებენ და ამითი ქრისტეს
სარწმუნოების უარს ათქმევინებენ; ეგრეთვე აწყებინებენ თავიანთი თათრულის
რჯულის და ჩვეულების სწავლას. ამას ყველას ჰყოფენ თვით ქრისტიანების წინ და
ქრისტიანების ქვეყანაში უწინარეს კოსტანტინეპოლში წასვლისა. როგორც
ყმაწვილებს, ისე ეპყრობიან დედაკაცებს, რომლების ყიდვისათვის თათრები ფასს
არ ზოგვენ, რადგან (როგორიც არიან მომეტებულად მეგრელის დედაკაცები)
დიდის სიმშვენიერით შემკულნი არიან: რისგამო თათრები თითოში ზოგჯერ სამას,
ანუ ოთხასს ძექინს აძლევენ”.
ქართველი ერის ამ სულიერსა და ხორციელს უბედურებას მისიონერებმა
ბევრად უშველეს; თუმცა სულ ვერ მოსპეს ჩვენი დიდათ მავნებელი სენი, მაგრამ
ძრიელ კი შეასუსტეს; არაფერი დაზოგეს იმის აღმოსაფხვრელად. ვალდებული
ვართ, ესეთი დიდი და საქვეყნო სიკეთე, მათ მიერ ჩვენის ერის საკეთილდღეოდ
გაწეული, არ დავივიწყოთ და მათი უზომო კაცთმოყვარეობა ღირსეულად
დავაფასოთ.
სამეგრელოს მესამე უდიდესი წყლული იყო ნათლიღების წესის დაუცველობა
პირვანდელის სისრულით. ეს უფრო დიდათ მავნებელი იყო ერისათვის, რადგან ამ
ნაკლს არავინ გრძნობდა, ამიტომ არავის მოსდიოდა ფიქრად მისი შველა. ამის
მიზეზი ის იყო, რომ მღვდელი თვით არ ნათლავდა ბავშს და არც ტიბიკონის წიგნში
ეწერა ის სიტყვები, რომლითაც სრულდებოდა ნათლიღების საიდუმლო.
სამეგრელოში ნათლიღების საიდუმლოს ასე უსრულებდენ თურმე: სამის, ანუ
ოთხის წლის ბავშს (არა უჩვილესს) წაიყვანდენ სარდაფში, სადაც მღვდელი ერთ
ჭურჭელში წყალს აკურთხებდა, შემდგომ წაიკითხავდა ყველა იმ ლოცვებს, რაც
წიგნში სწერია ნათლიღებისათვის. რა გაათავებდა, წავიდოდა. მეტს არაფერს
შვრებოდა. მერე ნათლია ბავშს ცხებდა მირონს, ხოლო იქ დამსწრენი
მღვდლისაგან ნაკურთხს წყალში აბანებდენ ბავშს, თვინიერ რაიმე სიტყვის
წარმოთქმისა. ამნაირად ასრულებდენ ნათლიღებას. სამწუხაროდ, არც მათ
წიგნებში წერებულა ის საჭირო სიტყვები, ურომლისოდაც არ შეიძლება ნათლიღება
შესრულდეს. ამ გარემოებას პატრი იოსებ ჯუდიჩი რომაში 1640 წ. წერილ წერილში
ესრე მოგვითხრობს: „წრეულ ინება ღმერთმა და ხელში ჩაგვივარდა ტიბიკონის
წიგნები, რომლებსაც ისინი უმეცრებით ნათლიღების დროს კითხულობენ; ცხადად
ვნახეთ, რომ მათში არამც თუ ჰსწერია ამ საიდუმლოს შესასრულებლად საჭირო
სიტყვები, არამედ ამისა სრულებით არაფერი ჰსცოდნიათ მდვდლებსა. როცა ამ
საიდუმლოს სიტყვები მათის ენით დაწერილი მივეცით წასაკითხად, მათ გვითხრეს,
რომ ეს სიტყვები არც გაგვიგონია და არც როდესმე წარმოგვითქვამს ნათლიღების
დროსო. ზოგიერთმა ეპისკოპოსებმაც, რომლებიც სხვებზედ უფრო მეცნიერნი
არიან და იციან ბერძნული ენა, გვაუწყეს ამ პროვინციაში შესრულებულის
ნათლიღების უკანონობა იმ სიტყვების უქონლობის გამო. ამიტომ წრეულ
გადავსწყვიტეთ, რათა საიდუმლოდ მოვნათლოთ ყველა ბავშები, დაწყებული
შვიდის წლიდგან, რომლებიც წინეთ მეგრელებს მოუნათლავსთ". ამგვარი
ნათლიღებისა ბევრი ელაპარაკეს დადიანს, რომელმაც აღირჩია სამი ბერძნულში
განსწავლული მღვდელი და მიანდო მათ, რათა გადაეთვალიერებინათ
სამეგრელოს მღვდლების წიგნები და, რაც კარგი არ იქნებოდა, გამოერთმიათ. რა
გადასინჯეს ძველი ხელთ ნაწერი წიგნები, ყველა ნაკლულოვანი გამოდგა, ამიტომ
თითქმის ყველას გამოართვეს და თან აუკრძალეს ნათლიღების შესრულება.
მისიონერებმა ეპისკოპოსებს გადასცეს ბერძნულიდგან ნათარგმნი ქართულად
ნათლიღების შესასრულებელი სიტყვები და იმათაც მთელს სამეგრელოში
განაცხადეს ესა. ამნაირად უშველეს ამ დიდ დანაკლისსაც.
გარნა ეს არ კმაროდა, საჭირო იყო იმათთვისაც ეშველნათ, ვინც ამნაირათ
იყვნენ მონათლულნი. ამიტომ დაიწყეს ამის ქადაგებაც, ყველას კარგად ჩააგონეს,
რომ სულის საცხონებლად, მიუცილებლად საჭირო იყო მიეღოთ ჯეროვანი
ნათლიღება ხელმეორედ. მათი წინანდელი მტერი ეპისკოპოსი ალავერდელიც
თანახმა იყო ამისა. თუ ამისა და თუ სხვა გარემოების გამო ალავერდელი პატრებს
დაუმეგობრდა და მხარი დაუჭირა ერის ხელმეორედ კანონიერად მონათვლის
საქმეში. ბავშების დანათვლის გარდა მისიონერებმა, რა წააქეზეს ხალხი, დაიწყეს
მონათვლა არა მარტო მდაბიო ხალხისა, არამედ მთავრებისა, მღვდლებისა,
ეპისკოპოსებისა და თვით დადიანის მონათვლაც, თუ მხოლოდ, კანონიერად არ
იყვნენ მონათლულნი. ამას თეათინელი სილო ესრედ აგვიწერს: „მოწინავე
პირებთან არაფერი დაზოგეს, რათა კარგად დაერწმუნებინათ, რომ მათ მიერ
მიღებული ნათლიღება, ნამდვილი ნათლიღება არ იყო; მათმა ქადაგებამ გასჭრა,
რადგან ბევრმა უსმინა რჩევა და კიდეც მოინათლნენ და მით განიწმინდენ ადამის
ცოდვისაგან. ავ მონათლულთა შორის ზოგიერთი ეპისკოპოსებიც იყვნენ და ბევრი
წარჩინებულთაგანიც; ეგრეთვე იყო მთავარი მოურავი, რომელსაც ვეზირს
უწოდებენ. ამისვე მაგალითს მიჰბაძა თითქმის მთელმა მისმა სახლობამ. არა
ნაკლები გულმოდგინება გამოიჩინა თვით მთავარმა დადიანმა, თვითან რა
განსპეტაკდა ზეციერის ემბაზისაგან. თავისი მაგალითით ბევრი იძულებულ ჰყო
მიეღოთ ნათლიღება".
იმ დროებში დადიანის სანახავად სამეგრელოში მოსულიყო ბერძნის
ეპისკოპოსი კირილე, ტრაპიზონის მიტროპოლიტი, რომელიც პატრებმა თავიანთი
ბჭობით და ქადაგებით გადაიყვანეს კათოლიკობაზედ. როდესაც ისინი მღვდლებს
მონათლავდენ, მაშინ ის მიტროპოლიტიც ხელახლავ აკურთხებდა ამ მღვდლებს.
ამავე ნაირად იქცეოდა ალავერდელიც. ესრედ რაც შეეძლოთ თუ დიდს და თუ
პატარას, ხელმეორედ ნათლავდენ. ამ საშუალებით ერი საუკუნო დაღუპვისაგან
იხსნეს. რადგან ეს ამბავი მეტად ყურადსაღებია, ცოტა ვრცლად მოვიყვანთ აქ
პატრი იოსებ ჯუდიჩის სიტყვებს, ვინაიდგან თვით იგივე იყო ერთი მომქმედი
პირთაგანი. „ღმერთმა ეგოდნათ ძალა მისცა ჩვენს სიტყვებს, რომ ბევრი კაცი და
ბევრი მღვდელი მოინათლა; უფრო შესანიშნავი ის არის, რომ ორი ეპისკოპოსი
ჯეროვნად მოინათლნენ და ხელახლავ ეკურთხნენ მღვდელ-ეპისკოპოსად.
ეგრეთვე ამ ბოლო დროებში მთავრის ვეზირმა, რომელსაც ჰქვია პაპუა წულიკია
(Papua Zulachia), დადიანის შემდგომ მეორე პირმა, ჩვენი ჩაგონებით გადასწყვიტა
მონათლულიყო. რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ კიდევ უქმად არ მოენათლათ, ერთი
ჩვენთაგანი იხმო, რათა დასწრებოდა და ენახა, ყველაფერს კარგად ასრულებდენ,
თუ არა... ვეცადეთ და კიდეც შევიძელით, ზოგიერთნი წევრნი მისის სახლობისა
მონათლულიყვნენ... ამ ბოლო დროს... ველაპარაკე მათ კათალიკოსს (მალაქია)
ნათლიღების უქმობაზედ, ჩვენდა სასიხარულოდ, დაგვყვა და კიდეც მოინათლა და
ხელმეორედ ეკურთხა. ამასაც დავუმატებ: ამ საქმემ იქამდე მიაწია, რომ ერთი
უპირველესი მთავარი და გამოჩენილი სამეგრელოს მდიდარი დავიყოლიეთ, რათა
მოენათვლინებინა თავის ქვეშევრდომთათვის ბავშები და შეესწავლებინა ყველა
თავის ქვეშევრდომ მდვდელთათვის ნათლიღების შესასრულებელი წესები და
სიტყვები, როგორათაც საიდუმლოების კანონიერი შესრულება მოითხოვდა".
მასიონერებს თავიანთ წერილებში ბევრი მაგალითი, მოჰყავთ ზოგიერთი პირების
მონათვლისა, რომ პირველად თურმე არ თანხმდებოდენ. ყველას მოყვანას არ
გამოვყვებით. მხოლოდ მოვიხსენიებთ, რომ მარტო ზემოდ ხსენებულმა პატრმა
ქრისტეფორე კასტელიმ ათიათას კაცზედ მეტი მონათლა. ამას მოწმობს, სხვათა
შორის, მისი ცხოვრების დამწერიც. როცა მშობლების წინაადმდეგობის შიში
ჰქონდათ, მაშინ მისიონერები ექიმობას მოიმიზეზებდენ და ბავშებს საიდუმლოდ
ნათლავდენ. ასე რომ ნათლიღების ნაკურთხ წყალს ბავშების წამალს უწოდებდა
ხალხი, რადგან ბევრ გზის მომხდარა, რომ ბავშები ნათლიღებით ზოგიერთის
სნეულებისაგანაც განკურნებულან. ხოლო როდესაც რაიმე წინაადმდეგობის შიში
არ იყო, მაშინ მათ ცხადად ნათლავდენ ეკკლესიაში დიდის გამოჩვენებით.
მეგრელები არა ნაკლებ ცდებოდენ აღსარების საიდუმლოში. თუმცა ეს
საიდუმლო ერთიან მოსპობილი არ იყო, მაგრამ ძრიელ ნაკლებად სრულდებოდა.
როგორც ნათლიღებისა, ისე არც ამ საიდუმლოს შესრულების წესი იცოდენ
სავსებით მდვდლებმა. როგორც ხსენებული პატრი ჯუდიჩი მოგვითხრობს, ამის
წესიც დაუწერეს ქართულად ესრეთ: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი სახელითა
მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ეგრეთვე ერშიაც
გავრცელებულიყო ეს შეცთომილება, რომ აღსარების ადგილს დაიჭერდა
რომელიმე კეთილი საქმე. ამიტომ მარტო დაქორწინებისა და სიკვდილის დროს
ამბობდენ აღსარებას ზოგიერთნი. ხოლო ზოგნიც სიკვდილის დროს მარტო წმიდა
ზიარებას იღებდენ თვინიერ აღსარებისა. ამიტომ ბევრს ეცადნენ მისიონერები და
ჩააგონეს თუ მღვდლებს და თუ ერს საიდუმლოს უმთავრები საჭიროება. ასე რომ
მალე დააწყებინეს ბევრს ხშირად აღსარების თქმა. ხოლო, იმათ ვინც
გაკათოლიკებულნი და მათი ხელმძდვანელობის ქვეშ იყვნენ, დაიწყეს აღსარების
თქმა თხუთხმეტ დღეში ერთხელ და ეგრეთვე ყოველ დიდ დღესასწაულში.
როგორც არა ერთხელ გვითქვამს, ეპისკოპოსი ალავერდელი, კათალიკოსის
შემდეგ პირველი პირი იყო, რომელიც წინეთ თუ ქართლში, თუ გურიაში და თუ
სამეგრელოში, დიდად ემტერებოდა მისიონერებს, რადგან მთაწმინდაში
ბერძნებისგან ჩანერგილი ჰქონდა ლათინების მიმართ სიძულილი. იგი ჯერ გურიაში
დაიძლია პატრი ანტონ ჯარდინას ბჭობით სული წმიდის გამომავლობისათვის. ერთ
დღეს თურმე გზა დაეკარგა ტყეში და თავისი მხლებლებითურთ დაღამებულზედ
მიაწყდა მისიონერების სახლს ჭიპურიაში, სადაც დიდის პატივით მიიღეს
მასიონერებმა და მოეპყრნენ გამოუთქმელის სიყვარულით. ალავერდელმა რა ნახა
მათი ზომიერი, მწირი და კეთილი ცხოვრება, ძრიელ მოეწონა და იმ დღიდგან
ძრიელ შეიყვარა პატრები, ასე რომ იგინი ხშირად თავის სუფრაზედ ჰყავდა და
აღარ უნდოდა მათი მოშორება. ხშირად ესაუბრებოდა მათ სარწმუნოებასათვის და
გაიხადა ისინი თავის ერთგულ მოყვარედ და მრჩევლებად. პირველად ძალიან
გააძნელა მათთან შეერთება, მაგ-რამ ბოლოს კი შეუერთდა და მიიღო
კათოლიკობა. როდესაც დასნეულდა, დაიბარა პატრები, მათგან მიიღო წმიდა
საიდუმლო და ყველას წინაშე აღიარა, რომ მას ნებავდა სიკვდილი იმ
სარწმუნოებაში, რომელიც იქადაგეს წმ. პეტრემა და პავლემ. ესრეთ დაასრულა
თავისი სიცოცხლე. ამას მოწმობს ხსენებული მისიონერების წერილები და ეგრეთვე
ლამბერტიც.
