კათოლიკობა იმერეთში


<<ნაწილი მეორე

ნაწილი მესამე
კათოლიკობა იმერეთში

იმერეთში კათოლიკობის გავრცელებისა ძრიელ ცოტა გვაქვს საბუთები. ამის
მიზეზი ის არის, რომ, რადგან იმერეთის მეფე სპარსეთზედ უფრო დამოუკიდებელი
იყო, ვიდრე ქართლ-კახეთის მეფე, ქართველ მთავრად ევროპელები უფრო ამას
სთვლიდენ და ხშირად Iberia, Geoრgia-ს სახელით იმერეთს გულისხმობდენ.
ამისგამო უნდა ვსთქვათ, რომ ყველა ის უწინდელი საბუთები, რომელიც
საქართველოს კათოლიკებს შეეხება, ეგრეთვე იმერეთსაც ეკუთვნის.
ვიდრე მისიონერებზე დავიწყებდეთ ლაპარაკს, მოვიყვანთ ურბანო პაპის
წერილს, რომელიც 1626 წ., სხვა მეფეებთან ერთად მოსწერა იმერეთის მეფესაც.
„ურბანო VIII. ქართველ იმერეთის მეფეს.



„კეთილშობილო კაცო, მშვიდობა და ღვთის მადლის ნათელი.
„თქვენის კეთილშობილების სახელი, რომელსაც პატივს სცემენ ერნი
კავკასიის მთებიდგან დაწყებილი, ვიდრე კასპიის ზღვამდე, უცნობი არ არის
ვატიკანის მთავრებასა და საქრისტიანოს მამისათვის. ამის გამოა, რომ გაახლებთ
წერილს, რათა დავიმსახუროთ თქვენი პატივისცემა და გამოგიცხადოთ ჩვენი
სიყვარული. გვსურს, თქვენის კეთილშობილებისაგან რომლისამე შესანიშნავის
კეთილის საქმით ერთ დღეს დავალებულ შეიქმნას რომის ქალაქი, რომელიც
ყველა ტომთა სამშობლო და ღვთაებრივის მოძღვრების მასწავლებელია და
რომელსაც ევროპის უძლიერესთა მეფეთა ქრისტიანებრივის მორჩილების ხარკი
მიუძღვნეს. ესევე მეფენი იხდიან თავიანთ სამეფო გვირგვინს და რომის მღვდელთ-
მთავრის მოციქულებრივ ფერხთა კდემით ემთხვევიან. განა მარტო ესენი? თვით
აზიის შორეული ქვეყნის მთავრებმა სპარსეთის მეფეებმა მოგვმართეს და
გვთხოვეს მეგობრობა; ეგრეთვე იმ დიდად დაშორებულმა იაპონიამაც, ამ ჩვენს
საუკუნეში, წარმოგზავნა დიდის დიდებით ელჩი, რათა ამ მოციქულებრივის
მთავრისათვის მიეძღვნა პატივისცემა თავის შორს მყოფი მთავრებისა. ჩვენი ძალი
და ქება უფალია, და რომის საყდრის უფლებაც მონიჭებულია მისი ყოვლად
შემძლებელის სახიერებისაგან. გარნა ამ საეკკლესიო მთავრობას ვალად აქვს,
იშრომოს ცხონებისათვის ამ სოფლისა, რომელიც იღუპება, და მფარველობა
გაუწიოს კაცთა ნათესავსა. ამ უმაღლესი და დიდებული სამოციქულო საყდრიდგან
ვსჭვრეტთ მთელს ქვეყანას, საცა კი სცხოვრებენ ადამიანნი, ვცდილობთ გავუღოთ
მათ სასუფევლის კარი და მასთანვე მოვუვლინოთ მეომარ ანგელოზთა გუნდი. ამას
არა ვყოფთ მარტო ნატვრით, ვინაიდგან შეეხება ღვთის სახელის დიდებას, არამედ
დღე და ღამ ვფიქრობთ და ვეძებთ სათანადო საშუალებასა; რისგამო თვით
მტერნიც იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ რომის საყდარი ზრუნავს ეგრეთვე
დიდათ დაშორებულ ტომთა ბედნიერებისათვის. ამ მწყემსებრივის სიყვარულის
წადილის განსახორციელებლად, მოიპოვებიან ისეთი მღდლები, რომლებიც
ირჩევენ ხოლმე შორს ქვეყანაში მწირობას, ვიდრე შემტკბობ მამულსა. კეთილის
