ჭეშმარიოტი ქართული ოცნება

გუშინ გადავეყარე მშრალ ხიდზე - როგორ ზუსტად ასახა მხატვარმა ჭეშმარიტი ქართული ოცნება - ქარტველთა ჭეშმარიტი პარადიგმა - არა ეს არაა "ენა, მამული, სარწმუნოება" ეს უფრო ახლოსაა "ღვინო, დუდუქი, ქალებისკენ", თუმცა ამ სურათზე ქალის მაგვარი არაფერი ჩანს. მაშ რა არის ჭეშმარიტი ქართული ოცნება, ან თუნდაც გრუზინული ოცნება, როგორც ამას ახლა იტყოდა ბევრი?

ჯერ ის განვიხილოთ თუ რა არის მოცემული სურათზე. სამწუხაროდ აქ გამოსახულია არა უბრალოდ 7 ადამიანი, არამედ ესაა სტერეოტიპული ქართული საზოგადოება, რომელიც ბოლო 150 წლის მანძილზე დიდად არ შეცვლილა. აქ ვხედავთ ტიპიურ ლუარსაბ თათქარიძეს, რომელსაც ქალებიც კი არ აინტერესებს იმდენად, როგორც ღვინო და დუდუკები.

შაბლონური, სტერეოტიპული ქართველი, (სხვათაშორის ჩემმა ტურისტებმა იყიდეს ეს სურათი, იმდენად სტერეოტიპულ-ქართულია ეტყობა) თავისი არსით არის იმპოტენტი. საქმე ფიზიკურ იმპოტენციას კი არ ეხება, არამედ იმას რომ ყველაფერი ის - რაც პრინციპში უნდა შეადგენდეს ნებისმიერი ერისთვის ძირითად პარადიგმებს - ჩვენში მხოლოდ სასუფრე თემაა.



დიახ, ოდესღაც, ისტორიის ბურუსით მოცულ დროში, ქართული სუფრა (რომლითაც ასე გამეტებით ვამაყობთ) თავისი სადღეგრძელოებით ალბათ იყო საკრალური ქმედება, მაგრამ ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ნაქები "სუფრის აკადემია" გარდაიქმნა იმპოტენციით გამოწვეული ფარული ფრუსტრაციის სუბლიმაციის საშუალებად.

მარტივად რომ ვთქვათ იგივე რა ხდება? აქ გამოსახული სრულიად ტიპიური ლუარსაბ თათქარიძე არის ზარმაცი მუქთახორა (თუ მას აქვს მუქთახორობის ფუფუნება, თუ არა და იგი დიდად უკმაყოფილოა ცხოვრებით იმირომ რომ ლუკმა პურისთვის შრომა უწევს, ხოლო დიდი და კარგი ლუკმა პური რომ იშოვო ამ სასტიკ სამყაროში უნდა იყო ინიციატივიანი, კრეატიული, მებრძოლი და გამტანი), რომლისთვისაც ღირსების ყველა ასპექტი ერთიანდება მის მიერ ნათქვამ დიდ და ხმამაღალ სადღეგრძელოებში.

- გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს (გრძელი სადღეგრძელო)
- ქალებს (ფეხზე, სკამდე დადგომით)
- მშობლები
- წასულები
- ბავშვები
- ლამაზი დედა ბუნება
- ბოლო დროს მოდაში შემოსული ილია მეორეს სადღეგრძელოც, ან მინიმუმ ეკლესიის.

მოკლე სია იმ ბრტყელ-ბრტყელი "სუფრის აკადემიის" სადღეგრძელოების, რომლებსაც ლამაზად ამბობენ ეს თათქარიძეები. კაცები, რომლებისთვისაც ჯარში მსახური "ღირსების შელახვაა", რადგან მათ არ უყვართ სახელმწიფო, მაგრამ უყვართ სამშობლოს სადღეგრძელოები, ამბობენ გრძელ და პატრიოტულ სადღეგრძელოებს. სწორედ ესაა იმპოტენცია - ასეთი კაცების სასუფრე "პატრიოტიზმი".

ქალს შეაგინებენ კიდეც, შესაძლოა ხელიც აწიონ, მაგრამ მანდილოსნების საღეგრძელოს ფეხზე/სკამდე ამდგარი დალევენ. თან გინება როგორც წესი მიუთითებს ქვეცნობიერად სასურველი სექსუალური ლტოლვის ობიექტის მიუწვდომლობის სუბლიმაციას. სხვა რითი უნდა აიხსნას უბადრუკი მამრების მხრიდან მაგალითად სოფო ნიჟარაძის გინებების ისეთი ფორმები, რომ ნებისმიერ პორნო რეჟისორს შეშურდებოდა მათი ფანტაზიის? იმპოტენცია...

მშობლების და წინაპრების სადღეგრძელოებს რა გამეტებით სვამენ ინფანტილური კაცუნები, მშობლის ხარჯზე რომ ცხოვრობენ სრულწლოვან ასაკს დიდი ხნის მიღწეულები. ამჯერად შრომითი და კრეატიული იმპოტენცია გვაქვს - მათ არ შესწევთ ძალა რამე შექმნან, მათი "ღირსების" დაკნინებაა დაბალანაზღაურებადი სამსახური, ამიტომ, თუ არის ფუფუნება იხდე მშობლის კისერზე, რატომაც არა.

დედა ბუნებაც უყვართ მშობლიური კუთხე, ასე რომ გაიმპოტენტებული ერისთვის ეს სადღეგრძელოც პათოსითაა სავსე, თუმცა მისი თქმის შემდეგ დედა ბუნებასაც ერგება კარგად - მიყრილ-მოყრილი ბოთლები და ერთჯერადი თეფშები და ჭიქები. ღორების შემდეგ ბევრად უფრო სუფთა სიტუაციაა ხოლმე.

აღარაფერს ვამბობ სარწმუნოება/ეკლესია/პატრიარქის სადღეგრძელოებზე, რომელიც "პატრიარქის კურთხევის" შემდეგ მოდური გახდა. იმპოტენტ ერს არ აქვს უნარი იკითხოს ბიბლია და თავად იაზროვნოს. უმეტესობას საერთოდ არ აქვს რამე წაკითხული, და რადგან აზროვნება ღირსების შემლახველი რთული პროცესია - მიმართავენ თავისივენაერ უვიც ხეპრე მამაოებს ჭკუის დასარიგებლად, და იქმნება ჩაკეტილი წრე - ბნელი ხალხის "განმანათლებელი" ბნელი სამღვდელოება.

ესეც იმპოტენციის აღწერა, რომელიც არც განვითარების საშუალებას გვაძლევს, არც განათლების. რაშიც გამოიხატება ჩვენი გათითოკაცებულება და ყოფილ ერად ქცევა.

სანამ ტიპიური ქართველის სტერეოტიპული ხატი იქნება მოქეიფე იმპოტენტი ლუარსაბ თათქარიძე, სანამ არ დავივიწყებთ ამ "ძველ ტრადიციებს" და სუფრაზე კი არ მოვახდენთ ჩვენი მისწრაფებების რეალიზებას - არამედ საქმეში, მანამდე ქართველი ერი იქნება მუდამ ყოფილი ერი, რომელიმე იმპერიის გასართობი პარაზიტი დანამატი და არა სრულფასოვანი ერი, რომელსაც შეუძლია სრულფასოვანი სახელმწიფოს შექმნა.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия