მაია ორჯონიკიძის მიმართვა
დღემდე მეგონა,რომ ამაზე რთულ ვითარებაში-რომელშიც ამჟამად ვიმყოფები ჩემი შვილის ციხეში გამოკეტვის გამო,ვეღარც კი ვიქნებოდი.აღმოჩნდა,რომ "უარესის უარესი არ ილევა".დღეს ცოტნესთან ციხეში უფლებადამცველი იმყოფებოდა და საღამოს სახლში მესტუმრა ცოტნეზე სასაუბროდ.მომიყვა,რომ ცოტნეს შიმშილობა დაუწყია აგერ უკვე მეექვსე დღეა,თან უთქვამს-დედაჩემს ეს არ უთხრაო.ალბათ იფიქრეთ,რომ საკუთარი თავის გამო შიმშილობს და შეცდით-ცოტნე და კიდევ 4 პატიმარი 24 აპრილიდან მეექვსე თანასაკნელის გამო შიმშილობენ-რომელსაც ჯანმრთელობის კრიტიკული პრობლემა აქვს,ითხოვს შველას,ადეკვატურ მკურნალობას და არავინაა გამკითხავი-უფრო სწორად ექიმი საკანში შედის,სიცხეს უზომავს,წნევას უზომავს და მიდის! არადა კაცს თურმე სასწრაფოდ ესაჭიროება სერიოზული შესაბამისი მკურნალობის დაწყება! ცოტნემ და მისმა ოთხმა თანასაკნელმა შიმშილობა დაიწყეს მას შემდეგ,რაც არაერთი თხოვნის მიუხედავად,ასევე სოციალური მუშაკის მეშვეობით სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის გაგზავნილი მოთხოვნის მიუხედავად-ავადმყოფი პატიმრის მიმართ ყური არავინ გაიბერტყა!და ეს ხდება იმ მთავრობის დროს-რომელიც წინა ხელისუფლებას პატიმრების უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებდა და სწორედ პატიმართა უფლებების დაცვის ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში!განა წარმოსადგენია ამაზე მეტი ცინიზმი?!ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სულ რაღაც ექვსი თვეა გასული და ციხეში არსებულ რეალურ სურათზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ წერილით,რომელიც ჩემმა მოშიმშილე შვილმა (რომლისთვისაც კატეგორიულად არ შეიძლება შიმშილობა,რადგანაც კუჭის წყლული ჰქონდა რამდენიმე წლის წინ) დღეს,შიმშილობის მე-6 დღეს გამოატანა მის სანახავად მისულ უფლებადამცველს,ალექს შოშიკელაშვილს.
ამჯერად მოგმართავთ ყველას-ვინც პროფესიულად დაკავშირებულები ხართ მედიასთან,იქნება ეს ბეჭდვითი თუ ონლაინ-მედია,ტელევიზია,ბლოგები და ა.შ. ძალიან გთხოვთ,ნუ წაუყრუებთ ამ ამბავს და დაპოსტეთ და დაბეჭდეთ თქვენს საინფორმაციო რესურსებზე ეს წერილი!
ამჯერად მოგმართავთ ყველას-ვინც პროფესიულად დაკავშირებულები ხართ მედიასთან,იქნება ეს ბეჭდვითი თუ ონლაინ-მედია,ტელევიზია,ბლოგები და ა.შ. ძალიან გთხოვთ,ნუ წაუყრუებთ ამ ამბავს და დაპოსტეთ და დაბეჭდეთ თქვენს საინფორმაციო რესურსებზე ეს წერილი!
თუკი ჩემს პატიმარ შვილს აქვს სოლიდარობის გრძნობა,დარწმუნებული ვარ,რომ თქვენც გამოიჩენთ!
ფბ-მეგობრებს კი გთხოვთ,მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ნოუთი!
ასევე გთხოვთ,მიმართოთ აქვე,ფეისბუკზე სასჯელაღსრულების მინისტრს-სოზარ სუბარს,მის მოადგილეს-ლალი მოროშკინას და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს,რათა მათ შეასრულონ მათი უპირველესი მოვალეობა!!!
ასევე მივმართავ ჩემს ფბ-მეგობრებს,პარლამენტის დეპუტატებს-გოგა ხაჩიძეს,ჩიორა თაქთაქიშვილს,ეკა ხერხეულიძეს,ზურაბ ჯაფარიძეს,აკო მინაშვილს,სერგო რატიანს,ხათუნა ოჩიაურს-ძალიან გთხოვთ,დააყენეთ ეს საკითხი და საჯარო დისკუსიის საგნად აქციეთ უმსგავსობა,რაც ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლების სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება!!!
და მთავარი-როგორ მოხდა,რომ გლდანის # 8 ციხეში უკვე მეექვსე დღეა 5 პატიმარი შიმშილობს და ამას საზოგადოებას უმალავენ?!
მოვითხოვ სასწრაფო გამოძიებას და მოშიმშილე პატიმრების დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას!!!
სასჯელაღსრულების # 8 დაწესებულების პატიმრის,ცოტნე მამულაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სასჯელაღსრულების # 8 დაწესებულების,საკანი # 150-ს პატიმრები მოგმართავთ ადამიანის უფლებათა დამცველებს,ვინაიდან სასჯელაღსრულების სისტემისადმი მიმართვამ არანაირი შედეგი არ გამოიღო.საქმე იმაშია,რომ მიუხედავად ჩვენი თანასაკნელი პატიმრის,იგივე-პაციენტის ***** მხრიდან მკურნალობის არაერთი მოთხოვნისა-რეაქცია ნულის ტოლია.ფორმალურად სამედიცინო სისტემა არსებობს -ექიმებით,ექთნებით და მედიკამენტებით.ერთადერთი,რაც ერთი შეხედვით პარადოქსალურია-არ არის მკურნალობა და შედეგი.ექიმი მოდის,სინჯავს პატიმარს,უზომავს წნევას და ა.შ. ასე მთავრდება მკურნალობა,რომელიც არის აბსოლუტურად ფორმალური და არაადეკვატური.პატიმრის,ჩვენი თანასაკნელის შემთხვევაში ორი თვის განმავლობაში არ ხორციელდება მისი ადეკვატური მკურნალობა,რის გამოც გულგრილ,ფორმალურ და უსარგებლო სამედიცინო მომსახურებასთან საბრძოლველი ერთადერთი რადიკალური გზა დაგვრჩა,რომელიც ავამოქმედეთ 24 აპრილიდან,მთელი საკანი -5 ადამიანი ვშიმშილობთ,რის შესახებაც სოციალური მუშაკის მეშვეობით საქმის კურსშია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიც-რომელსაც წერილობით გავუგზავნეთ ჩვენი მოთხოვნა რეალურ,ქმედით და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე.
ვინაიდან ჩვენი ორგანიზმის რესურსი არ არის სამუდამო,თუ გონივრულ ვადაში არ დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა პრობლემის აღმოფხვრა,მალე გვიანი იქნება.გთხოვთ დაგვეხმაროთ და გვერდში დაგვიდგეთ ამ მახინჯი,არაადამიანური და ფორმალური სამედიცინო სისტემის დანგრევაში ამ პრობლემის გასაჯაროებით,რადგან ჩვენ ვთვლით,რომ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პატიმრის პრობლემა,ეს საერთო მანკიერებაა და ჩვენ ვეცდებით თუნდაც საპატიმროდან ჩვენი სამოქალაქო და საზოგადოებრივი ფუნქცია შევასრულოთ,რაც მთელს საზოგადოებასაც გააჯანსაღებს.
გთხოვთ დახმარებას!
სასჯელაღსრულების # 8 დაწესებულების პატიმარი,
ცოტნე მამულაშვილი
29.04.2013
გთხოვთ დახმარებას!
სასჯელაღსრულების # 8 დაწესებულების პატიმარი,
ცოტნე მამულაშვილი
29.04.2013
Comments
Post a Comment