ზემოდ დასახელებულ გაკათოლიკებულ ტრაპიზონის არქიეპისკოპოსსაც დიდი
მონაწილეობა მიუღია მისიონერებთან ერთად კათოლიკობის გავრცელებასა და
ერის განსწავლაში. ამიტომ უადგილოდ არ მიგვაჩნია, აქ ვრცლად მოვიყვანოთ
იმის შესახებ წერილები, რაიც მიუწერია რომაში პატრი ქრისტეფორე კასტელის.
„თქვენო ყოვლად მაღალ ღირსებავ.
„საჭიროდ დავინახე ამ შემთხვევაში თქვენთან გამომეგზავნა თქვენი ყოვლად
საყვარელი შვილი მამა კირილე, ტრაპიზონის არქიეპისკოპოსი. აგერ რავდენიმე
წელიწადია, ჩვენთან შრომობს ამ ვენახში და კარგადაც გამოვსცადე, რომ ძრიელ
გულმოდგინეა რომის წმიდა კათოლიკე სარმუნოების მიმართ. იმედი მაქვს, პაპმა
სიამოვნებით ინახულოს. ამ პატიოსან ეპისკოპოსს აზრად ჰქონდა მანდ მოსულიყო,
პაპის უწმიდეს ფერხთა მთხვეოდა და მანდვე ჩვენის წმიდა სარწმუნოების
აღსარებაში დაესრულებინა თავისი ცხოვრება, თუ ჩვენი უნეტარესი მამა სხვა
ნაირად განკარგულებას არ მოახდენდა. მეც ესე ვურჩიე. ამიტომ მას დიდად
ვავედრებ თქვენს უმაღლესობას. თუმცა ჩვენს მამა უფროსს მივსწერე, მაგრამ
თქვენც მოგახსენებ ამის ერთს შესანიშნავ საქმეს, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენს
მხარეში იმოქმედა და აი რას: წმიდა გიორგის დღეობა იყო, რომელსაც დიდის
ამბით ასრულებენ და ამ სამეფოს ყველა კუთხიდგან ესწრებიან იქ მოხდენილი
ცრუ სასწაულის გამო. რავდენიმე დიდებულ პირთან ერთად წავიდა იქ ეს
პატიოსანი არქიეპისკოპოსიც, რათა ეწირა დიდის გამოჩვენებით. როდესაც
ტრაპეზის წინ იმოსებოდა, გაიმართა მის წინააღმდეგ ხმაურობა, წინ წამოდგნენ
ზოგიერთი ეპისკოპოსნი და კერძოდ ალავერდელი, წალენჯიხელი ეპისკოპოსი და
სთქვა: რას შვრებით მორწმუნენო, ეს მწვალებელი და პაპისტია თავის მოძღვრების
გამო, რომელსაც ასწავლის; ამიტომ სრულებით არ უნდა მივუშვათ, ჩვენს
ეკკლესიებში სწიროსო. მერმე მიუბრუნდა არქიეპისკოპოსს და ძრიელ უშვერი
სიტყვებით უთხრა: არაოდეს მივუშვებ, ვინმე ცრუ წინასწარმეტყველმა და
მწვალებელმა კათოლიკემ სწიროს ამ ტრაპეზზედ. არქიეპისკოპოსმაც უპასუხა: მე
მწვალებელი არა ვარ, არამედ ჭეშმარიტი კათოლიკე, ვქადაგებ და ვასწავლი
სწორედ იმ მოძღვრებას, რომელიც ბერძნის და ლათინის ყველა წმიდა მამებმა
ასწავეს. ალავერდელმა დაუმატა: თუ მწვალებელი არა ხარ, მაშ შეაჩვენე პაპიო.
არქიეპისკოპოსმაც მიუგო: პაპს შეჩვენების ღირსი არაფერი უმოქმედებია. მას
პატივი უნდა ვსცეთ, როგორც ქრისტეს მონაცვლეს და წმიდა პეტრეს ჭეშმარიტს
მოსაყდრესო. მაშინ ალავერდელმა უფრო ხმა მაღლივ დაიძახა, მე არა ვსთქვი,
რომ ეს პაპის მიმდევარია მეთქი. მერმე უთხრა თავის ზოგიერთ მღვდლებს და
დიაკვნებს, გააძიეთ ეკკლესიიდგანაო. იგინი ლომებივით მისცვივდენ, დაუწყეს
გლეჯა შესამოსლისა, წვერისა და თმებისა და ხელის კვრით და შეურაცხებით
გაიყვანეს გარეთ. მასთანვე უთხრეს ხალხს: გაუფრთხილდით ამ გაფრანგებულ
მგელს, რომელიც აქ მორწმუნე ბერძნის სახით მოსულა, რათა თქვენ
შეგაცდინოსთო. ამ პატიოსანმა ეპისკოპოსმა ყველა ეს შეურაცხება იტვირთა
ეგოდენის სიმდაბლით და მოთმინებით, რომ ყველა იქ დამსწრენი განაკვირვა.
ხალხი თუმცა კმაყოფილი დარჩა, რომ შეიტყო მისი გაფრანგება, მაგრამ
ალავერდელს კი არ მოუწონეს საქციელი, რადგან არ დაზოგა არც ასეთი
ღირსეული პირი და არც დაერიდა წმიდა ადგილს და დდესასწაულს.
განსაკუთრებით მთავარი უფრო გაწყრა და გაჰკიცხა ალავერდელის ასეთი
საქციელი: არც მიიღო მისგან ბოდიშის მოხდა. რადგან ეს მუდამ ამ
არხიეპისკოპოსთან დაიარებოდა და ჰკითხავდა წმიდა სარწმუნოების ძნელი
საგნების განმარტებას, ესეც უფრო სიმხნით და უფრო გულახდილად ასწავლიდა
ჭეშმარიტებას, როგორათაც შეჰფეროდა ვინმე ნამდვილ მისიონერს. გარდა ამისა,
გვირგვინი დაგვადგა ამ ეპისკოპოსმა და თავისი მოძღვრებით და ავტორიტეტით
მთელი სამთავრო აღძრა, იქამდე, რომ ხალხი აღიარებს თავის შეცთომილებას
სარწმუნოების მხრივ. ამიტომ მას უფრო უსმენენ, ვიდრე ჩვენ. მოინათლნენ მეტად
შესანიშნავი პატა ლოკოკია და ორიც ეპისკოპოსი: ერთი სვერელი (Sverelli) და
მეორე დრანდელი (Dandrelli). მეფემაც სურვილი გამოაცხადა მონათვლისათვის.
თუ ხსენებული ალავერდელი არ ყოფილიყო, შეიძლება, აქამდე ესეც მოგვენათლა.
ალავერდელი მუდამ ჩვენი დიდი მტერი იყო. მე ბევრი მავნო, როდესაც გურიაში
ვიყავი. დაანგრევინა ტრაპეზი, საცა მე მეწირა. როგორც ამბობენ, ამის
შეგულიანებიათ იყო, რომ მთავარმა ვახტანგ გურიელმა ყველაფერი წამართვა,
დამატყვევა და იძულებულ მყო იქაურობას გავშორებოდი. ყველას აქ მოკლედ
მოხსენება შეუძლებელია.
შემდგომ არქიეპისკოპოსი მოვიდა, მნახა და ყველაფერი მომითხრა. (რაც
უკვე წინათვე შეტყობილი მქონდა) და მოხარული იყო, რომ ესრეთი შეურაცხყოფა
მიიღო. რომის წმიდა სარწუნოებისთვის წვერი და თმები დაგლეჯილი ჰქოდა და
პირისახე დაკაწრული; დაჰკარგოდა, ფილონის ოქროს ღილი და მოსასხამი; მისი
წიგნემი სულ დაეგლიჯათ. მეც გადავეხვიე და მიუალერსე, რაოდნათაც კი შემეძლო
და წიგნებიც უშოვე. წავიდა ჩემგან და განაგრძო სასუფევლის გზის სწავლება ამ
ტყეებში, საცა შხირად არაფერი აქვს საჭმელად და მარტოც სტოვებენ, ვისაც
მიჰყავსთ იგი, რისგამო დიდს შეწუხებას ტვირთულობს. რადგან პატრი ჯუდიჩი
მანდეთ მოდის, მასვე შეუძლია ყველაფერი მოახსენოს თქვენს უმაღლესობას, თუ
სასიამოვნოდ დაურჩა. ამიტომ მეც იმას მივანდობ ამის შესახებ ვრცლად
მოხსენებას. უმდაბლესად ვემთხვევი თქვენს მარჯვენას და დავშთები თქვენი
უერთგულესი მონა.
„14 ნოემბერს 1642 წ., ქრისტეფორე კასტელი. სამეგრელოდგან".
ამ არქიეპისკოპოსის გამო ქრისტეფორე პაპსაც სწერს ამ წიგნს.
„უნეტარესო მამაო,
„ვნატრობდი, წმიდა მისიონის ზოგერთი საჭიროების გამო, მოვსულვიყავი
თქვენი უწმიდესობის ფერხთა წინაშე, მაგრამ სნეულების მიზეზით ვეღარ შევიძელი.
ამიტომ ვგზავნი ჩემზედ უდიდეს ერთ თქვენს შვილს, რომელიც არის ტრაპიზონის
არქიეპისკოპოსი, თქვენი მეტად ერთგული და რომის წმიდა კათოლიკე
სარწმუნოების დიდი მორწმუნე, როგორათაც გამოვსცადე, ვინაიდგან მრავალი
წელიწადია, რაც ეს ჩემთან შრომობს ამ ვენახში.
„მანდეთ იმ აზრით მოდის ეს ღვთის მონა, რომ აქეთ აღარ დაბრუნდესა. თუ
თქვენც ინებეთ ვევედრები თქვენს უწმიდესობას, კეთილ ინებოთ და თქვენი
ჩვეულებრივის სახიერებით მიიღოთ და შეეწიოთ მას ყოველ საჭიროებაში.
„ათაბაგი ელენა, სპარსეთის დედოფალი, რომელიც შვიდი წელიწადი ჩვენი
სულიერი შვილი იყო გურიაში, როდესაც მე იქ ვიყავი, ისპაჰანში მიბარებს თავის
სულისა და ეგრეთვე თავისი მხლებელი ქალბატონების სულთა შესაწევნელად,
როგორათაც თქვენს უწმიდესობას მოახსენებს ძმა ფრანჩისკე პესტიკა, რომელსაც
ჩემს მაგიერ მოჰყავს თქვენ ფერხთა წინაშე ზემოხსენებული არქიეპისკოპოსი. თუ
შეიწყნარეთ ჩემი სათხოვარი, უმდაბლესად გთხოვ იქ წასაღები საჩუქრებიც
მიბოძოთ, რათა არავითარი დაბრკოლება მომეცეს. დასასრულ ვემთხვევი თქვენ
წმიდა ფერხთა და მდაბლად ვითხოვ თქვენს კურთხევას.
„თქვენი უწმიდესობის მდაბალი მონა, ქრისტეფორე კასტელი.
„სამეგრელოდგან, 30 ოქტომბერს 1642."
ამავე რიცხვით კარდინალსაც სწერს ის პატრი და კვალად ავედრებს ამ
არქიეპისკოპოსს, ეგრეთვე ბოდიშს ითხოვს, რომ სასწავლელად ვერ გაგზავნა
რომაში ქართველი ყმაწვილები, როგორათაც მოეთხოვა კარდინალ ონოფრიოს,
თუვცა მზად ჰყავდა ოთხი გურიიდგან მოყვანილი თავისვე მონათლული ყმაწვილი.
ვერ გაუგზავნა იმის გამო რომ მათი წამყვანი არავინ ყოფილა.
იმავე დროს იგი თავიანთ საერთო უფროსს ინგოლის უგზავნას ერთ
მოხსენებას, რომელშიაც სხვათა შორის ამბობს შემდეგს:
„ალავერდელმა ეპისკოპოსმა, რომელმაც ყველაზედ უმეტესი შეურაცხება
მიაყენა ჩვენს ტრაპიზონელს არქიეპისკოპოსს, შეინანა თავისი შეცდომილება,
შეურიგდა მას და დაუმეგობრდა ისე, რომ ახლა არ იცის, თუ რა ჰქმნას. ჩვენსას
მოდის და წირვას ისე მოკრძალვით სმენულობს, რომ ყველას სამაგალითო ხდება.
საცა იყო, ყველგან აქებს ლათინის მოძღვრებას, ძრიელის სასოებით და
მოკრძალებით სწირვენო. ერთისათვის ეკითხა, თუ ყველა ღვდლები ასე სწირვენო.
„ამ სამეფოს კათოლიკოსი უკვე მობრუნდა იერუსალემიდგან, საცა შარშან
წავიდა, იქაური ბერძნების მიერ მონათლულიყო, რადგან გონია იმათ სხვებზედ
უფრო კარგათ იციან ნათლიღების შესრულებაო. მოვიდა თუ არა, მაშინვე მიმართა
ჩვენს არქიეპისკოპოსს, რომელიც აღარ მოშორებია მას, რომელი, მოიყვანა კიდეც
ჭეშმარიტების გზაზე. ინებოს ღმერთმა, ამ ჭეშმარიტებაში გასძლოს.
„ეგრეთვე ლაპარიას (Laporias) მოძღვარი ვერჩელი, დიდად პატიოსანი 60
წლის მღვდელი, სარწმუნოებით ჩვენი დიდი მტერი იყო. ბოლოს კი ერთმა
ჩვენთაგანმა კარგად ჩაახვდინა და დაიყოლია. მთხოვა, მომენათლა. რავდენიმე
დდეა მოვნათლე და ვუცდი ტრა-პიზონის არქიეპისკოპოსს, მღვდლობის კურთხვა
განუახლოს, რათა გულდასმით განავრცოს თავისი სამსახური. წრეულ ოთხმოცამდე
ბავში მოვნათლეთ. ზოგი ამ მონათლულთაგანი უკვე სასუფეველში გაფრინდა.
„ლაპორია, 30 ოქტემბერი, 1642. ქრისტეფორე კასტელი".
თუმცა პატრების მტრობაზე ხელს არ იღებდენ ბერძნები, მათი მისიონის
წარმატებას, რაოდნათაც შეეძლოთ, აპრკოლებდენ და მათ მწვალებლებად
სახავდენ, პატრები მაინც უფრო პატივცემული იყვნენ ყველასაგან, ყველანი
უსმენდენ მოძღვრებას და მისდევდენ მათ გზას. პატრი იოსებ ჯუდიჩი, 1640წ.
რომას გაგზავნილ წერილში (ამ თარიღით ორი ვრცელი წერილი გვაქვს ამ
პატრისა), სხვათა შორის, მოგვითხრობს: „ამ პროვინციაში მთელი ხალხი თუ
მთავარი, თუ წარჩინებულნი და თუ მდაბიო მოციქულებრივის წმიდა ცხოვრების
კაცებად გვრაცხენ ისე რომ მათი თქმით ჩვენი მსგავსი არასოდეს მოსულა ამ
მხარეს. მაინც კი ბერძნების მოქმედებით ყველას ჰგონიათ, რომ ჩვენ სხვა
სარწმუნოება გვაქვს... გარნა არა ნაკლებია, ვინც ჩვენ მოვიმხრეთ ჩვენის
ცხოვრებით და განვამტკიცეთ ქადაგებით. იგინი გულრწფელად აღიარებენ და
ამბობენ, რომ მხოლოდ ჩვენი სარწმუნოება არის ჭეშმარიტი, მართალი და რომ
მსოფლიო მწყემსი მთელის ეკკლესიისა არის რომის პაპი და არა სხვა და აგრეთვე
მარტო ფრანგებს აქვსთ ორი თვალი, რათა გაარჩიონ ღვთაებრივი და კაცობრივი
საგნებიო, სხვა მთელი ქვეყნის კაცებს კი მარტო ერთი თვალი აქვსთ, რაისგამო
სიბრმეში არი ანო. განსაკუთრებით ამ წელიწადს ჩვენმა კეთილის მყოფელმა
ბარძიმ ვაჩნაძემ, რომელიც არის ბრძენი და უკეთილშობილესი, საჯაროდ აღიარა,
რომ დღეს რომის პაპია წმიდა პეტრეს მოსაყდრე და მსოფლიო მთავარი
ქრისტიანეთა და სხვებს საქმითაც უჩვენებდა, რომ იგი მას უღრმეს პატივსა სცემდა.
დადიანის ცოლის ძმამ სუფრაზედ სთქვა, რომ პატრები აღიარებდენ ჭეშმარიტს
ქრისტეს სარწმუნოებას, მე კი ჩემის ქვეყნის მცხოვრებლებითურთ შემცდარი ვარო.
ჩვენმა კეთილის მყოფელმა, წარჩინებულვა თავადმა კაკუ შელიამ იმდენად
შეითვისა ჩვენი სარწნუნოება, რომ ავად გახდა თუ არა, ერთ ჩვენს პატრს ევედრა,
მისთვის ლოცვები წაეკითხა და სახლშივე წმიდა წირვაც ეთქვა... დასასრულ
აღარას ვიტყვი მათთვის, რომლებიც მოქცეულნი არიან და რომელნიც საშუალო
წოდებას ეკუთვნიან. იმათი რიცხვი მრავლისგან უმრავლესია. ხოლო დავასახელებ
უდიდესი თავადის გიორგი მიქელეიას მეუღლეს, რომელიც მამიდა (ანუ დეიდა)
არის დადიანისა. იმან ორ ჩვენ მისიონერთან ვრცელი ლაპარაკის შემდგომ
ჰსთქვა, ფრანგის მონაზონები არიან ღვთის ჭეშმარიტი მსახურნი და არა ჩვენიო".
ერი ასეთის პატივისცემით იმიტომ ეპყრობოდა პატრებს და გულმოდგინედ
იმიტომ ისმენდა მათ სწავლა-ქადაგებას, რომ თვით მეფე აძლევდა მაგალითს.
რამდენი დრო გადიოდა და უფრო დაახლოვებით ეცნობოდა მეფე მისიონერებს,
იმდენი უფრო მისი სიყვარული და პატივიც მატულობდა და ძლიერდებოდა.
ფრანგების მიმართ პატივით და სიყვარულით ყველა საქართველოს მეფეებს
გადააჭარბა. ამიტომ პატრებიც მას თავიანთ წერილებში მუდამ დიდის ქებით,
პატივით და სიყვარულით იხსენიებდენ; ეგრეთვე მის გულითად სიყვარულს,
მათზედ სრულს მინდობილობას და პატივს ხშირად ასახელებენ. პ. იოსებ ჯუდიჩი
თავის წერილებში (1640 წ.) სხვათა შორის ამ ამბავს მოგვითხრობს: „ხშირად
თავისი ამალით (Gorte) მოვიდოდა და ჩვენს ახლოს დასდგამდა თავის კარავს
ჩვენის სიყვარულისათვის, რათა უფრო ადვილად ესაუბრნა ჩვენთან და თავისთან
მიხმობით არ შევეწუხებინეთ. ხშირად დაწვრილებით ვლაპარაკობთ სხვა და სხვა
სასარგებლო საქმისათვის და ყველაფერს გულმოდგინებით ისმენს. როდესაც
თავისი სამეფოს ერთი ადგილიდგან მეორეს გადადის, მუდამ, თავის მხლებლებით
სტოვებს პირდაპირ ერთ გზას და ჩვენთან გამოივლის ხოლმე ჩვენ სანახავად და
ჩვენთან სალაპარაკოდ14. ხშირად გვესაუბრება საუკუნო ცხოვრებისათვის. ჩვენის
ავადმყოფობის დროს განგებ მოვიდა და გვნახა, ეგრეთვე დაგვარწმუნა, რომ მზათ
იყო ყველაფერი აესრულებინა, რასაც კი ვინატრებდით. თავისი ერთგულება ბევრ
გზის დაგვიმტკიცა, უფროსი ერთად თავისი შვილების და დედოფლის უქეიფობის
დროს. რადგან ხშირად მოუხდება სახლიდგან განშორება სხვა და სხვა საქმეების
გამო, ამისთვის ბევრგზის პატრებს აყენებს თავის სახლის პატრონად. მათ აბარებს
თავის ცოლსა და შვილებს და უბრძანებს ყველას, პატრებს დაემორჩილონ და მათ
ბრძანებას არავინ გადავიდეს. როდესაც უქეიფოდ არის, სხვა არაფერს სჭამს, თუ
არ პატრების გაკეთებულს და მათი ხელით მირთმეულს. იმ დროს ყველა თავის
სიმდიდრეს ოქროს, ვერცხლეულს და სხვა დანარჩენ ნივთებს მათ აბარებს,
რადგან მეტისმეტი ნდობა აქვს. მისი პატივისცემა ეგოდენია, რომ ერთხელ დიდი
წ ვ ე ულე ბ ა გ ა მ ართა , 1000 კ ა ც ა მდე ჰ ყ ა ვდა მოპ ატი ჟ ე ბ ული . ი მ ი ს
გამოსაცხადებლად, რომ პატრები შინაურები იყვნენ, იგინი დასხა დედოფალთან
და მის მოახლე ქალბატონებთან ერთად. როდესაც რაიმე ეჭვი აქვს ან მთავრობის
გამგეობის, ან საქმეების წარმოებისა, ან კიდე სარწმუნოებისა და საზოგადო
საქმისა, მუდამ პატრებსა სთხოვს რჩევას. ერი რა ხედავს, მთავარი ასე გვენდობა
და მასზე ჩვენ დიდი გავლენა გვაქვს, მუდამ ჩვენ მოგვმართავს გაჭირების დროს,
რათა ვუშუამავლოთ მთავართან და იმედიც აქვსთ, ყველაფერი გაურიგოთ"...
მისიონერების ესრეთი დაახლოვება და ზედგავლენა დადიანზე და ამისი
უზომო პატივი და სიყვარული სარწმუნოებისათვის უმნიშვნელოდ არ დარჩენილა.
ვინაიდგან მისიონერების ყველა შრომის უმთავრესი მიზანი იყო კათოლიკობის
გავრცელება არა მარტო მდაბალ ხალხში, არამედ თვით მთავრებშიაც, ამისთვის
მისიონერები, ცხადია, არაფერს დაზოგავდენ დადიანის გაკათოლიკებისათვის. არც
დადიანს უნდა აღმოეჩინა დაბრკოლება, რადგან მათ წმიდა კაცებად სცნობდა.
მათთვის რომ არ დაეჯერებინა სასულიერო საქმეებში, მაშინ მისი სიყვარული,
ნდობა და პატივი სულ უსაფუძვლო და მოჩვენებული იქმნებოდა. საბუთი არა
გვაქვს, დადიანს გულგრილობა დავსწამოთ. რა სცნო მეფემ როგორც ზემოდ
14 ლევან დადიანს ეს საკვირველი ჩვეულება ჰქონია, ერთ ადგილს ორ სამ დღეზედ მეტს არ გაჩერდებოდა
ხოლმე; მუდამ დაიარებოდა თავის სამთავროში.
ვსთქვით, რომ კანონიერად არ იყო მონათლული, მოინდომა მონათვლა. ამას
ზემოდ ხსენებული სილო ასე მოგვითხრობს: „მეტადრე არქანჯელო ლამბერტის
მიერ რა სცნო, რომ თავისი ბერძნებისგან15 კანონიერად არ იყო მონათლული,
ლათინის წესისამებრ მოინათლა". ამით გზა გაეხსნათ და მალე განასწავლეს
დადიანი კათოლიკე სარწმუნოების სხვა დანარჩენ კითხვებში. ამ გარემოებამ
უზომო ზედგავლენა იქონია დადიანის ცხოვრებაზედ, რადგან დადიანი, როგორც
ძრიელი და მარჯვე იყო, ისე ბევრ უსამართლობასაც მოქმედებდა, როგორათაც
ცხადად სჩანს მისი ისტორიიდგან. ხოლო როდედესაც კათოლიკობა მიიღო, მისგან
შემდეგში ესრეთი უსამართლობა სრულებით აღარ გაგონილა. სულ სხვა ნაირ
ქრისტიანულს გზას დაადგა, ეგრეთვე დაიწყო მხნედ დაცვა კათოლიკე
სარწმუნოებისა და მისი მფარველობა. ამას ხსენებული ისტორიკოსი ასე
მოგვითხრობს: „მეფემან ლევან დადიანმა რა მიიღო სრულებით კათოლიკე
სარწმუნოება და შეიქმნა ახალი კონსტანტინე, ანუ თეოდოსიო, ხშირად ხმლითაც
დაიცვა მიღებული სარწმუნოება. ამ ნათლიღების წყალმა, როგორც სავლეს
განუბნია თვალთა სიბნელე, იმასაც ისე გაუწმინდა მხედველობა, რომ სხვას
აღარაფერს ხედავს, თუ არ რომის სარწმუნოებას, სხვას არაფერს ნატრობს, თუ არ
რომის პაპის ნახვას, რათა მის ფერხთა ემთხვიოს და მის წინაშე აღიაროს
კათოლიკე სარწმუნოება, რომელიც უკვე მიიღო. რა შემოვიდა სარწმუნოებაში
საიდუმლოების კარით ნათლიღებით, დიდი გულმხურვალება და მომზადება
გამოიჩინა სხვა ყველა დანარჩენ საიდუმლოებისათვის, რომლებშიაც ძრიელ
გაწვრთნილია".
ამ დროებში დადიანსაც მოუვიდა პაპის ბულლა (წიგნი) პროპაგანდის.
კოლლეგიის დაარსების შესახებ. ამ ბულლით პაპი იწვევდა ყველა ტომის ხალხსა,
გაეგზავნათ ყმაწვილები პროპაგანდის სკოლაში გასაწვრთნელად კათოლიკე
სარწმუნოების მოძღვრებაში. რადგან იმ ბულლაში სხვა არაფერია ამის გარდა,
საჭიროდ არა ვრაცხთ აქ მოვიყვანოთ. პატრებმაც ურჩიეს დადიანს პასუხი ეგო ამ
მიწვევაზედ და ყმაწვილები გაეგზავნა. ეგრეთვე მოახსენეს, ჩვენ ამას წინათ
მოგართვით პაპის წერილი და იმისი პასუხი ჯერ არაფერი მიგიწერიათო. დადიანმა
ჰკითხა, თუ რა იყო საჭირო და როგორ უნდა მოქცეულიყო პაპისათვის შესაფერი
პატივის მისაგებად. მათაც ურჩიეს, რომ წიგნთან ერთად ერთი ვინმე გაეგზავნა,
როგორც თვითვე შეპირებოდა წინად. რადგან საამისოდ პატრების უკეთესი არავინ
ჰყავდა, გადასწყვიტა თავის ელჩად გაეგზავნა პაპთან პატრი იოსებ ჯუდიჩი და
წიგნიც გაეტანებინა. თავისი აზრი განუცხადა იმ პატრს და წასვლის დროს ასე
გაისტუმრა: „ღვთის მსახურო მამაო და ამ სამთავროს ანგელოზო, თქვენ კარგად
იცით, რომ, ჩვენი სამღვდელოების უმეცრებისა გამო, რა დიდ ხანს ვიმყოფებოდით
სამწუხარო სიბნელეში, ვინაიდგან უდიდესი სიბრმე აღარ შეიძლებოდა, რომ
ნათლიღებას ვსცნობდით ცხონებისათვის საჭირო საიდუმლოდ და მას კი
სინამდვილით არ ვღებულობდით; აღსარების საიდუმლოს ვსთვლიდით საჭიროდ
ცოდვების მისატევებლად თქმით კი არ ვამბობდით და გვეგონა, რომ საკმელის
კმევა, ანუ მისი მზგავსი უბრალო კეთილი საქმე მის ადგილს დაიჭერდა და
ცოდვებს შეგვინდობდა. სარწმუნოების კითხვებში ჩვენი შეცდომა დიდი იყო,
თქვენც კარგად უწყით. ახლა ვსტირი უმეცრებით ეგოდენ დაკარგულ სულთათვის.
გარნა, მადლობა ღმერთს, თქვენის შემწეობით დავადექით, ჭეშმარიტს ნათელსა,
უფროსი ერთად მე, რომელიც ვარ უმწვერვალესი თავი ამ ჩემის სამფლობელოსი.
ამიტომ ჩემს მოვალეობად ვსთვლი, რომ არა მარტო ჩემის, არამედ ყველა ჩემის
ქვეშევრდომების სახელითაც თქვენ გაგგზავნოთ რომის პაპთან, რომელიც
უმწირვალესი თავია. მსოფლიო ეკკლესიისა და ქრისტესგან მინიჭებული აქვს ძალა
შეკვრისა და გახსნისა, დახშვის და გაღების სასუფეველის კარისა. მინდა
გაგზავნოთ მასთან მორჩილების ნიშნად, რათა განუცხადოთ ჩემი შვილობრივი
ქვეშევრდომობა და მიღება კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელსაც აწ აღვიარებ
15 აქ ქართველები იგულისხმება.
ღვთის მადლით; ეგრეთვე მოახსენოთ ჩემი სურვილი და ცდა, რომ მთელმა ჩემმა
სამთავრომ აღიაროს იგი. კიდევაც ვუბრძანე, მოგცენ ყველაფერი, რაც კი საჭიროა
თქვენის შორის მგზავრობისათვის. ამიტომ გაძლევ ჩემს რწმუნებას ესრედ დიდ
მთავართან და მასთანვე ამ წერილსაც, რომელიც დაწერილი და მოწერილია
ჩვენის ხელით. როდესაც ამას გადასცემთ წმიდა მამას თავის საკუთარ ხელში,
სთხოვეთ მამობრივის სიყვარულით მოგვანიჭოს ჩვენ, დედოფალს და ჩვენს
შვილებს თავისი კურთხევა და აღგვავსოს იმ ძვირფასის საუნჯით, რომელიც მისი
ხელით რიგდება. თქვენი ვალია მას კარგად მოუთხრათ ახლად მიღებულის
სარწმუნოების აღსარება ჩვენ მიერ და ეგრეთვე ჩვენი გულმოდგინეობა მის
გასავრცელებლად. მასთანვე ევედრეთ წმიდა ეკკლესიის შვილთა შორის
შეგვრაცხოს და არ მოგვაკლოს თავისი ძრიელი მფარველობა, რომელსაც
სიმდაბლით ვსთხოვ.” პაპთან ეს წერილი დადიანს ბერძნულად დაუწერინებია
ტრაპიზონის მიტროპოლიტისათვის, რომელიც, როგორც ზემოდ გავიხსენიეთ,
სამეგრელოში იყო და კათოლიკობაც მიეღო. წერილი არა სჩანს, ხოლო
ისტორიკოსი სილო თავის აღწერაში მოკლედ იხსენიებს იმას და ამბობს, რომ იმ
წერილით დადიანი პაპს დიდ მადლობას უცხადებდა მისიონერების
გამოგზავნისათვის; სთხოვდა სხვების გამოგზავნას; აღიარებდა პაპს ყველა
ქრისტიანების მწყემსად და აუწყებდა რომის ეკკლესიასთან თავის შეერთების
ამბავს. როგორც სჩანს, დადიანს პროპაგანდის კარდინალებისათვისაც მიუწერია
წერილი, გარნა არც ის წიგნი გვაქვს ხელში.
წასვლის დროს პატრი იოსებს პაპთან გაატანა ეგრეთვე ორი ყმაწვილი
საჩუქრად, რათა პროპაგანდის სკოლაში გაწვრთნილ იყვნენ. იმათ ერქვა ერთს
ანტონ და მეორეს ანდრია. ანდრიას ძრიელ შესანიშნავი ნიჭი გამოუჩენია
სწავლაში, მეტად დაწინაურებულა ფილოსოფიისა და საღვთისმეტყველო საგნებში,
ბევრ გზის დისერტაციაც დაუცავს და კარგად გაუმარჯვნია. სამწუხაროდ, ესრედ
ნიჭიერი მეგრელი რომაშივე გარდაცვლილა სწავლის დასრულებამდე. ხოლო
მეორეს ანტონსა თუმცა მასავით დიდი ნიჭი არა ჰქონია, მაგრამ საკმაოდ წინ
წასულა სწავლაში; არა სჩანს, სწავლის დასრულების შემდეგ სად წასულა.
იმ ორის ყმაწვილისა და პატრი იოსების გაგზავნა რომას მოხდა 1643 წ. იქ
ჩასულმა პატრი იოსებმა გარდასცა პაპს ინოჩენციო მეათეს და პროპაგანდის
კარდინალებს დადიანის წერილები და ეგრეთვე უამბო მათ მიერ გამოღებული
ნაყოფი სამეგრელოში. ამ ამბავმა მეტადრე ლევან დადიანის გაკათოლიკებამ და
მისმა კეთილმა საქმეებმა რომაში ყველა დიდათ გაახარა. პატრი იოსებს, რაც
სჭიროდა თავის მისიონისთვის, ყველაფერი უშოვეს და ეგრეთვე, ლევან დადიანის
თხოვნის თანახმად მისცეს ორი ახალი მისიონერიც. ეს ორი ახალი მისიონერი
იყვნენ პატრი ივანე მონთი მილანელი და პატრი იაკობ მარსი ქრემონელი.
სამგზავროდ რომ მოემზადენ, წამოვიდენ იტალიიდგან კონსტანტინეპოლს 1646 წ.
მარტში. პაპის მაგიერათ კარდინალებმა გამოატანეს იმათ წერილი ლევან
დადიანთან. ამ წერილის დედანი ჩვენ ვერ ვიპოვეთ არქივებში. ხოლო ისტორიკოს
ფერროს მოჰყავს ეს წერილი თავის ისტორიაში ცოტა შემოკლებით ესრედ: „დიდის
შვებით ვსცანით, რომ თქვენა და თქვენის სამეფოს მცხოვრებთ უმეტესობას
დაგიტოვებიათ ძველი შეცთომილება, გიწამებიათ ლათინის ეკკლესიის დოგმები
და მას შემოერთებიხართ. ამიტომ უმაღლესი მწყემსი პაპი, ვითარცა საყოველთაო
მამა, თავის საყვარელ შვილად გთვლისთ და განიჭებსთ უხვად თავის წმიდა
კურთხევას. ვინაიდგან ეგოდენის სურვილით ხელახლავ მიგიღიათ ნათლიღება,
საჭიროა უფრო გამტკიცდეთ კათოლიკე სარწმუნოებაში და ეცადოთ, რათა,
კათოლიკებრივის გულმოდგინებით საქვეყნოთ აღიაროთ რომის ეკკლესიის
სარწმუნოება. ეგრეთვე უნდა ეცადოთ, რომ პატრი ჯუდიჩის, პატრი ლამბერტის და
სხვა სამოციქულო მისიონერების სრული ნდობა იქონიოთ და მათი დარიგებით
მოიქცეთ, რადგან არიან დიდათ სათნო და სარწმუნოების ერთგულებით სავსენი და
არა მარტო თქვენ, არამედ მთელს სამეფოსაც სიკეთეს მოუტანენ. უკან
მობრუნებულის ელჩისაგან, რომელიც გამოგზავნეთ თქვენის მორჩილების
გამოსაცხადებლად, ყველას კარგად სცნობთ, თუ რაოდნათ გაიხარა პაპმა და
მთელმა რომამ თქვენის ამბით. თავისი გამოუთქმელი სიხარულის
დასამტკიცებლად, მაგ უფლის ვენახში ჰგზავნის კვალად ორს სხვა მისიონერსაც,
რომლებიც შესანიშნავნი არიან სათნოებით, გულკეთილობით და მოძღვრებით;
შემდეგშიაც კიდევ გამოვგზავნით სხვებსაც, რათა მით სცნოთ, თუ წმიდა რომის
საყდარსა რაოდენი სიყვარული აქვს თქვენი და თქვენი სამეფოსი".
მისიონერები დარდანელში რომ მოვიდენ, ევროპის ხელმწიფეთა ჯაშუშობა
დასწამეს; ამიტომ იქაურმა ფაშამ დაატყვევა და ჯარჩებით გამოგზავნა
კოსტანტინეპოლში, სადაც შებორკეს და სამუდამოდ საპყრობილეში ჩასვეს.
ოსმალებმა საყრობილეში დიდი შეურაცხება და შეწუხება მიაყენეს მისიონერებს და
გამაჰმადიენება არა ერთხელ ურჩიეს, რათა თავი დაეხსნათ ტყვეობისაგან., ლევან
დადიანის ელჩი პატრი იოსებ ჯუდიჩი, ბევრის მწუხარების გამოვლის შემდგომ,
საპყრობილეში ბორკილებით ხელ-ფეხ შეკრული გარდაიცვალა.
რადგან იმ თეათინელებთან ერთად დომინიკიანი პოლონელი მღვდელიც იყო
დატყვევებული, მიჰმართა კოსტანტინეპოლში მყოფს პოლონეთის სამეფოის
ელჩსა, რომელმაც მისი ამბავი თავის მთავრობას აცნობა. მალე მოვიდა
პოლონეთიდგან კოსტანტინეპოლში საგანგებო ელჩი. თუ ამის შემწეობით და თუ
საფრანგეთის ელჩის საშუალებით, როგორც იყო, გათავისუფლდენ მისიონერები
ტყეობისაგან. იმათ კოსტანტინეპოლში შეუერთდა ერთი თავიანთი თეათინელი
პატრი გაეთანო დალესანდრი და მორჩილი ძმა ქლაუდიო. ოთხივე იქიდგან
წამოვიდენ სამეგრელოში და, დიდის შეწუხების გამოვლის შემდგომ, მოვიდენ
ოდიშში 6 აგვისტოს 1647 წ. დადიანმა რა სცნა ახალმოსული მისიონერებისაგან
პატრი იოსებ ჯუდიჩის სიკვდილი, დიდად შეწუხდა და თავის თავს ყვედრება
დაუწყო ასეთის საჭირო კაცის მოშორებისა და გაგზავნისათვის, რადგან ძლიერ
ენდობოდა და უზომოდ უყვარდა.
ახალმოსულმა მისიონერებმა სამეგრელოს ჰაერი ვერ აიტანეს, დასნეულდენ
და მალე პატრი გაითანოც გარდაიცვალა. სხვები კი, როგორც იყო, რავდენისამე
თვის შემდგომ განიკურნენ და შეუდგნენ ერის სამსახურს თავიანთ
წინამოადგილეთა მსგავსად.
მისიონერებს სახლთან ერთი თავშესაფარი საგლახაკოც ჰქონდათ, საცა
უმწეოდ დარჩენილებს ინახავდენ. იმ ხანად იქ შეხიზვნიათ ერთი დედაკაცი
სახელად ვარდია, რომელიც იმერელი ყოფილა და ომის დროს მეგრელებს ტყვედ
წამოეყვანათ. როდესაც მოხუცებულა და შრომა აღარ შესძლებია, თავის ბატონს
სახლიდგან გაუგდია და უთქვამს: ტყუილად ნუ სტირი, ჩემს სახლში აღარ
მინდიხარ, წადი, მიმართე ფრანგებს, ისინი ღვთის კაცები არიან, სამადლო საქმეს
შვრებიან. შეგეწევიან, მშიერს არ მოგკვლენ და მგელს არ შეაჭმევინებენ შენს
თავსო.” გაჭირვებული დედაკაცი წასულა ტირილით, როგორც ყოფილა, მიუგნია
პატრებისათვის, რომელთაც მართლა სიყვარულით მიუღიათ ცოცხალ-მკვდარი
დედაკაცი, მოუსულიერებიათ, სარწმუნოებაში გაუწვრთნიათ და, რადგან დიდი ხნის
სიცოცხლე აღარ ჰქონია, სასიკვდილოდაც მოუმზადებიათ. მართლაც რავდენისამე
დღის შემდგომ დედაკაცი ძლიერ კეთილად გადაცვლილა; პატრებისაგან მიუღია
ყველა საიდუმლოები და მათდამი მადლობით და ლოცვა-კურთხევით დაულევია
თავისი ცხოვრება.
მოგვითხრობენ აგრეთვე, თუ როგორ მოუნათლავსთ რავდენიმე ახალგაზდა
თუ ქალი და თუ ვაჟი და როგორ მიუღებინებია მათთვის კათოლიკე სარწმუნოება.
მაგრამ უფრო ყურადსაღებია, რაც პატრი ლამბერტიმ ჩაიდინა. სამეგრელოში
თურმე მთავრისაგანაც მკაცრად აკრძალული ყოფილა ორი ცოლის შერთვა. ამ
კანონის წინააღმდეგობა მოუწადინებია დადიანის ერთ აზნაურს. ერთი ცოლი კიდეც
ჰყოლია, მაგრამ იმავე დროს დედოფლის მხლებელი ქალი შეჰყვარებია და
მოუნდომებია იმაზე ჯვრის დაწერა. თავისი სურვილის შესასრულებლად
მიუმართავს დედოფლისათვის და სხვათა შორის უთქვამს, ერთცოლობა
სამეგრელოში დაწესებულია მოქალაქობრივის მოსაზრებით და ღვთაებრივის
სჯულის მიერ აკრძალული არ არისო და მაგალითად დაუსახელებია აბრაჰამ,
დავით, იაკობ და სხვა; ბევრი უთხოვნია მთავრის წინაშე მიშუამდგომლეთ, მეორე
ცოლის შერთვის ნება მომცესო. კაციც და ქალიც დედოფლის ერთგულნი ყოფილან
და ამიტომ იმასაც მთავრისათვის უთხოვნია ნების მიცემა. მთავარს თანხმობა
გამოუცხადებია. ეს რომ გაეგო პატრი ლამბერტის, მაშინვე მისულა დადიანთან და
უთქვამს: „ერთის უჯერო ნების დასაკმაყოფილებლად სამეფოს ძველის დროის
კანონები არ უნდა მოშალოთ, თორემ ასეთი ქცევა დიდ არეულ-დარეულობას
გამოიწვევს და შემდეგში კიდევაც რომ გინდოდესთ, გაფუჭებულ საქმეს ვეღარას
უშველით. თქვენი სარწმუნოების პირვანდელ დედას, ნინოს არ უსწავლებია
ესრეთი სამარცხვინო დოგმა. ადამიანს ნება არა აქვს ჰქმნას ის, რასაც ღმერთი და
ბუნება უკრძალავს. რომა წინააღგიდგება, მძიმე შეჩვენებით შეგკრავს და
დაგსახავს ეკკლესიის შვილათ კი არა, როგორც აქამდე იყავით, არამედ მის
უდიდეს მტრად. სიმდაბლით გევედრები, თქვენი სულის პატივისათვის, ნუ ინებებთ
და ნუ დაჰკარგავთ თქვენის მეფობის იმ კეთილსა და ბრძნულს სახელს, რომელიც
აქამდე შეგიძენიათ". რადგან დადიანს მისი დიდი სიყვარული და პატივისცემა
ჰქონდა, უსმინა თხოვნა და დაჰპირდა, ასეთ საქმეში არაფერს შევსცვლიო;
ეგრეთვე სთხოვა მოსულიყო დედოფალთან და კარგად ჩაეგონებინა ისიც.
ლამბერტი სიხარულით მივიდა მასთან და დაუწყო ჩაგონება; მალე დაანახა თავისი
შეცთომილება. დედოფალი დაჰპირდა, ასეთის უწესოების ნებას არავის მივცემო.
დედოფალმა თავისი მხრით კარგად ჩააგონა შეუღლებას მოწადინებული ქალი და
კაცი. ამნაირად ესრეთი დიდად მავნებელი უწესოება სამეგრელომ თავიდგან
აიცილა ლამბერტის წყალობით.
დადიანს ისე მიაჩნდა პატრები, რომ მათ სთვლიდა თავისი სამთავროის
ძვირფას სამკაულად. როდესაც მასთან უცხო ვინმე მოვიდოდა, მაშინვე წაიყვანდა
მათ სანახავად და ეუბნებოდა, რომ თავის სამეფოში მათზედ უკეთესი სხვა არავინ
გააჩნდა.
რადგან პატრი არქანჯელო ლამბერტი დასნეულებული იყო, რომას
მოსთხოავა ნება უკან დაბრუნებისა. ამიტომ 18 ოქტომბერს 1649 წ. წავიდა
იტალიაში და თან წაიყვანა ერთი ახალგაზდა გურული სახელად ივანე, რომელიც
ძლიერ კარგი კათოლიკე ყოფილა და საკმაოდ სცოდნია იტალიურიც. მაგრამ
სამწუხაროდ ზღვის დიდის ღელვის გამო ძლიერ შეწუხებულა. რა გავიდენ სინოპში
დასასვენებლად, იქვე გარდაიცვალა 5 იანვარს 1650 წ. ხოლო იქიდგან ლამბერტი
მარტო გაბრუნდა და მივიდა თავის სამშობლო ქალაქ ნეაპოლში, სადაც დასწერა
და გამოსცა თავისი შესანიშნავი „სამეგრელოს აღწერა” (Relatione della Colchide)
1654 წ. და შემდგომ, ესე იგი 1657 წ. „წმიდა კოლხიდა” (Colchide sacra).
ლამბერტიმ ქართლსა, თუ სამეგრელოში დაჰყო 20 წელიწადი, დიდი
სამსახური მიაგო ქართველთა ერს თუ სულიერად და თუ ხორციელად. თავისი
შრომით შეიქმნა იგიც საქართველოსთვის ერთი დიდი და დაუვიწყარი მოღვაწე.
ამისი საქართველოდგან რომაში გაგზავნილი შესანიშნავი წერილი ბევრი
ჩაგვივარდა ხელში და ბევრი კიდე დაკარგულია.
ლამბერტის წასვლის შემდგომ სამეგრელოში არ შემცირებულა კათოლიკობის
გავრცელება, არამედ მუდამ ძლიერდვბოდა ისე, როგორც უწინ. მისიონერები
თავიანთ შრომას და სარწმუნოების წარმატებას რომაში თავიანთ უფროსებს
ხშირად აცნობებდენ. მაგრამ ამ საინტერესო წერილებიდგან ზოგი მაშინვე
იკარგებოდა და ზოგიც შემდეგში სხვა-და-სხვა გარემოების მიზეზით აქეთ-იქეთ
იფანტებოდა, რისგამო ჩვენამდე უმეტესმა ნაწილმა ვერ მოაწია.
შემდგომ წლებისა მხოლოდ ერთი წიგნი გვაქვს ზემოდ ხსენებულის პატრი
ქრისტეფორესი, რომელსაც 1652 წ. რომაში მიუწერია ესრეთ:
„თქვენო უმაღლესო ხელმწიფებავ,
„თქვენს უმაღლესობას ჩვენი საყოველთაო უფროსი უკვე აუწყებდა ჩვენი
წმიდა მისიონის გარემოებას და წარმატებას. მისიონში დიდი ნაყოფის გამოღების
იმედი გვაქვს, თუ გვეყოლა კაი დამტევი მისიონერები, რადგან მეტად მივაჩნივართ
და პატივს გვცემენ აქაური ყველა მთავრები, მეტადრე იმის გამო, რომ მოვნათლეთ
მთავარი, ერთად-ერთი შვილი და მემკვიდრე ალექსანდრე ქართველთა მეფისა,
რომელიც ქუთაისში სცხოვრებს. ამ ქალაქში მონასტერი გვაქვს, მაგრამ ეხლა
არავინა გვყავს, რომ იქ დავაყენოთ; აქ სულ სამნი ვართ, ორი ახლად მოსულია,
არ იციან აქაური ენა და არც აქაურობის გამოცდილება აქვსთ. ამიტომ სამეგრელოს
ვერ მოშორდებიან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ერევანშიაც
შეგვიძლია შრომა. ჩემს ამხანაგებში ზოგი გარდაიცვალა. ზოგიც უკან დაბრუნდა.
ოც წელიწადზე მეტია, რაც წმიდა კრებას ამ ექსორიაში ვემსახურები. უკვე
დავდროულდი და თანაც ბევრნაირად დავსნეულდი, ამიტომ უკან დაბრუნების ნება
ვითხოვე, ჩემს სამშობლოსა და ჩემს მონასტერში დავასრულო ჩემი ცხოვრება.
გარნა თუ ჩემი უფროსნი საჭიროდ დაინახვენ ჩემს კვალად აქ დარჩენას, არ
გავექცევი შრომას, ოღონდ მიშოვნონ დამტევი მისიონერები, რაოდნათაც კი
შეიძლება მალე. მეც მზათ ვარ სიკვდილამდე განვავრცო აქ ჩემი შრომა ღვთის
წმიდა სარწმუნოების სამსახურისთვის. აქ ბევრს შეწუხებას და შრომას ვსწევ და
ხანშიაც შევედი, არც მომდის საჭირო შემწეობა თავის დროზე. თუ უფროსთა
მიბოძეს ნება, მოვალ მათ ფერხთა წინაშე და ვიქმნები, როგორც ერთი
უკანასკნელი.
„ქართველი და მეგრელი ბავშები და ახალგაზდები გასულ წელს მოვნათლე
ოთხასი. წრევანდელი მონათლულებიც იმდენივე იქმნებიან. ეგრეთვე მოვნათლეთ
მთავრის ლიპარიტიანის ორი შვილი უფროსი და უმცროსი და მათთან ბატონი
აბულია პისკაია, რომელიც ამ ძველის-ძველი ოჯახის თავია და პატრონი კავკასიის
მთების ერთი ნაწილისა, სადაც თვით სცხოვრებს. მსგავსადვე თავიანთ
ეკკლესიაშივე მოუნათლე თავისი უფროსი შვილი მამუკაი და მისი უმცროსი ძმაც,
რომელმაც ინება მასთან ერთად შერაცხულიყო იესო ქრისტეს მხედრად.
„კავკასიის მთებსა და მის გვერდობზედ მცხოვრებ ერს (რომელიც
აღურაცხველია) არა აქვსთ არც წიგნი, არც საკუთარი ანბანი და არც ქართულს
ანბანს ხმარობენ; სრულებით არ იციან, თუ რა არის არითმეტიკა; დასათვლელად
ხმარობენ ხან კრიალოსნის მარცვლებს და ხანაც კენჭებს და თოფის ნასკვებს. ამ
უბედურების მოსასპობად ახალი (გამოგონილის) ასოებით დაუწერე წიგნები.
ძრიელ მოეწონათ, ამიტომ იმედია მალე შეისწავლონ ეს მეცნიერება. შეიძლება
თქვენც გამოგიგზავნოთ ამ წიგნის ერთი ეგზემპლიარი. მათ დავუწერე ახალი
ანბანი, რომელიც გამოირჩია მთავარმა, რადგან მხედრული და ხუცური ასოები
ბევრნაირი დავუწერე. არითმეტიკასთან იქმნება ამათ ეგზემპლიარებიც როგორმე
შევიძლო და მოგაწვდინოთ, თუმცა წერილები ადვილად იკარგება ახლანდელი
ომების გამო. ამითი ვასრულებ ამ წერილს. უმდაბლესად მოგესალმები და
ვემთხვევი თქვენს ბისონს და მასთანვე გავედრებ ჩემს ცოდვილს თავსა და ამ
წმიდა მისიონს. უფლის მიერ თქვენი უმაღლესობის ყოვლად მდაბალი მონა, პატრი
ქრისტეფორე კასტელი თეათინელი საქართველოს და სამეგრელოს უღირსი
მისიონერი, 1652".
როგორც ჰგავს, პატრი ქრისტეფორე მალე გაბრუნებულა იტალიაში, რადგან
იმის შემდგომ მას ვეღარ ვხედავთ სამეგრელოში.
1655 წლისა მარტო ერთი წერილი გვაქვს. ისიც გვიჩვენებს იმ დროებში
კათოლიკობის წარმატებას. ვრცელი წერილია და სამეგრელოში მყოფ სამ
მღვდელს ერთად მიუწერიათ. რადგანაც შესანიშნავია, ამიტომ თავის ტექსთითვე
მოვიყვანთ წერილის იმ ადგილებს, რაიც ჩვენთვის უფრო საინტერესოა. იმაშივე
იხსენებენ თავიანთ წინანდელ გაგზავნილ წერილებს, რომელიც დაკარგულა.
„... პირველად სხვათა შორის მოვიწერეთ, რომ ახლანდელი მონათლულების
რიცხვი გავლილ წლებში მონათლულებზე ნაკლები არ იყო. მოინათლნენ სამას
სულამდე, ამათგანი ბევრნი, დარწმუნებული ვართ, დღეს სასუფეველში საუკუნო
დიდებით სტკბებიან. ეგრეთვე იყო მოხსენებული, თუ როგორ მოვნათლეთ ერთი
ახალგაზდა მეგრელი სიკვდილის დროს... ამასთანავე გაუწყებთ, რომ ღვთის
შემწეობით, დიდი ნაყოფი გამოიღო ჩვენმა მეცადინეობამ, რასაც სიამოვნებით
წარმოუდგენთ თქვენს პატივცემულს მამობრივ ღირსებას. ჩვეულებისამებრ, რიგით
დავიწყებთ, მოხსენებას. ჯერ ნათლობის ამბავს მოგახსენებთ. გაუწყებთ, რომ
წრეულაც ბევრი ბავში მოვნათლეთ, სულ ას ორმოც და ათამდე იქნება. უფრო
ბევრი იქნებოდა გამუდმებით უქეიფოდ რომ არ ვყოფილვიყავით. აქაური ჰაერი
ძალიან გვნებს და გვჩაგრავს, თითქმის ყველა ჩვენთაგანი საშინლად იტანჯება.
ხოლო იმ ბავშებს, რომლებიც ჩვენი სრული უფლების ქვეშ არიან, ვნათლავთ
ეკკლესიაში დიდის ამბით; ეხლა ორი მზად გვყავს მოსანათლად; თუ ღმერთმაც
ინება, შევასრულებთ პირველ დღესასწაულშივე. წრეულ, ღვთის შემწეობით,
მოვნათლეთ ჩვენის სახლის კაცთაგანი ერთი ახალგაზდა, რომელიც სიკვდილის
პირს იყო. ჯერ კარგად გამოვიძიეთ მისი სურვილი. და ვსცანით, რომ უნდოდა
წმიდა ეკკლესიის წიაღსა ქრისტიანურად. მიცვლილიყო. შემდგომ მონათვლისა
განიკურნა.
„მთავარი დადიანი და მთელი ოდიში თავიანთ ჩვეულებრივ სიყვარულს
გვიმტკიცებენ. ჩვენც ყველანი ჩვენის მხრით ვცდილობთ შევეწიოთ მათ
განუსაზღვრელის სიყვარულით და ვსწამლობთ, რაც კი დასჭირდება და როცა კი
მოგვმართვენ. თითქმის ყოველ დღივ ვსწამლობთ და სიამოვნებით მივდივართ მათ
სახლებშიაც, როდესაც დაგვიბარებენ, რის გამო დიდი შეწუხება გვადგება...
„რა კი მთავარი ნდობითა და სიყვარულით გვეპყრობა, მისნი ქვეშევრდომნიც
ამავე გრძნობას გვიცხადებენ. პატრიარქი, აქ კათალიკოსად წოდებული, მუდამ
დიდს სიყვარულს გვიცხადებს, ხშირად სახლში გვიგზავნის დიდს მოწყალებას და
როდესაც შემთხვევა მოგვეცემა მისის ნახვისა, მუდამ დიდის პატივით გვეპყრობა.
კათალიკოსის შემდგომ ყველა სხვა დანარჩენი ეპისკოპოსებიც სიყვარულით
გვეპყრობიან. მაგრამ მათ შორის ერთი უმთავრესი, რომელსაც უწოდებენ
წალენჯიხელი (Scalingichelli), უმეტეს სიყვარულს გვიცხადებს. ამიტომ საჭიროდ
ვსთვლით თქვენს პატიოსან მამობრივს ღირსებას იმისი ამბავი განსაკუთრებით
მოვახსენოთ, რათა ჩვენმა ორდენმა მისი სასელი განსაკუთრებით დაიხსომოს.
როდესაც დიაკონი და მწირი ბერი იყო, ისე გვემტერებოდა იგი და ისეთ
წინააღმდეგობას გვიცხადებდა სარწმუნოების საქმეში, უმეტესი აღარ შეიძლებოდა.
სხვათა შორის ერთხელ, მას აქეთ რავდენიმე წელიწადია, უჩვენა ეს მტრობა ერთ
ჩვენთაგანს ბჭობაში დადიანის წინაშე; სახელად ერქვა ილარიონ; როდესაც
ეპისკოპოსი გახდა, ჩვენს მამებთან ისე მოიქცა, რომ მათ არც სიავე და არც სიკეთე
უყო. ერთხელ რაღაც შემთხვევის გამო მოვიდა ჩვენს სახლში და იმ დროს ნახა
ცხენით სატრიალებელი წისქვილი, რომელიც ჩვენებს გაეკეთებინათ
საჭიროებისათვის.16 წისქვილი ძრიელ მოსწონებია წალენჯიხელ ეპისკოპოსს და
უთხოვნია მისი გამკეთებელი წასულიყო მასთან წალენჯიხის საეპისკოპოსოში,
რათა იქაც გაემართა. პატრიც წაჰყვა, გაუკეთა წისქვილი, როგორიც უნდოდა.
ეპისკოპოსს ძრიელ მოეწონა და კარგადაც დაასაჩუქრა პატრი; მას აქეთ ძრიელ
შეგვიყვარა თუ გამკეთებელი პატრი და თუ ჩვენ ყველა ერთიანად; ახლა შეიქმნა
უმეტესად საყვარელი, ჩვენი კეთილის მყოფელი და საუკეთესო მეგობარი, რადგან
ახლა ყველგან გვაქებს და კარგად გვიხსენიებს. ხშირად გვეწევა დიდის და უხვის
წყალობით: მოწყალებად გვიგზავნის ეკკლესიისათვის წმიდა სანთელს, რომელიც
მთელ წელიწადს გვყოფნის; გვიგზავნის ხშირად და ბლომად ღვინოს, მეტადრე
წრეულს, რომ მოსავალი სრულებით არ იყო; ეგრეთვე საჩუქრად გვიგზავნის
ცხვრებს, ძროხებს; ხშირად ჰპატიჟობს წისქვილის გამკეთებელ პატრს თავის
საუკეთესო მამულებში ჰაერის გამოსაცვლელად და დიდათ ეალერსები არა მარტო
მას, არამედ ყველა ჩვენთაგანს, როდესაც მის სახლში მისვლა მოგვიხდება,
რადგან აქაურებში ყველაზე უფრო ნასწავლი, ყველაზე უფრო გულისხმიერი და
ადვილ შესათვისებელია. ყოველ ავ ღირსებას მარტო თავისის სათნოებით მიეწია.
16 ეს წისქვილი ოთხი ადვილად სატრიალებელი ქვით ყოფილა. ამის დანახვაზედ მეგრელები თურმე ძრიელ
ჰკვირდებოდნენ და პირჯვარს იწერდნენ. დადიანსაც ძრიელ გაჰკვირვებია და თავისთვისაც გაუკეთებინებია.
სიამოვნებით წარმოგვიდგენს ბევრს საეჭვო კითხვას სარწმუნოებისას; ეგრეთვე
გვკითხავს ევროპიელის მთავრების ამბავს, მეტადრე რომის პაპის ამბავს და
ყოველსავე, რაც შეეხება რომის სამთავროს. გულმოდგინებით ისმეს ჩვენს პასუხს.
ცხადად აღიარებს, რომ მეგრელი მღვდლები ნათლიღებას სწორედ არ
ასრულებენ, რადგან მათ წიგნებში ისე არა სწერია, როგორც ბერძნულშია და
თავისი წიგნებიც გვაჩვენა. დადიანს ამ პატიოსანის ეპისკოპოსის დიდი პატივისცემა
აქვს. აწინდელი კათალიკოსი კარგად ხნიერია. იმის სიკვდილის შემდგომ იმედი
გვაქვს ეს გახდეს კათალიკოსი. თუ მართლა ასე მოხდა, როგორათაც ვევედრებით
უფალსა, თუ ჩვენთვის და თუ ჩვენი მისიონისათვის ძრიელ კარგი იქმნება. ინებოს
უფალმა ღმერთმა ისე, როგორც უფრო სჯობდეს.
„საეკკლესიო პირთა გარდა, ყველა ხარისხის და მდგომარეობის ერის კაცნიც
ძრიელ კარგად გვეპყრობიან; ყველასი სათითაოდ ჩამოთვლა მეტად შორს
წაგვიყვანს. ამათ შორის უფრო ღირსი პატივისა და ჩვენის განსაკუთრებულის
ყურადღებისა აქაური უმთავრესი ბატონი ვამეყ ლიპარტიანი და მისი მეუღლეა.
მთავრის სიკვდილის შემდგომ, შეიძლება მისი ტახტი ამას დარჩეს, რადგან
უმახლობელესი და ღირსეული ნათესავია. ეს ბატონი და მისი მეუღლე, ასული
ერთი გურული თავადისა, დიდსა და განსაკუთრებულს სიყვარულს გვიცხადებენ და
პატივს გვცემენ, ისე, რომ ეგოდენი პატივის მიღება გვერცხვინება კიდეც; ამიტომ
ჩვენც დაუცხრომელად მადლობას ვწირავთ ღმერთსა. მართალია ჩვენც ჩვენის
მხრით არას ვზოგავთ და რაც კი შეგვიძლია ვცდილობთ მათი გული მოვიგოთ და
ვაამოთ...
„ღარიბსა და მდაბიო ხალხს რაოდნათაც კი შეგვიძლია, მუდამ სიყვარულით
ვემსახურებით. ყველას უსასყიდლოდ ვაძლევთ ყველანაირ წამალს, როდესაც კი
მოგვმართვენ, რაც თითქმის ყოველ დღივ ხდება; ეგრეთვე ვეწევით მათ სხვა
თავიანთი საჭიროების დროსაც. ამა ყოველასფერს ვყოფთ მარტო იმიტომ, რომ
ვეწიოთ ჩვენს მიზანს, ესე იგი, რათა მოვნათლოთ მათი ბავშები და ქორფები, მათ
სულთათვის სასარგებლო რამ ველაპარაკოთ, უმღრთოობა ავარიდოთ,
გავწვრთნათ სარწმუნოებაში და ვაქმნევინოთ კეთილი საქმე, როგორათაც მოვალე
ვართ, ვითარცა მისიონერები...
„ჩვენის სახლის მდგომარეობისას გაუწყებთ, რომ, ღვთის შემწეობით, თუ
სახორციელო და თუ სასულიერო მხრით საკმაოდ კარგად მიდის... ჩვენი
სასულიერო მდგომარეობაც ძლიერ კარგად არის...
„მესამედ, დიდის გულმოდგინებით ვწვრთნით იმ ბავშებს, რომლებიც ჩვენს
ხელთ არიან და ითვისებენ საქრისტიანო მოძღვრებას; მათი ნიჭიერების დაგვარ
ვასწავლით ეგრეთვე „მამაო ჩვენოს”, „გიხაროდენს", „მრწამსს" ღვთის მცნებათა
და სხვა ლოცვებს, ეგრეთვე წირვის დროს დახმარებასაც. ეხლა გვყავს ერთი ათი
წლის ბავში, რომელმაც ჩვენ დიაკვნებსავით ძრიელ კარგად იცის წირვის დროს
დახმარება, კითხვა და ზეპირად ბევრი ლოცვა თუ ქართულად და თუ ლათინურად:
საუცხოვო საყურებელია, როცა ამბობს. ჩვენი სახლის მოზდილ პირთ ყოველ კვირა
და მთავარ უქმე დღეობით წირვას ვასმენინებთ და ნიადაგ ვწვრთნით, რათა
სასუფეველის კეთილ გზას დაადგნენ...
სამეგრელოდგან 16 სექტემბერს 1655.
პრეფეკტო პატრი ანდრია ბორომე, პატრი ივანე მონთი, პატრი იოსებ ძამპი".
მოყვასისათვის ასე თავდადებით შრომობდენ მისიონერები, მაგრამ ცუდს
ჰაერს ვეღარ გაუძლო მათმა აგებულებამ და მათგან ორი პატრი მონთი და მარსი
გარდაიცვალნენ; დარჩნენ მხოლოდ პრეფექტო ბორომე და პატრი ძამპი. ერის თუ
სულიერს და თუ ხორციელს ეგოდენ საჭიროებას ეს ორი ვეღარ ასდიოდა. არა
ერთხელ მისწერეს რომას და მოითხოვეს ახალი მისიონერები, მაგრამ იქიდგან
წამოსვლა ადვილად ვეღარავინ გაბედა. სამეგრელოში თეათინელების უდროვო
სიკვდილმა ძრიელ დააშინა იტალიაში მყოფნი მათნი თანა მოძმენი. ამიტომ
აღარავინ მოდიოდა ამ მისიონში. ბევრის ლოდინის შემდეგ რა ნახეს, ახალი
აღარავინ მოდიოდა, პატრი ანდრია ბორომემ რომას წასვლა გადასწყვიტა. მისის
წასვლის მიზეზი ერთის მხრით ის იყო, რომ თვითონაც დასნეულდა და მუშაობა
აღარ შეეძლო, მეორის მხრით ის, რომ უნდოდა ახალი მისიონერები ეშოვნა
სამეგრელოში გამოსაგზავნად. თავისი აზრი დადიანსაც შეატყობინა. მთავარი
დათანხმდა იტალიაში გაეშვა იმ პირობით კი, რომ, სხვა მისიონერებს თუ ვერ
იშოვიდა, მაშინ თვითონ მაინც მობრუნებულიყო. ეგრეთვე ნება მისცა ერთი
თავიანთი ყმათაგანი საჩუქრად წაეყვანა. ამის შემდგომ გამოემშვიდობა დადიანს
და წავიდა რომას 1661 წ. მაგრამ იქ ახალი მისიონერების შოვნა გაუჭირდა.
პროპაგანდამაც რა ნახა, თეათინელთაგანი სამეგრელოში აღარავინ მიდიოდა,
დააპირა გამოგზავნა კაფუცინებისა, რომლებიც იმ დროს ქართლს მოდიოდენ. ამ
ამბავმა ძლიელ დააფიქრა თეათინელები და დიდად დანანდათ სხვისთვის
დაეთმოთ ეგრეთი ნაყოფიერი მისიონი, სადაც ეგოდენი ნაშრომი ჰქონდათ. ამიტომ
აღმოჩნდენ წამომსვლელები და მალე, ესე იგი 1663 წ. დეკემბრის 7, მოვიდენ
სამეგრელოში პატრი პეტრე ჯირჯენთი, პატრი ანდრია ნესტა და ძმა კარლო
ჯულიანი.. ამათი მოსვლა დიდად სასიხარულო შეიქმნა თუ მეფისა და თუ ყველა
ოდიშართათვის. ახალი მისიონერები დიდის გულმოდგინებით შეუდგნენ საქმეს.
მათმა მისიონმა უწინდელებრ აღორძინებ ა და იწყო. პროპაგანდის
დასამშვიდებლად პატრი ძამპიმ 1665 წ. ერთი ვრცელი მოხსენება გაუგზავნა და
აუწყა ყველა თავიანთი მეცადინეობა და ნაყოფიერი შოომა. სხვათა შორის იმ
წერილსში ეუბნება.. მთავარმა ბევრი თავად-აზნაურის შვილი მოგვანდო კათოლიკე
სარწმუნოებაში გასაწვრთნელად; ჩვენს ეკკლესიაში მეგრელები მრავლად მოდიან,
ქადაგებას, წირვა-ლოცვას გულ მხურვალებით ისმენენ, აღსარებას გვეუბნებიან და
ეზაირებიანო.
რომაში რა მოისმინეს მისიონის ესრეთი წარმატება, მალე ახალი სხვა ორი
მისიონერი პატრი იაკობ ვიქარიისა და პატრი იოსებ თორაჩელი გამოგზავნეს.
მაგრამ ისინი რა მოვიდენ კოსტანტინეპოლს, შეიტყეს სამეგრელოში მომხდარი
ომის ამბავი და 13 ივნისს, 1667 წ. რომაში კარდინალს აცნობეს: „ჩვენი მისიონის
ამბავი ძრიელ სამწუხაროა, სამეგრელოს მთავარი მტრისაგან ძრიელ
შეწუხებულია, ჩვენი სახლი ერთიან გაუოხრებიათ და ჩვენები აქეთ-იქეთ
გაბნეულან. ინებოს ღმერთმა, როცა იქ მივალთ, ფეხის მოსაკიდი ერთი ადგილი
ვიშოვოთ. ეს ყველა მოგვითხრა პატრი კარლო სან-მარინელმა კაფუჩინმა,
რომელიც ეხლა იქიდგან მოვიდა და რომას მოდის. მაინც კი ჩვენს ბედს ვსცდით და
უკან არ დავიხევთ გასაჭირის წინაშე. შევიტყეთ, რომ იქაური ეკკლესსიიდგან
წაუღიათ თუ წმიდა ჭურჭლები და თუ ეკკლესიის სხვა ნივთები, ამიტომ აქვე
ვიშოვეთ ბარძიმი და ლანგარი. დანარჩენებიც, რაც საჭირო იქმნება, იმედი გვაქვს,
ვიშოვოთ".
ამავე პატრს, 8 ოქტომბერს 1666 წ. იმერლებისაგან სამეგრელოს მოოხრების
ამბავი მიუწერია რომაში მოკლედ დი მასთანვე აუწყებდა, რომ ამ ომისას
ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობთ პატრი ჯირჯენთის ვრცელი წერილიდგანო.
წერილი ერთსა და იმავე დღეს არაა გაგზავნილი. მისი აქ მოყვანა შორს
წაგვიყვანს, რადგან საკმაოდ ვრცელია და ჩვენთვის საჭიროც არ არის. ხოლო
მოკლედ მოვიხსენიებთ შემდეგს: 1665 წ. სამეგრელოს მთავარს დადიანს დაუწყია
ომი იმერეთის მეფესთან, მაგრამ დამარცხებულა. რადგან ამ დროს მდინარე
დაპატარებული იყო, ამისთვის ცხენებით გასულან იმერლები და აუკლიათ ერთიან
სამეგრელო, ეგრეთვე მისიონერების სახლი და ეკკლესიაც; ყველა მათი
ავეჯეულობა წაუღიათ, ყმები ტყვედ წაუყვანიათ, საქონელი აღარაფერი გაუშვიათ,
ყველა წაუსხამთ; პატრებისათვისაც ბევრი შეწუხება მიუყენებიათ. უფროსისათვის
ხელები უკან გაუკრავთ და გულზედ შუბი დაუჭირებიათ, რათა რაც ფული ჰქონდა,
ყველა მიეცა; გაუშიშვლებიათ და მარტო პერანგის ამარა დაუტოვებიათ; ასე რომ
მშიერ-მწყურვალნი დარჩენილან: ვერც ხალხისაგან რამ შემწეობა მიუღიათ,
რადგან ყველა ისევე გაშიშვლებული დარჩენლა. ამიტომ პატრი თავისს უფროსს
სთხოვს საჩქარო შემწეობას, რათა მშიერი არ დაიხოცონ.
იმერლები არ დაჯერებულან ამას და სამეგრელო ხელმეორედ აუკლიათ.
როგორც პატრი ანდრია ნესალი სამეგრელოდგან სწერს რომაში 15 სექტემბერს,
1667 წ. ამ წლის იანვარში იმერეთის მეფე უცბად დასცემია თავს მეგრელებს,
ერთიან აუკლია კიდევ სამეგრელო, ვისაც გაქცევა და დამალვა ვერ მოუსწვრია,
ტყვედ წაუყვანიათ და ეგრეთვე დაუტყვევებიათ თეათინელების ერთი მორჩილი
ძმაცა, რომელიც შემდეგში დიდინ შეწუხებით და თავადების შუამდგომლობით
ძლივს გათავისუფლებულა.
რადგან პატრი იოსებ ძამპიმ ათ წელიწადზედ მეტი დაჰყო სამეგრელოში,
რომამ ნება მისცა, უკან დაბრუნებულიყო იტალიაში და კიდეც წავიდა 1665 წ.*
(*მისიონერები 10 წლის ვადით მოდიოდნენ საქართველოში.) ხოლო ამ მისიონს
რა შემოაკლდა კაცი და შესაფერი პირიც ადვილად ვეღარ იშოვეს გამოსაგზავნათ,
პროპაგანდამ სთხოვა პატრი ძამპის, რომ ისევ უკან დაბრუნებულიყო; მასვე მისცა
უფროსობაც. სამეგრელოს სიყვარულისათვის თავს იდო ხელმეორე მისიონი და
მობრუნდა სამეგრელოში 1669 წ. სექტემბერში. რადგან სამეგრელოს
საპატრონებლად იტალიაში ადვილად ვეღარავის პოულობდენ, რომამ, 15
დეკემბერს 1670 წ., პატრი ძამპის ნება მისცა, რათა სამეგრელოდგან ორი
ახალგაზდა კათოლიკე გაეგზავნა პროპაგანდის კოლეგიაში, რომ გაწვრთნილნი
მღვდლად კურთხვილიყვნენ და უკან დაბრუნებულიყვნენ თავიანთი მოძმეების
მოსავლელად. სამწუხაროდ არავითარი წერილი გვაქვს იმის შესახებ, თუ ვინ
გაიგზავნა რომაში სამღვდელოდ.
პატრი ძამპი სამეგრელოში დაბრუნებისათანავე გულმოდგინედ შეუდგა
შრომას. მალე დააყენა ფეხზედ ბევრჯერ განადგურებული მისიონი და ააყვავა
უწინდელებრ. მაგრამ საუბედუროდ, ბევრხანს ვეღარ გასტანა. ლევან დადიანის
სიკვდილით სამეგრელოს კეთილდღეობასაც ბოლო მოეღო. თითქმის ისე
წელიწადი არ გავიდოდა, სამეგრელო რომელსამე მტერს არ აეკლო. რა
საკვირველია, ხშირი ომი და გამუდმებით ქვეყნის მოოხრება მისიონსაც დიდს
ზარალს და დიდ დაბრკოლებას აძლევდა. თუმცა კი ხელში არა გვაქვს, მაგრამ
პროპაგანდის ერთი წერილიდგან ვიცით, რომ პატრი ძამპის რომაში, 30 აგვისტოს
1670 წ. მიუწერია და უცნობებია ახალი ომისა და სამეგრელოს არევ-აკლების
ამბავი. პატრი ძამპი 1672 წელსაც სწერს კიდევ ახალის არეულობის ამბავს და
ამბობს, მეფის მინისტრმა კაცია ჩიქოვანმა (Cacia Ciquani) მთავრობა ხელში
ჩაიგდო და ბევრი უსამართლობა ჩაიდინა, რაის გამო პატრებმა ბევრი გაჭირვება
გამოვიარეთო.
იმ დროებში საფრანგეთის ახალ მწვალებელ პროტესტანტებს თავიანთი
შეცთომების გასამართლებლად განუზრახავთ აღმოსავლეთის ეკკლესიისათვის
სხვა და სხვა ცილი დაეწამებინათ. ეს მწვალებლები ამბობდენ თურმე, რომ
აღმოსავლეთის ეკკლესიას წმიდა ზიარების პურისა და ღვინის სახით იესო ქრისტეს
ნამდვილი მყოფობა არა სწამსო ამიტომ საფრანგეთის მთავრობას მიუმართავს
მთელის აღმოსავლეთის ქრისტიანებისათვის და მოუთხოვნია, შემოეთვალათ მათი
სარწმუნოება ამ საგნის შესახებ რას აღიარებდა, რათა მით მწვალებლები
გაემტყუნებინა. კოსტანტინეპოლში საფრანგეთის ელჩმა დე-ნუანტემ (De Nointe) 19
ივლისს 1672 წ. მოსწერა პატრი ძამპის და სთხოვა სამეგრელოს
ეპისკოპოსებისათვის გამოერთმია მათივე ხელმოწერილი აღსარება
სარწმუნოებისა. პატრი ძამპიმ მიმართა მაშინვე მთავარს, კათალიკოსს და
ეპისკოპოსებს და ადვილად გამოართვა ესრეთი საბუთი ქართულად და მეგრულად
დაწერილი, ყველასაგან ხელმოწერილი და ბეჭედ დაკრული. ლათინურად
სთარგმნა და ორივე გაუგზავნა საფრანგეთის ელჩს იმავე წელს დეკემბერში. ეს
სარწმუნოების აღსარება შეიცავს 9 მუხლს და სრულიად თანახმაა კათოლიკე
სარწმუნოებისა. რადგან ამისი ქართული დედანი ხელში არა გვაქვს, ამისათვის
საჭიროდ არა ვრაცხთ მისი ლათინურის ტექსტის აქ მოყვანას და ქართულად
თარგმნას.
სამეგრელომ ომისა და მოოხრებისაგან წელში ვერ წამოიწია. გამუდმებით
არბევდენ ხან აფხაზები, ხან ჩერქეზები და სხ. ერთიანად აოხრებდენ, აღარც
პირუტყვს და აღარც კაცს უშვებდენ და ყოველგვარს უბედურებას აყენებდენ. პატრი
ძამპის რომას წერილი მიუწერია ამის გამო. წერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 1674
წ. გაგზავნილი, სადაც იგი, სხვათა შორის, ამ ამბავს აგვიწერს: „სამეგრელო,
სამეგრელო აღარ არის, რადგან ომების გამო უკანასკნელ სიგლახაკეშია
ჩავარდნილი, დაქცეული და აოხრებულია. აღარავის ჰყავს საქონელი და ყველას
სარჩო აკლია... ახლა კაცს აღარ შეუძლია უშიშრად იყოს, მუდამ აფხაზების
დაცემის შიშშია, თვით ხომალდები, რომლებიც სავაჭროდ მოდიოდენ კავროს და
მორბილაში, ახლა შიშის გამო ანარგიაში მიდიან. ეგრეთვე ხმელეთზედ ვიდრე
ოღასყურამდე აფხაზებისა ეშინიათ, რადგან იქაურობას ხშირად იკლებენ, რისგამო
არკამაში ჩვენი ხალხი ღამით ტყეშია გახიზნული და დღისით დარაჯები ჰყავსთ
დაყენებული. ისე დაშინებულნი არიან, რომ ჩრდილიც კი აფრთხობს და გაქცევას
აწყებინებს. ოჰ! რაოდნად ვსტირი ჩემს უბედურებას! წმიდა კრებამ რა მომანდო ეს
მისიონი, დიდი ნაყოფის გამოღების იმედი ჰქონდა, მაგრამ ომებმა უსარგებლო
გამხადეს. რავდენისამე ნიჭიერი ახალგაზდის გამოგზავნას ვაპირებდი
პროპაგანდის კოლეგიაში, მაგრამ დაუსრულებელმა ომებმა, ურთი ერთ შორის
უთანხმოებამ და კაცის მკვლელობამ ნება არ მომცა, ყველა ჩემი კეთილი სურვილი
ამესრულებინა. ვცდილობდი გურიაშიაც გამევრცელებინა მისიონი, როგორც წინათ
მოგწერეთ, მაგრამ იქ თავისუფლად შესვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენი
მთავრის დიდი მტერია გურიელი, რომელიც სამეგრელოდგან გურიაში გაიქცა,
რათა უშიშრად ყოფილიყო. ანარგიაში მყოფ საღი ათაბას (Saghi Ataba) ლევან
დადიანის უწინდელ ვეზირს, მასთან მეგობრობა და კარგი განწყობილება ჰქონდა;
ამისგამო მთავარმა, მასზედ რა ეჭვი შეიტანა, დაატყვევა და ერთ ღამეს წაიყვანა
მეჯოლორის (Megiogori) ტყეში და მოაკვლევინა. ამ ნაირად ამ კეთილის
საქმისაგანაც ცარიელი დავრჩი. ღმერთმა ესე ინება"...
ამ დროს პატრებს აღარც სახლი და აღარც ეკკლესია ჰქონდათ, უბინაოდ აქა-
იქ დადიოდენ; საჭმელად ხშირად მხალის მეტი არა ჰქონდათ რა. ამ დიდი
გაჭირვების გამო პატრი ძამპიმ სთხოვა, რომას ნება მიეცა უკან დაბრუნებისა და
მის მაგიერად სხვები გამოეგზავნა. მისი თხოვნა მაშინვე ვერ შეასრულეს და
დააცდევინეს, ვიდრე 1679 წლამდე. ამ წელს 24 აგვისტოს სამი ახალი თეათინელი
მღვდელი პატრი ონორათ დრაგო, პატრი გაეთანო ტურქო და პატრი ფრანჩისკე
ბეცი მოვიდენ და მოიტანეს თან ბევრი საჭირო ნივთეულობა, მასთანვე საკმაო
ფულიც. პატრი ძამპი აქ ბევრ ხანს აღარ გაჩერდა. ამავე წელს სექტემბრის 14
წავიდა იტალიას. სულ 25 წელიწადი დაჰყო სამეგრელოში, საიდგანაც ბევრი
წერილი გზავნა რომას სამეგრელოს შესახებ. მისი წერილი ბევრი გვაქვს, მაგრამ
ყველა კი ვერ ვიპოვეთ. რა მოვიდა რომას, კარდინალებს წარუდგინა სამეგრელოს
შესახებ ვრცელი მოხსენება, სადაც მოკლედ აღწერილია მეგრელების
ნაკლულოვანება სასულიერო საგნებში, მათი სარწმუნოება და ამბობს, ეკკლესიის
დოგმატები ყველა შეწყნარებული აქვთო; ეგრეთვე მოუთხრობს, რასაც შვრებოდენ
თეათინელები სამეგრელოში. ჩვენ მარტო ამ მესამე, ნაწილს მოვიყვანთ.
„...იქ მოსული ჩვენი მღვდლები გულმოდგინე შრომით სპობენ იქაურ
შეცთომილებას.
„ახლა ნათლიღებისა მოგახსენოთ. მრევლის მღვდლებს ასწავლიან, რაც კი
რამ საჭიროა ამ საიდუმლოების შესრულებისათვის. თუ ამა თუ იმ ახალგაზდაზე
ეჭვი შეგვივიდა, იქნებათ სიყრმის დროს სრულად არ იყოს მონათლულიო, მაშინ
ისეთს ახალგაზდას ჯერ სარწმუნოებას აღვიარებინებთ, ცოდვებს მოვანანიებინებთ
და შემდგომ პირობით ვნათლავთ, რათა ბავშები მოუნათლავად არ დაიხოცნენ.
როცა, ხშირად მოხდება, ჩვენი მამები სახლ და სახლ დადიან, რომ მათ გაჭირვების
დროს უშველონ და ავათმყოფებს დაეხმარონ და ამ კაცთ-მოყვარეობითი
საქმისათვის მათ ხშირად იბარებენ, მკურნალობის მიზეზით ნათვლენ ბევრ
ავადმყოფ ბავშსა, რომელთაგან ბევრნი მონათვლის შემდგომ კვდებიან. თუ კერძო
და თუ საჯარო ქადაგებით მშობლებს აგონებენ, ცრუმორწმუნებას თავი დაანებონ
და თავიანთის შვილების მონათვლა არ დააგვიანონ; თან უხსნიან მოუნათლაობა
გავნებსთო.
„ჩვენი მღვდლები ხან მოძღვრებით, ხან კერძო ლაპარაკში ფიცხელად
ჰკიცხვენ მრავალ ცოლობას, რაც შვილის შეძენის აზრით შემოუღიათ და ცხადათ
უჩვენებენ, რომ ეს წინააღმდეგია ქრისტეს სჯულისა და ქრისტიანებრივის
კეთილზნეობისა.17
„სწყევლიან იმ ყოვლად საზიზდარ სიბოროტეს, რომ, ცოტა
სარგებლობისათვის, თათრებზედ ჰყიდიან მაცხოვრის სისხლით დახსნილს
მონათლულ მორწმუნეებს, რომლებსაც საუკუნოდ წაწყმედის განსაცდელში
აგდებენ.
„მათ ცრუ ფიცს და სხვა ყველა უსჯულოებას ვკიცხავთ. ჩვენი სიტყვა
უნაყოფოთ არ რჩება, რადგან, ღვთის მადლით, კარგად გვისმენენ.
„რათა აღსარება ხშირად სთქვან და არაფერი დაფარონ, ორს რასმე
ვშვრებით: პირველად არც რასმე ვსთხოვთ და არც რამ საჩუქარს ვღებულობთ
იმათგან, ვისაც აღსარებას ვათქმევინებთ, რადგან, როცა სცნობენ, მათი
მდვდლებივით პირად ინტერესს კი არ ვეძებთ, არამედ მხოლოდ მათი სიკეთე
გვინდა, უფრო ადვილად აღიარებენ თავიანთ ცოდვებს ჩვენს მამებთან. პატრებიც
ერს ურჩევენ აღსარება გულწრფელად აღიარონ ხოლმე და ამისთვის გულზე
დასაკიდის ჯვრებისა და ხატების ჩუქებით აქეზებენ. მეორედ, ვპირდებით, მარადის
საიდუმლოდ დავიცვათ ყოველივე, რასაც მათგან აღსარებაში მოვისმენთ და კიდეც
გულიც რომ ამოგგვლიჯონ, მაინც მათგან გაგონილს მცირე ცოდვასაც კი არავის
გაუმჟღავნებთ. ამის გამო, რომ ყველა ცოდვას გვიცხადებენ, აღიარებენ, ჩვენ
შეუნდობთ და საჭირო დარიგებასაც ვაძლევთ, შემდეგში ესრეთი ცოდვები აღარ
ჩაიდინონ.
„ამათში ის ცრუმორწმუნოებაც არის, რომ მიცვალებულთა საფლავებზე
პირუტყვებს ხოცვენ და ჰსჯერათ მიცვალებულთ ცოდვები მიეტევოს და ცხონდენ.
ჩვენი პატრები წინააღუდგნენ და დაავალეს, რომ საქონელი მღვდლის
უკურთხებლად სხვა ადგილს დაჰკლან და მათი ხორცი გლახაკებს დაურიგონ, თუ
უნდათ, რომ მიცვალებულთა სულს მით ულხინონ.
„ჩვენს ეკკლესიაში ვქადაგებთ, საღვთო მსხვერპლს ვსწირავთ და რომის
ტიბიკონისამებრ სხვა ყველა წმიდა მსახურებას დაუბრკოლებლივ ვასრულებთ.
მღვდელმსახურებას მეგრელები მრავლად ესწრებიან და ეგრეთვე სხვა უცხო
ქრისტიანებიც, რომლებიც კოსტანტინეპოლიდგან მოდიან სპარსეთში
წასასვლელად, სამეგრელოში სტუმრად რჩებიან, ჩვენთან აღსარებას ამბობენ და
ეზიარებიან.
„კოლხიდის მთავარმა ბევრი კეთილშობილთა ყაწვილი მოგვაბარა
გასაწვრთნელად და სარწმუნოების პირველ დასაწყისის ცოდნის სასწავლებლად.
ასე იმიტომა ჰქნა, რომ ჩვენზეღ კაი აზრისაა, ვინაიდგან რაც მის სამფლობელოში
ვართ, არავინ გაუყიდიათ ჩვენის შემწეობით, ანუ რჩევით და არც რამ მცირე
საჩივარი მას ჩვენზედ მისვლია. ხალხიც გვემადრიელება, რადგან კარგად იცის,
რომ ჩვენ მარტო მის სახორციელო და სასულიერო სარგებლობას ვეძებთ, ამიტომ
ღმერთს მუდამ ევედრებიან, დიდხანს დავრჩეთ მათ ქვეყანაში.
„ჩვენი მოციქულებრივი მოღვაწეობა დღითიდღე მომეტებულს ნაყოფს
გამოიდებდა, რომ ამ მთავრის მტრები და სამეგრელოს მოსაზღვრე ხალხი,
როგორიც არიან ალანები, ჩერქეზები, ჯიქები, აფხაზები და სხვა, ამ ქვეყანას მუდამ
არ იკლებდენ და ერსა და პატრებს არ აწუხებდენ. თუ ეს შიშიანობა არ
დავივიწყეთ, ზემო დასახელებული ნაყოფიც მცირედ არ ჩაითვლება.
„სამეგრელოში წამოსვლის დროს, დავსტოვე ოთხი მღვდელი და ერთი
მორჩილი ძმა, რომლებიც სიბრძნით შესანიშნავნი და სხვათა ცხონების სურვილით
17 თურმე ჩვეულებად გამხდარიყო, რომ ვისაც პირველის ცოლისაგან შვილი არ მიეცემოდა, ის პირველთან
მეორე ცოლსაც ირთავდა, რათა შვილი შესძენოდა.
გამსჭვალულნი არიან. ამიტომ იმედი გვაქვს, ღვთის კურთხევით, დატოებული
უფლის ვენახი უფრო ნაყოფიერი შეიქმნეს ჩვენის მამების ღვაწლით 14
სექტემბერს 1679".
პატრი ძამპის წასვლის შემდგომაც არ შეწყვეტილა ომი. კიდევ შემოსულან
აფხაზები და იქაურობა სულ გაუნადგურებიათ. ამ დროს პატრებსაც დიდი შეწუხება
გამოუვლიათ, რავდენსამე დღეს აქეთიქეთ, დამალულან და ისე ძლივს
გადურჩენიათ სიკვდილისაგან თავი. სხვები უსახლკაროთ აქეთ-იქეთ გაფანტულან.
ვგონებთ იმ დროებშივე უნდა გაქცეულიყოს რავდენიმე პატრი გურიაში, სადაც
გიორგი გურიელმა. დიდის სიყვარულით მიიღო, ეკკლესია და რაც კი საჭირო იყო,
ყველაფერი მისცა. ამ ხანებში დადიანი ლევან მეორეც გარდაიცვალა. პატრი
ტურქო ამ ამბავს რომაში მოკლედ სწერს ესრედ: „... ვაუწყებ თქვენს მაღალს
ღირსებას, რომ გასულ თვეებში ამ ქვეყნის მთავარი გარდაიცვალა. ახალი მთვარი
ჯერ არ არის არჩეული, რადგან დაატყვევეს მიცვალებულის მთავრის შვილი,
რომელსაც სჯულისამებრ ეკუთვნის სამეფო. ახლა ლაპარაკია და მომავალ თვეში
აირჩევა ახალი მთავარი ამ ქვეყნის მმართველად. ინებოს ღმერთმა, ის თავადი
დაინიშნოს მთავრად, რადგან ძრიელ ვუყვარვართ და დაგვპირდა, თუ წინანდელ
ჭიპურიას სახლში ვეღარ დადგებით, ადგილს და ეკკლესიასაც მოგცემთ, რათა
შეიძლოთ თქვენი მოციქულებრივის მსახურების ასრულებაო... სამეგრელოდგან,
12 ოქტომბერს 1681 წ. პატრი გაითანო ტურქო".
რომაში რაკი მუდამ სამეგრელოს აკლებისა და მისიონის დარღვევის ამბავი
მოდიოდა, პროპაგანდამ პატრებს ნება მისცა, დაეტოვებინათ სამეგრელო და
სპარსეთს, ან ტრაპიზონს წასულიყვნენ. ამ დროს პატრებმა უზომო
თავგანწირულება და სიყვარული გამოიჩინეს სამეგრელოსთვის. რადგან
პროპაგანდა სამეგრელოს დატოვებას არ უბრძანებდა, არამედ მარტო ნებას
აძლევდა, ამის გამო მისიონერებმა იქ დარჩენა ირჩიეს და, მრევლის
სიყვარულისათვის, თავს იდვეს განეგრძოთ შრომა და ღვაწლი და არავითარს
ტანჯვა-შეწუხებას არ დარიდებოდენ.
ლევან დადიანის სიკვდილის შემდგომ აფხაზების მთავრის სუსტარ სარაზიას
შვილი სარეკ სარაზია (Sarrech Sarrasia) გამოცხადდა სამეგრელოს მთავრად,
რადგან იმას დაეპყრო აქაურობა. იმან რა დაიწყო მმართველობა, მაშინვე
ყურადღება მიაქცია პატრებს. რავდენი პატრიც კი იპოებოდა იქ იმ დროს, ყველა
გაგზავნა ლარიკუკაში (Lariciuca) მახარებელ ლატარია მღვდელთან, რათა იმდენი
შეწუხების შემდეგ იქ დაესვენებინათ. იმ დროს განმავლობაში თავისი ხარჯით
პატრებს აუშენა სახლი და შეუკეთა ეკკლესია. რაც კი შეიძლებოდა, მათი
ეკკლესიიდგან გაძარცული შესამოსები და ნივთები შემოჰკრიფა; ხოლო რაც ვერ
იპოვეს, მაგიერ თავის გულუხვობით შეუვსო დანაკლისი, ასე რომ უწინდელებრ
მისიონი ფეხზე დააყენა. ამნაირად ლევან დადიანის არ იყოს, ეს მთავარიც
მისიონერების დიდი მოყვარე, მათი კეთილისმყოფელი და მათი მფარველი
შეიქმნა.
სამეგრელოში მყოფ ბერძნის მღვდელ-მონაზონებს შეშურდათ, რომ ახალი
მთავარი პატრებს დიდის სიყვარულით ეპყრობოდა და შემწეობას აძლევდა.
ამიტომ პატრებს მტრობა დაუწყეს: ერში მათზედ სხვა და სხვა ჭორი გაავრცელეს;
ბევრს ეცადნენ, პატრებზე მთავრისათვის გული აეცრუებინათ; თავიანთი
მოხერხებით და გაიძვერაობით მალეც ეწივნენ. მათი გავლენით მთავარმა პატრებს
მტრულად დაუწყო ყურება; ეგრეთვე ერმაც მთავრის მაგალითს მიბაძა, რადგან
მართლა ეგონათ, პატრები იყვნენ ყოველის უღმრთოების მომქმედნი: თავი
დაანებეს მათთან სიარულს და მათი წირვა-ქადაგების მოსმენას. ასე რომ პატრები,
ბერძნების წყალობით, უმწეოდ დარჩნენ, ყველასგან დატოვებული და ყველასგან
მოძულებული. მაგრამ ბერძნების მოხერხებულმა ფანდმა ბევრხანს არ გასტანა.
ახალი მთავრის ბიძაშვილს ყაფო სარაზიას (Quappo Sarrasia) ჰქონდა წმიდა
სტეფანეს ვერცხლის ძეგლი ერთი ადლის სიმადლე, (75 სანტიმეტრი, alta te palmi)
შემკული ძვირფასის თვლებით; დიდი შიში და პატივი ჰქონდა იმ ძეგლისა.
სიმდიდრის წყურვილით გამსჭვალულმა ბერძნებმა ის ძეგლი, როგორც იყო,
მოიპარეს. ბევრი ძებნის შემდგომ, ყაფომ თავისი ძეგლი ჰპოვა იმ ბერძნებთან, რის
გამო მათგანი ასზედ მეტი მოაკვლევინა; ხოლო ვინც გადარჩა, გაქცევით თავს
უშველა. შვიდი თუ რვა იმათგანი პატრებმა თავიანთ სახლს შეაფარეს და
სიკვდილს გადაარჩინეს. ყაფომ ეს არ აკმარა ბერძნებს. ბრძანება გამოსცა, ჩემ
ნება დაურთველად ბერძნის მღვდელმა არავინ გაბედოს ჩემ სამთავროში დგომაო.
ამ გარემოებამ კარგად აუხილა თვალი სამეგრელოს მთავარს. ცხადად ჰსცნო
პატრების უდანაშაულობა და მათი პატიოსნება, მეტადრე როდესაც შეიტყო, რომ
თავიანთი მოსისხლე ბერძნებისათვის სიკეთე ექმნათ და სიკვდილისაგან
გადაერჩინათ. ამისგამო უფრო შეუყვარდა იგინი და დაუწყო მათ პატივისცემა
უწინდელზედ უფრო ერთგულად; შეიქმნა მათი მორწმუნე იმ ზომამდე, რომ ყოველ
დღე დაიარებოდა მათ წირვაზედ და თვითვე ეხმარებოდა წირვის დროს, რაც
იშვიათი მაგალითია თვით დასავლეთის მთავრებშიაც.
გიორგი გურიელთან შეხიზნულ პატრებ შორის იყო პატრი გაეთანო ტურქოც,
უფროსი თეათინელი მისიონერებისა. გიორგიმ რა უმიზეზოდ დაუწყო ომი იმერეთის
მეფეს, დამარცხდა ბრძოლაში და კიდეც მოკლულ იქმნა. რადგან ძრიელ
მიღებული ჰყავდა პატრები, პატრი ტურკოც თან ახლდა ომში მთავარსა;
დამარცხების დროს იგი ტყვედ ჩაუვარდა ერთ იმერელ აზნაურს ლიპარიცა
მიქელაიას (Lipariza Michelaia), რაიცა დიდათ გაუხარდა აზნაურსა. სამეგრელოს
მთავარმა ასი პიასტრი გადაიხადა და პატრი ტურქო, როგორც იყო, ტყვეობისაგან
იხსნა.
სამეგრელოს მისიონმა აღყვავება დაიწყო, მაგრამ ბევრ ხანს არ გასტანა
მათმა კეთილდღეობამ, რადგან 10 აპრილს, 1685 წ. ერთი რაღაცა უსიამოვნების
გამო, რომელიც მოუხდა სამეგრელოს მთავარს თავის ნათესავ, აფხაზების
მთავართან, აფხაზები შემოესივნენ და სამეგრელო აიკლეს, ეგრეთვე პატრების
სახლიც, მაგრამ, როგორც იყო მალე დაწყნარდა იქაურობა. პატრებმა განაგრძეს
შრომა, რაშიაც მათ დიდად ხელს უწყობდა სარეკ სარაზია, სამეგრელოს მთავარი.
მისმა გულკეთილობამ ძრიელ მიიზიდა პატრები, რომელთაც გადასწყვიტეს არსად
წასულიყვნენ და სამეგრელოში დარჩენილიყვნენ. მასთანვე მოინდომეს, რომაც
დაეყოლიებინათ, რათა სხვაგან წასვლის წინადადება ხელმეორედ არ გამოეგზავნა
და რაც შეიძლება, დახმარება აღმოეჩინა. ამიტომ რომას გაგზავნეს ერთი პატრი,
რომლის წასვლისათვის ძლივს გამოსთხოვეს მთავარს ნება და იქაურს კარდინალს
ეს წერილი გაუგზავნეს: „გამუდმებულმა ომებმა აქაური ქვეყანა ერთიან მოახრა;
შვიდი წლის აქეთ-იქეთ სიარულის შემდგომ, მოვბრუნდით ჭიპურიას მისიონში ჩვენს
მამებთან, რადგან ცოტა დაწყნარდა აქაურობა. გარნა ღმერთმა უწყის თუ როგორ
მოვბრუნდით, სცნობთ პატრი გაეთანო რასპონის პირით, ანუ წერილით. იგი
გავგზავნეთ კოსტანტინეპოლს, რათა თქვენს უმაღლესობას უფრო კარგად აუწყოს,
თუ რა ნაყოფი გამოიღო ჩვენმა შრომამ ომს გადარჩენილ მეგრელთა შორის;
აუწყოს აგრეთვე ამბავი იმ საბრალო ბავშებისა, რომლებიც, ჩვენ რომ აქ არ
ვიყოთ, მოუნათლავად დაიხოცებიან... ამიტომ გადავსწყიტეთ დავრჩეთ ამ
მისიონში, თუმცა კი დიდად ძნელია შეუწყეტელის ომების გამო. გარდაწყვეტილი
გვქონდა აქაურობის დატოება; მაგრამ რა დავფიქრდით, თუ რა ვნება მოეცემოდა
ამ საბრალო სულთ, ვარჩიეთ, რათა განვაგრძოთ აქ ყოფნა და იესო ქრისტეს
სიყვარულისათვის, შეწუხების გაწევა... ჩვენი შრომა და შეწუხება ეგოდენია, რომ
თუ ყოველივე აღვწერეთ, დიდათ შეაწუხებს თქვენს უმადლესობას. ხოლო
გ ა უ წ ყ ე ბთ, რომ ტყ ვ ედ და მ ი ჭ ირე ს და ბორკ ილი გ ა მ ი ყ არე ს ; ჩ ე მ ს
გასათავისუფლებლად თხოულობდენ 700 სკუდს, ანუ რავდენსამე ყმას. არც მე და
არც ჩვენი მამები დათანხმდენ. გარნა ჩვენმა გულკეთილმა მთავარმა დამიხსნა და
მომცა რავდენიმე მოსახლე ყმაც და დამაფიცა, არ დავტოვო იგი, არამედ
ვემსახურო. ამიტომ თქვენს უმაღლესობას გამოვუგზავნეთ ზემოდ ხსენებული პატრი
რასპონი; მისი გამოგზავნა დიდად გაგვიჭირდა, რადგან მთავარი არ უშვებდა.
ამიტომ ფიცი მასცა, ან თვით დაბრუნდეს და ან სხვა პატრები გამოგზავნოს. მისგან
უფრო კარგად სცნობთ ყველა იმ საინტერესო და სასარგებლო საქმეებს,
რომელსაც ვყოფთ ჩვენს მისიონში... სამეგრელოდგან, 19 მაისისა, 1686 წ. პატრი
გაეთანო ტურქო და პატრი იოსებ ტორიჩელი".
პატრი რასპონის წინათვე უნდოდა იტალიაში წასვლა, მაგრამ მთავარმა არ
გაუშვა. გემების წასვლაზე დარაჯები დაუყენა და ერთ სახლში გამოამწყვდევინა,
რათა ჩუმათ არ გაპარულიყო. ხოლო როცა გემები წავიდა, მაშინ გამოიყვანა,
ჩვეულებრივად პატივი სცა, რათა იტალიაში წასვლის ფიქრზე ხელი აეღო და
ქადარძს გაგზავნა (Cadarz) თავად სიმონ დათვისკარიასთან (Datuscaria),
რომელმაც რა სცნო მთავრის აზრი, რაც შეეძლო პატივი სცა და გაართო იგი.
პატრი იქიდგან გაგზავნა ალანებთან (Alani) და თან გააყოლა ორი მისი მეგობარი
მეგრელი: ჩეზარუყ ჩხოდარია (Cesaruc Scorelia), პაპუნა ქობაკია (Pappuna
Cobaccbia), კიოსინო ალბარია (Chiosino Albaria) და ჯუჯანცა ბორქია (Giugianza
Borchia), ეგრეთვე ერთი მოსამსახურეც. ოთხი დღის სიარულის შემდგომ მოვიდენ
ალანეთს და ჩამოხტენ მთავარ ბუზლაყ სამაზენიასთან (Buslac Samasenia),
რომელმაც დიდის პატივით მიიღო პატრი, როგორც სარეკ მთავრის საპატიო კაცი
და რაც შეეძლო არაფერი დააკლო მის გართობას. პატრი ორ თვეს დარჩა და
შემდგომ მობრუნდა სამეგრელოში და დიდი მადლობა მოახსენა მთავარს ესრეთი
პატივისცემისათვის.
როცა პატრებმა კარგად გააგებინეს მთავარს, იტალიაში ყველას გვიბარებენ
და საჭიროა ეს მაინც გაუშვათო, მაშინ ისიც დათანხმდა გაეშვა მხოლოდ
პირობისათვის უთხრა, ან შენ დაბრუნდი, ან სხვები მაინც გამოგზავნე შენს
მაგივრადო.
პატრი რასპონი ჯენუას რომ მივიდა, ვიდრე რომას ჩავიდოდა, ეს წერილი
გაუგზავნა პროპაგანდას: „ეს არის ფოსტით მივიღე თქვენი მეტად საამური წიგნი,
რომლითაც მაუწყებთ, რომ წმიდა კრებას სამეგრელოს მისიონები უკან
დაუბრუნებია. ეს მოწოდება იქაც მოვიდა და იქაურმა მთავარმაც შეიტყო. მაგრამ
სრულებით არ უნდა ჩვენი გაშვება. მეც, რის გაჭირვებით, ძლივს გამომიშვა,
როგორათაც ჩვენ ფრიად პატივცემულ გენერალთან და წმიდა კრებასთან
მოწერილი წერილებიდგან სჩანს. გარნა, ამისდა მიუხედავათ, გაუწყებ
რომ ....იქაურობა რა დამშვიდდა, ჩვენმა მამებმა საჭიროდ დაინახეს იქაურობას
თავი არ დააებონ, მეტადრე ახლა. როდესაც ადვილად შეიძლება მოზდილთა
შორისაც დიდი ნიყოფი გამოვიღოთ, ვინაიდგან იქ აღარ არიან ჩვენის ქადაგების
მოწინააღმდეგე ბერძნები. ეგრეთვე ჭეშმარიტად გარწმუნებ, რომ ახლანდელ
მთავარს ძრიელ ვუყვარვართ; სულმუდამ ჩვენსას მოდის სადილად და ეგრეთვე
წირვის დროს მოსახმარებლად; რაც ამ მხარეს მისიონი გვაქვს, ასეთი ამბავი ჯერ
არავის სმენია. გარდა ამისა, ჩვენის რჩევით გამოსცა ბრძანება, რომლითაც
სიკვდილის სასჯელით უკრძალავს ყველას ყმაწვილების გაყიდვას. აქიდგან
შეგიძლიათ სცნოთ, რაოდნად ერთგულია ჩვენას სარწმუნოებასა.... არ ვიცი, სხვა
რა მოგწერო, თქვენვე განსაჯეთ, ნუ თუ სასარგებლო იქმნება დატოება ასეთის
მისიონისა, რომელშიაც ჩვენმა მამებმა ბევრი ოფლი ჩაღვარეს;... ჯენუადგან, 4
იანვარს 1682 წ., პატრი გაეთანო რასპონი".
რასპონიმ შემდგომ, რომას სამეგრელოს შესახებ ვრცელი მოხსენება
წარუდგინა. ხოლო ის მოხსენება ხელში არა გვაქვს. ეგრეთვე ეცადა ახალი
მისიონერების გამოგზავნას, მაგრამ ერთის მეტი ვერ იშოვა. იგი იყო პატრი
გაეთანო ქავაცა, რომელიც მოვიდა სამეგრელოში 1691 წ. და იქვე მიიცვალა 1694
წ. თუ სამეგრელოს ცუდი ჰაერისა და თუ იქაური შეუწყვეტელის ომების გამო, სხვა
თეათინელების მისიონერებმა ვეღარ გაბედეს წამოსვლა. დარჩა მარტო ორი
მღვდელი პატრი ტურქო და პატრი ტორიჩელი, რომელთაც სამეგრელოს დატოებას
იქვე სიკვდილი ირჩიეს. ერთი გარდაიცვალა 1699 წ. და მეორე 1700 წ.
აი, ასე სამწუხაროდ დასრულდა თეათინელების მისიონი სამეგრელოში, სადაც
სამოც წელიწადზედ მეტი იღვაწეს. ამდენი შრომა და სიკეთე დასდვეს სამეგრელოს
ხალხსა. თუ მათის ქადაგების და ღვაწლის ნაყოფმა ჩვენამდ ვერ მოაწია, არც მათი
ბრალია და არც ხალხისა, არამედ უნდა მიეწეროს იმ აღურაცხველ ომებს და სხვა
და სხვა გარემოებას, რომლის სამწუხარო თეატრად გარდაქცეულიყო სამეგრელო.
ნაწილი მეორე
კათოლიკობა სამეგრელოში
ჩვენი მოლოდინის წინააღმდეგ დიდძალი საბუთები შევკრიბეთ სამეგრელოსკათოლიკებისა. ეს საბუთები ერთ კაი მოზდილს წიგნს შეადგენს, ყველა რომ

Comments
Post a Comment