სურვილით გამსჭვალულნი გადადიან მაღალ მთებს, ებრძვიან ზღვის ტალღებს, არ
უშინდებიან და შედიან თვით მხეცთა სამყოფში და არც ერიდებიან კაცთა
უწყალობას. სხვათა სულთა ცხონებისათვის საშრომელად თავს არა ზოგვენ და
ეგოდენ განსაცდელში ცვივიან. ნუ თუ მოიპოება სადმე ისეთი ბარბაროსი ერი,
რომელსაც ესენი, ვითარცა უცხო ქვეყნიდგან მოსულნი, სიყვარულით არ მიიღოს
და არ გაუმასპინძლდეს? ესენი არ ეძებენ არც სიმდიდრეს და არც მფლობელობას
ნატრობენ: ამათ გამარჯვებად ის მიაჩნიათ, რომ თავიანთი სიკდილით მოუპოვონ
ბედნიერება ერთა, ხოლო მთავრებს დიდება. მტრის უღმრთოება იმ ზომამდე
ვერასოდეს მიაღწევს, რომ მათ ჩაუნერგოს სიძულილი, რადგან მათ უყვარსთ თვით
თავიანთი მტერნიც და ვინც მათ სიკვდილს დაუპირებენ, იმათთვისაც სთხოვენ
ღმერთს საუკუნო ბედნიერებით არიან გამსჭვალულნი ეს მღვდელ-მონაზონები,
რომლებსაც აწ ვგზავნით ქართველების ქვეყანაში. ვსცანით რა თქვენი
კეთილშობილება თავის გვირგვინის სიმტკიცედ დიდების მოპოების და უმანკოთა
მფარველობას რაცხს, იმედი გვაქვს, ჩვენ მღვდლებს მიაგოთ სიკეთე. ამითი თქვენ
ამაგს დასდებთ რომასა და მისს მღვდელ-მთავარსა, ხოლო იგინი ჩვენ
გვანუგეშებენ ასეთის ამბის მოწერით. ასეთის გულმოწყალებით თვით ღმერთსაც
დაავალებთ, რომელიც თავის ზეციერის საუნჯისაგან უხვად მოგანიჭებს
სასყიდელსა. ვინ იცის, რაოდენ გზის დაიწყეს დიდსულოვან მეფეთ ომი, რათა
თავიანთი სახელი სხვა უცხო ტომთა შორისაც განეთქვათ. თქვენი სიკეთის
დამხსომებელი რომაც გპირდებათ უხვად დაასაჩუქროს თქვენი დიდებულება.
იმერეთის და ბაშიაჩუღის მეფევ, უკეთუ ამ მღვდლებს მოუსმინეთ, თქვენი
მფარველობა აღმოუჩინეთ და მიუშვით, რომ ქართველთა ქვეყანაში მოჰფინონ
საღვთო სიტყვის თესლი, დარწმუნებული იყავით, თქვენს სახელს მოხარული რომა
კურთხევით მოიხსენიებს. ხოლო მეფეთა მამა და სარწმუნოების მცველი რომის
პაპი, თავის სამოციქულო კრებასა და სამღვდლო ქალაქთან ერთად, ევედრება
ღმერთს, თქვენ კეთილშობილებას დაუმორჩილოს ერნი და მიანიჭოს ზეციერი
კურთხევა, რათა თქვენისთანა მთავარმა მიიღოს უხვად ცხოვრების ნაყოფი და
სანატრელის ბედნიერების სასყიდელი, რომით. 4 ივლის 1626, ჩვენი მღვდელ-
მთავრობის მესამე წელსა".
ეს წიგნი იმერეთის მეფეს პატრებმა გადასცეს თუ არა, ან თუ გადასცეს,
როდის, სრულებით არაფერი ვიცით, რადგან ამისი არავითარი საბუთი
შეგვხვედრია. არც ის ვიცით, თეათინელი მისიონერები პირველში ამ სამეფოშიაც
მოვიდენ, ან გამოიარეს თუ არა. ხოლო შემდეგში კი ყოფილა იმერეთში ერთი
მათგანი, ისიც ცოტა ხნით. ამ ამბის აწერას ეხლა შევუდგებით.
თეათინელის მისიონერების სიკეთე თუ გურიასა და თუ სამეგრელოში,
ყველგან განითქვა. იმერეთის მეფის ალექსანდრეს ყურამდინაც მიაწია მათმა
ამბავმა. ძალიან უნდოდა თავის სამეფოში ჰყოლოდა ესრეთი სასარგებლო პირები.
ელოდა, იქნება თვითონ მოვიდენო, მაგრამ რა ნახა, მოლოდინი უნაყოფოდ
ურჩებოდა, მაშინ თვითვე დაიწყო მათი ძებნა, რაც საქართველოს სხვა მთავრებს
არ ექმნათ. ამიტომ დადიანს მიმართა, გაუგზავნა ელჩად ბენსანგო ნასოდორო
(Bensangus Nosodor) და გაატანა ერთი წერილი. ამ წერილით და ელჩის პირითაც
დადიანს დიდად ეხვეწებოდა, ძალიან მჭირია, დროებით პატრი ქრისტეფორე
კასტელი გამომიგზავნეო, როცა გამიკეთებს საქმეს, მერე უკანვე გამოგიგზავნიო. ეს
ის პატრი ქრისტეფორეა, რომელიც წინეთ გურიაში იყო და სახელი განითქვა
სხვათა შორის, როგორც ზემოდ ვნახეთ, ელენე ათაბაგის ასულის
გაკათოლიკებითა. იგი მეტად დახელოვნებული ვხატვარი და მკურნალი იყო.
დადიანმა ეს ამბავი შეატყობინა პატრს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა. მისი
სურვილი მაშინვე აცნობა ალექსანდრეს ელჩს, რომელმაც გადასცა პატრს მეფის
წიგნი, დადიანის წერილთან ერთად წამოდებული. ამათ დრო არ დაკარგეს.
მოემზადენ თუ არა, დაადგნენ იმერეთის გზას მაისში 1644 წ. და ოთხი დღის უკან
მივიდენ ქუთაისს. თურმე მთელი ქალაქი ფეხზე დამდგარიყო პატრის
მოლოდინში. მეფეს დიდი სამზადისი უქნია და ყველა თავის დიდებულთა
თანადასწრებით და დიდის ამბით მიუღია პატრი ისე, როგორც დიდებულ მთავრებს
მიიღებენ ხოლმე. ამ ამბავს მისი ისტორიკოსი მოკლედ ესე მოგვითხრობს:
„მაშინვე, რა დღესაც მივიდა, წარსდგა მეფის წინაშე. მეფის ბრძანებით სასახლე
მოერთოთ და დაეგოთ ძვირფასი სპარსეთის ხალიჩები. ეგრეთვე მოუწოდა მეფემ
ყველა წარჩინებულთა დიდების აღსამატებლად, თვითონაც შეიმოსა საუკეთესო
ტანისამოსი. რა დაინახა მომავალი, აღსდგა ტახტიდგან, წინ მიეგება, სიყვარულით
გადაეხვია და საპატიო ადგილს დასვა”. ასეთის მიღების შემდგომ მეფე პატრს
მიეალერსა და მოისვა გვერდით და უთხრა სიტყვა, რომელსაც იტალიურიდგან
ვსთარგმნით, რადგან ქართულად არ არის: „ღვთის მონავ, კარგა ხანია, თქვენმა
სათნოებამ განაბრწყინა საქართველოს სამეფონი. თუ ჩემი სამეფო უკან ჩამორჩა
სხვებს და თქვენი სიკეთე არ ეღირსა, ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ მე და ჩემი
სამეფო თქვენს აქ ყოფნას არ ვნატრობდით; არა, ამის მიზეზი სულ სხვა
სამწუხარო ამბავი იყო. რა შევიძელი თქვენი მოწვევა, მაშინვე მივმართე ჩვენს
ბიძაშვილს მეფეს დადიანს და ვსთხოვე თქვენი თავი, რომელსაც დიდი ხანია
ვნატრობდი. რა კეთილ ინებეთ და მოხვედით, დიდათ გავიხარეთ. ამის უმეტეს
სიკეთეს თქვენ ვერ გვიზამდით. აწ დარწმუნებული იყავით, რომ ჩემი პატივისცემა
და შემწეობა არ მოგაკლდებათ, ყოველი თქვენი ნება ასრულებული იქმნება,
თქვენს დაცვას ჩემს ვალადა ვრაცხ...
ცოტა ქვემოთ დავინახავთ, მეფემ როგორ მტკიცედ აღასრულა თავისი
დაპირება. შემდეგ ლაპარაკში გაერთვნენ. მეფემ ჯერ ჰკითხა პაპის ამბავი,
შემდგომ ევროპის მმთავრებისა, მათი მმართველობისა, ვაჭრობისა და
მხედრობისა. ნადიმის შემდეგ პატრი მეფემ მოსასვენებლად ერთ ძვირფასად
მორთულ ოთახში გაგზავნა.
მეორე დღეს მეფემ პატრის მომყვანს ნასოდოროს უთხრა, კარგად შეკაზმულ
ცხენზე შეესვა პატრი და მთელი ქუთაისი დაეტარებინა. ამ ბრძანების
შესასრულებლად, ვიდრე პატრი გამოიღვიძებდა, ნასოდორომ რავდენიმე
წარჩინებულთან ერთად მიიყვანა ცხენი და პატრის კარზედ დაუცადა, როგორც მისი
ისტორიკოსი მოგვითხრობს: „მეორე დღეს ნასოდორო დიდებულებთან ერთად
მივიდა და მეფის სახელით აუწყა შემჯდარიყო ცხენზე, რომელიც მიართვა. ცხენი
ძლიერ მშვენიერად შეკაზმული იყო ოქრომკედით და თვალ-მარგალიტით. ამ
ცხენით მასთან ერთად უნდა დაეარათ ქუთაისის ქალაქი."
პატრს ძლიერ გაუკვირდა, რა ნახა ესეთი მომზადება. მეტი გზა რომ არა
ჰქონდა, გაჰყვა ქალაქის სანახავად, მაგრამ ეს კი სთხოვა, ცხენი გამომიცვალეთ,
რადგან მონაზონს არ შეეფერება ასეთ სამეფოდ მოკაზმულ ცხენზე ჯდომაო. თუმცა
მხლებლები ბევრი ეხვეწნენ, ამას ნუ ინებებთო. მაგრამ ვერაფერი გააწყეს; მაშინ
წავიდენ და მეფეს მოახსენეს პატრის სურვილი. მეფე მაინც არ დათანხმდა ცხენის
გამოცვლას და შეუთვალა, ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი პატივი გცეთ და ნუ
გაგვაწბილებთო. მეტი გზა აღარ ჰქონდა, პატრი ძალაუნებურად დათანხმდა.
ქალაქში ისეთის ამბით სიარულის დროს, ყველგან დიდ-ძალი ხალხი უხვდებოდა
და შესაფერს პატივს უცხადებდა, რადგან ყველანი ხედავდენ, მეფე რანაირის
პატივით ეპყრობოდა. ქალაქის დათვალიერების დროს პატრს მეტად გაუკვირდა
ეკკლესიების სიშვენიერე და მათი სიმდიდრე; ეგრეთვე ავიდა, ნახა ციხეც,
რომელიც იმ დროს შესანიშნავი ყოფილა. რა დაასრულა ქალაქის დათვალიერება,
მივიდა მეფესთან, მადლობა მოახსენა და დიდად უქო ქალაქის მდებარეობა-
მოწყობილობა, მისი მეიდნები და სიშვენიერე. მეფეს მით უფრო ესიამოვნა, რომ
პატრი მხატვრობაში გამოცდილი იყო და იცოდა ესეთის საგნების დაფასება.
რითაც კი შეეძლო მეფეს, თავს არ ზოგავდა, პატივი ეცა და სიყვარული
გამოეცხადებინა პატრისათვის. ხშირად თავისთან სადილათ იწვევდა, ყველა, თუ
კერძო და თუ სამთავრო საქმეში, მას რჩევას ჰკითხავდა; ეგრეთვე დედოფალთან
ერთად ხშირად ესწრებოდა მის წირვას, რომლის მოსმენის გამო დიდად
კმაყოფილი იყო. რადგან პატრი კასტელიმ მხატვრობა იცოდა, მეფემ რამდენიმე
წმიდანის ხატი დაახატვინა. რაკი ძლიერ მოეწონა, კვალად სთხოვა თავისი და
დედოფლის სახის გადახატვაც, რაის გამო მეფე დიდად კმაყოფილი დარჩა. მეფეს
მისი პატივი დღითიღდე უძლიერდებოდა; მას თავის „სიამოვნებას" უწოდებდა.
ერთხელ სამეფო სუფრაზე მის ქებაში რომ იყვნენ და მის სხვა და სხვა სათნოების
შესახებ ლაპარაკობდენ, მისის სიყვარულით გატაცებულმა მეფემ წამოიძახა, ასეთ
კაცს ვერ მოვიშორებ და დადიანს აღარ დავუბრუნებო. საზოგადოებაში ასე
დაუფიქრებლად წარმოთქმული სიტყვა, როგორც ცოტა ქვემოდ დავინახავთ,
იეფად არ დაუჯდა.
პატრმაც დაიწყო თუ სულიერად და თუ ხორციელად ზრუნვა ერისათვის.
დაუწყო მათ ქადაგება და სწავლება, როგორც გურიასა და სამეგრელოში ექმნა,
ეგრეთვე შეუდგა მათ წამლობა-კურნებასაც, რაოდენათაც კი შეეძლო. რადგან
მარტო იყო და შორს მდებარე სახლებში სიარულის დრო აღარ რჩებოდა, მეფეს
გააკეთებინა თავის სახლთან ახლო პატარა სასნეულე, სადაც სნეულებს აყენებდა
და უმეტესის სიადვილით უვლიდა. ამ თავგანწირულებით და ერის მიმართ
გამოუთქმელის სიყვარულით ძლიერ მიიზიდა გული მეფისა, რომლის სიხარულს
საზღვარი აღარ ჰქონდა. პატრმა მეფის ასეთი გულკეთილობა გამოიყენა და
მოიპოვა მისგან მშვენიერი ეკკლესია და სახლიც, რასაც ასე მოგვითხრობს
ისტორიკოსი: „პატრი რაც უფრო მეტს სიკეთეს უშვრებოდა ხალხს, მეფეც უფრო
გულკეთილი და მოწყალე ხდებოდა. პატრმა სთხოვა მეფეს, სამეფო ქალაქ
ქუთაისში დაემყარებინა თავისი ბინა. მეფემაც საბუთის ქაღალდით მისცა დიდათ
შესანიშნავი წმინდა სოფიის ეკკლესია და რავდენიმე სახლიც თავის პალატთან
ახლოს...
რა დაისაკუთრა შვენიერი ეკკლესია, მორთო იგი ლათინურს წესზედ, დაიწყო
ქადაგება და საეკლესიო წესების აღსრულება. მთელს იმერეთში განითქვა მისი
სახელი. ბევრნი, თუ დიდი და თუ პატარა, ესწრებოდენ მის სწავლა-დარიგებას და
გულმოდგინებით მისდევდენ მის მოძღვრებას.. პატრმა დაიწყო კათოლიკე
სარწმუნოების გავრცელება ისე, როგორც ექმნა გურია-სამეგრელოში. ერის მხრით
სიძნელე არაფერი აღმოჩენია, რადგან ყველასგან პატივცემული იყო. ბევრი
მიიზიდა და ყველაც მასზედ დიდის ქებით ლაპარაკობდა იმ ზომამდე, რომ ზეცით
მოვლენილს უწოდებდენ.
როგორც სხვაგან, ისე აქაც, ბერძნებმა, რომლებიც ბლომათ იყვნენ,
ჩვეულებისამებრ, დაუწყეს წინააღმდეგობა და მტრობა პატრსა. მეტადრე იმან
გააბრაზა, რომ ისეთი მშვენიერი ეკკლესსია აჩუქა. მის წინააღმდეგ მეფესა და
ერთან ვერაფერი გაარიგეს და მოსწერეს თავიანთ პატრიარქს. ამდროს
შემთხვევით კოსტანტინეპოლში ალექსანდრიის პატრიარქი მოსულიყო. წინა თავში
ვ სთქ ვ ით, თუ ყოვ ელწლი ვ რაოდე ნ ი ფული გ ა ჰ ქონდათ ბ ერძ ნ ე ბ ს
საქართველოდგან. ხშირად ბერძნის ეპისკოპოსებიც მოდიოდენ საქართველოში
ფულის მოსაკრეფად. რა საკვირველია, საქართველოს პროვინციებში კათოლივე
სარწმუნოების გავრცელება და ლათინის მისიონერების გამრავლება
საგრძნობლად აბრკოლებდა ბერძნების მიერ ფულის მოკრეფის საქმეს. ამ
გარემოებამ ძალიან დააფიქრა ბერძნების პატრიარქები. ერთმანერთში
მოილაპარაკეს და ერთპირად დაადგინეს, რომ ერთი მათგანი მოსულიყო განგებ
იმერეთში, რათა მეფისათვის ჩაეგონებინა და პატრი გაძეევებინა. საქმე მიანდეს
კოსტანტინეპოლში დროებით მოსულს ალექსანდრიის პატრიარქს, რომელიც
დაუყოვნებლივ მოვიდა იმერეთში. მეფე ყველა თავისი დიდებულებით და
საეკკლესიო პირებით მიეგება პატრიარქს და მიიღო, იმ პატივით, როგორათაც
შესაფერი იყო. პატრიარქმა, შემდგომ ერთმანერთის მისალმებისა, აუწყა თავისი
მოსვლის მიზეზი მეფეს, ეგრეთვე განუცხადა სამდურავი, რომ თავის სამეფოში
მიუღია ლათინის მღვდელი დიდის პატივით და მიუცია მისთვის ეკკლესია და სხვა...
საჭიროდ არა ვრაცხთ, მოვიყვანოთ აქ მისი საკმაოდ ვრცელი სიტყვა, რომელიც
მოახსენა მას ლათინების წინააღმდეგ, რათა ეს პატრი ქრისტეფორე განედევნა
თავის სამეფოდგან. ხოლო მოვიყვანთ მეფის მოკლე პასუხს. ამასაც
იტალიურიდგან ვსთარგმნით. ყველასთვის ცხადია, რომ მეფის ნალაპაკევს პატრი
თავის ევროპელ ძმებს გადასცემდა იტალიურად და არა ქართულად, ან
ბერძნულად. ამისათვის თარგმანთან ტექსტიც მოგვყავს.
„რაც ეს პატრი ქუთაისსა და ჩვენს სამეფოშია, ყველა მის სათნოებას
ლაპარაკობს და ყველგანაც პატივცემულია. აქ ყველა მეფეები პატივს სცემენ და
ენატრებათ მისი თავი. ხალხი ეგოდნათ მოხიბლულია მისი სათნოებით, რომ
წმიდად რაცხვენ. გარდა ამისა, ამ ჩემს ქალაქში, მარტო სულთა ცხონების და
ხალხის ხორციელის შემწეობის ზრუნვაშია. განურჩევლად ყველას ემსახურება და
ყველას საკვირველის სიყვარულით ეპყრობა და დაუხმარებლად არავის აბრუნებს.
ნუ თუ ამასავით ეწევიან ბერძნის მღვდლები ავადმყოფებს და ჰკურნებენ
უსასყიდლოდ? ჯერ არ მინახავს, იმათგან ვინმე მკურნალი ყოფილიყოს,
ხალხისთვის წამალი მიეცეს. გარდა ამისა, მშვენიერად იცის წმიდანების დახატვა,
ძლიერ კარგათ უხსნის საღვთო წერილსა, ჰქადაგებს, ყველას დიდის სიყვარულით
ასწავლის, ბევრი ენა იცის, რისგამო შეუძლია კარგად ასწავლოს ყმაწვილებს სხვა
და სხვა მეცნიერება; ეგრეთვე განსაკუთრებით დახელოვნებულია
ხუროთმოძღვრებაში, დიდის სიფრთხილით ყურადღებას აქცევს ძველის შენობის
შეკეთებას და ახლებსაც შვენიერად აშენებს. ერთი სიტყვით, რა საჭიროება, საქმე
და რჩევა იყოს, ყველაფერში მუდამ მზათ არის ეს ლათინის მღვდელი
ქრისტეფორე. უნდა აღვიარო ჭეშმარიტად, რომ ასეთი კაცი ჯერ არ მინახავს. ახლა
თქვენ განსაჯეთ, ნუ თუ უნდა მოვიშორო ასეთი დიდი და შესანიშნავი კაცი? თუ ორი
ხელით უნდა დავებღაუჭო და დიდის სიყვარულით შევინახო; თქვენ კარგად უწყით,
რომ მთავრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმნაირ პირებს, რომელნიც თავიანთას
ღირსებით შესანიშნავნი და სამეფოსათვის გამოსადეგნი არიან".
მეფის ამნაირმა სიტყვებმა პატრიარქი მეტად გააკვირვა და გააჩუმა. რა
ვეღარაფერი გააწყო, გამოესალმა მეფეს და რავდენსამე გზის პატრი
ქრისტეფორეს დაუწყო ბჭობა სარწმუნოებისათვის. ვერც ამითი გახდა რასმე; რა
კარგად დაინახა მთელის ერის პატივი და სიყვარული ამ პატრისადმი, იმედი
გადაუწყდა მისი განძევებისა და იძულებული გახდა ისევ გაბრუნებულიყო
კოსტანტინეპოლსა. ხოლო რაც ამან ვერ აღასრულა, ის დადიანმა ჰქმნა.
დადიანმა რა შეიტყო, მეფე ალექსანდრე არ აპირებს პატრის უკან
დაბრუნებასო, ძლიერ ეწყინა, რადგან, როგორც ვიცით, ალექსანდრემ მისიონი
დროებით სთხოვა. რადგან დადიანიც კარგად იცნობდა ქრისტეფორეს და დიდათაც
აფასებდა მის ღირსებას, აღარ ინდომა მისი ბევრხანს შორს ყოფნა. მალე
ალექსანდრე მეფეს გაუგზავნა გაბრიელ სიმონია და თანაც გაატანა წიგნი,
რომლითაც სთხოვდა, შეპირებისამებრ, უკან გაეგზავნა პატრი ქრისტეფორე. ამ
ამბავმა ძრიელ დააღონა მეფე. მისწერა დადიანს საბოდიშო წერილი
დაგვიანებისათვის, ეგრეთვე აცნობა, რომ მისიონერს ამ ჟამად ვერ ვისტუმრებ,
რადგან შორს არის წასული ერთი საპატიო პირის საექიმოდო. რა მობრუნდა
სიმონია და მოახსენა მეფის პასუხი, დადიანი ძრიელ განრისხდა მისი უარის გამო;
ეჭვიც შეიტანა, ვითომც გაბრიელ სიმონიას მეფისაგან ქრთამი აეღოს. ამისგამო
გაბრიელს უთხრა, სიკვდილით დაგსჯი, ქონებას წაგართმევ და ცოლ-შვილსაც
ტყვედ გაგიყიდი, უკეთუ სასწრაფოდ პატრი იმერეთიდგან არ მოგიყვანიაო. თანაც
ალექსანდრე მეფეს დიდი სამდურავი მისწერა და აცნობა, უკეთუ მალე
პირობისამებრ, ქრისტეფორე უკან არ გამომიგზავნე, მთელის ჩემის ჯარით
იმერეთს ერთიანად ავაოხრებო. ასეთმა ფიცხმა პასუხმა ძრიელ დააღონა მეფე,
მაგრამ სხვა დონე აღარ ჰქონდა; ლევან დადიანის ძალა კარგად ჰქონდა
გამოცდილი, მასთან ომს ვერ გაბედავდა, ამიტომ იძულებული გახდა
გაესტუმრებინა თავისი დიდად საყვარელი პატრი ქრისტეფორე. „მეორე დღეს,
როგორც მოგვითხრობს ისტორიკოსი, გაუმართა მას სადილი, დაასაჩუქრა
ძვირფასი სამოსით, სხვა ნაირი საჩუქრები ბევრი მისცა და გაისტუმრა.
ქართველები დიდათ სწუხდენ და სტიროდენ, რომ მათ შორდებოდა მათი
მფარველი, რომელიც გაჭირვებაში ყველას დიდათ ეწეოდა". ხოლო დადიანის
ელჩს კი დიდათ უხაროდა. რადგან ამითი თავი სიკვდილისაგან გადაირჩინა. ამან
დრო აღარ დაკარგა და მაშინვე წაიყვანა პატრი 1646 წ.... ასე რომ ქრისტეფორემ
ორი წელიწადი დაჰყო იმერეთში და დასტოვა დაუვიწყარი სახსოვარი. რა მივიდა
სამეგრელოში, დადიანმა სამდურავი გაუმოუცხადა, ამდენს ხანს რად დამანებე
თავიო, ხოლო შემდგომ მალე დაუწყო თავისი ჩვეულებრივი პატივისცემა და
სიყვარულის გამოცხადება.
ასე მალე დასრულდა იმერეთში თეათინელების მისიონი. ისინი შემდეგში
იმერეთს კიდევ მობრუნდენ, თუ არა, არ ვიცით. ხოლო 28 ნოემბერს 1668 წ.
საქართველოდგან ერთი კაფუცინი სწერს რომაში ესრედ:
„ქუთაისში არის თეათინელების ეკკლესია. იქაური მეფე მოცემას
შემოგვპირდა, უკეთუ წავედით და დავდეგით იმ ქალაქში". არც ესა სჩანს, მეფის
მიწვევისაგამო კაფუცინები წავიდენ მაშინ იმერეთს, თუ არა.
იმერეთის მეფეებს რომ ძალიან ენატრებოდათ თავიანთ სამეფოში კათოლიკე
მისიონერები ჰყოლოდათ, ამას შემდეგიც გვიმტკიცებს. არჩილ მეფეს მოსკოვში
გაუცვნია იეზუიტების მღვდლები, მათთვის უთხოვნია მისიონერების გამოგზავნა
თავის სამეფოში, მასთანვე დაჰპირდა რომის ეკკლესიასთან შეერთებას და პაპთან
თავისი ელჩას გაგზავნას. ეს ამბავი იეზუიტს გიორგი დავითს მოსკოვიდგან
უცნობებია რომას თავისი გენერლისათვის და პროპაგანდისათვის მიუწერია
პოლონეთში მყოფის ნუნციო კარდინალის საშუალებით. სამწუხაროდ, ამ მღვდლის
მოწერილი არც ერთი წიგნი გვაქვს ხელში. ამაზე გვაქვს მარტო პროპაგანდის
შემდეგი წიგნი, რომელიც მიუწერიათ კარდინალისათვის პასუხად.
„უფალს კარდინალს პალავიჩინოს, პოლონეთში მყოფ ნუნციოს, 12 იანვარს
1689 წ.
„მივიღეთ თქვენი უმაღლესობის პატიოსანი წერილი, მოსკოვიდგან იეზუიტ
გიორგი დავითის მოწერილ წიგნთან ერთად, შესახებ იმისა, რაც მიუნდვია
სამეგრელოს მეფეს არჩილს, ესე იგი, ეს მეფე თავის სამეფოსათვის თხოულობს
მისიონერებს და ჰპირდება რომის სამოციქულო საყდართან შეერთებას და
ეგრეთვე პაპთან საგანგებო ელჩის გაგზავნას. ეს რა ვსცანით, მაშინვე ვნახეთ
იეზუიტების გენერალი, რომელმაც დამარწმუნა, რომ მასაც მიეღო ესრეთი ამბავი
ხსენებულის პატრი დავითისაგან და კიდევაც განკარგულება მიეცა პოლონეთისა
და ბოჰემიის პროვინციებისათვის, რათა ჯერ გაეგზავნათ ორი მღვდელი,
რომლებსაც იქაური გარემოება ყოველივე შეეტყოთ, რომ, მოწერილობის დაგვარ,
შემდეგში ეხმარათ სა ჭ ირო ღონისძიე ბ ა კ ათოლი კე სარწმუნოებ ის
გასავრცელებლად იქაურობაში. ეგრეთვე ამ ამბავს ვაცნობებ ჩვენს ბატონ პაპსაც
და წარვადგენ პირველ კრებაშივე, თანახმად თქვენის უმაღლესობის ყოვლად
ბრძნულის რჩევისა". აქ სამეგრელო შეცდომით უნდა იყოს მოხსენებული, ან მეფე
არჩილ ეტყოდა თავის უწინდელ ტიტულს, რომლის თანახმად იმერეთი
სამეგრელოსაც შეიცავდა.
ამ პირველად გაგზავნილის ორის პატრისა მხოლოდ ერთის შესახებ გვაქვს
ცნობა. ის იყო პოლონელი პატრი ივანე გოსტოვსკი. ვიდრე იმერეთს მივიდოდა,
გამოიარა ტფილისში და იქიდგან, 24 აგვისტოს 1690 წ. კარდინალს რომაში
მისწერა წიგნი, რომლითაც სხვათა შორის, აცნობებს, რომ იმ დროებში ოსმალებს
დაეპყრათ იმერეთი. წერილი საკმაოდ შესანიშნავია ტფილისის იმ დროის
პოლიტიკებრივ და სულიერებრივ ცხოვრების მხრით და შემდეგში თავის ადგილს
მოვიყვანთ. პატრი ტფილისიდგან იმერეთში წავიდა იმავე თვეში. იმერეთში რა
ჰქმნა კათოლიკობის გავრცელებისა, არაფერი ვიცით. ხოლო მის ბიოგრაფიაში
შემდეგს ვკითხულობთ: „იეზუიტი პოლონელი ივანე გოსტოვსკი საქართველოში
იმერეთში მისიონერად იყო; ძრიელ კარგად იცოდა იქაური ენა და საერთო
პატივისცემა დაიმსახურა ყველასაგან და თვით არა კათოლიკე
ეპისკოპოსებისაგანაც. ეს მისიონერი ჟამ-შეყრილთა მოვლის დროს გარდაიცვალა
1738 წ.". როგორც სჩანს, ამას იმერეთში დაუყვია 48 წელიწადი. ცხადია, მარტო
არ უნდა ყოფილიყო, თან რავდენიმე თავისი ამხანაგიც უნდა ჰყოლოდა. ამის მიერ
გავრცელებულის კათოლიკობის საბუთებს ჩვენამდე არ მოუწევია. მაგრამ უარს
ვერა ვყოფთ, რომ ამას თავის ამხანაგებთან ერთად სარწმუნოების შესახებ
ეგოდენი ნაყოფი არ გამოეღოსთ იმერეთში. უკეთუ ასე არ ყოფილიყო,
შეუძლებელი იქმნებოდა, რომ ეს პატრი აქ იმდენ ხანს დარჩენილიყო, ყველგან
შეყვარებულ-პატივცემული ყოფილიყო და კათოლიკე სარწმუნოება კი არ
გაევრცელებინოს; მეტადრე იქ, საცა თეათინელ მისიონერებს ეგოდენი პატივი და
თანაგრძნობა აღმოუჩინეს, და საცა თვით მეფეები იწვევდენ მისიონერებს. არც ის
ვიცით, თუ არჩილ მეფემ, როცა იმერეთი დაიპყრო, თავის მოწვეულ მისიონერებს
როგორ მოეპყრო და თავისი პირობა როგორ შეასრულა.
აი ეს მცირედი საბუთებიც საკმაო სიმტკიცეს გვაძლევს ვსთქვათ, რომ
იმერეთში არა ნაკლებად გავრცელებულა კათოლიკე სარწმუნოება.
რავდენიმე წერილი კიდევ გვაქვს იმერეთის მეფეებისა და პაპისა, მაგრამ რა
კი არ ეკუთვნის ამ საუკუნეს, აღარ მოგვყავს, ხოლო შემდეგში კი ყველას თავის
შესაფერ ადგილს წარმოვადგენთ.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия