ჭეშმარიტი ამბავი ჭეშმარიტ სამოთხეზე

უფალმა შექმნა ადამი და ევა და მისცა მათ ედემის ბაღი, სადაც არ არსებობდა არც ფული, არც აუდიტი, არც ბუღალტერია, არც ანგარიში, არც დეკლარაციებზე იცოდნენ რამე... ერთი აუდიორი კი იყო, მარა უფალმა ის ედემიდან განდევნა. ადამს და ევას შეეძლოთ ნებისმიერი ხის ნაყოფის მირთმევა გარდა ერთისა - უფალმა სასტიკად აუკრძალა ფინანსური აღრიცხვის ხის ნაყოფის გასინჯვა.

იჯდა ერთხელ ევა სამოთხის ბაღში, და მიეპარა მას აუდიტორი. დაუწყო სიმდიდრეზე საუბარი. ევამ არ იცოდა რა არის სიმდიდრე, რადგან არც ფულზე იცოდა რამე არც თვლაზე. მაშინ აუდიტორმა შეაცდინა ევა და ფინანსური აღრიცხვის ხის ნაყოფი გაასინჯა. ევას თავში რაღაც გადატრიალდა, შეიცვალა, და მან უცებ დაიწყო ანგარიში, ყველაფრის აღრიცხვა რაც კი იყო ედემის ბაღში. მოვიდა ამ დროს ადამი. ევამ უამბო ახალი შეგრძნებების შესახებ. ადამი ვერ მიხვდა. მაშინ ევამ გაასინჯა ხის ნაყოფი და ერთად შეუდგნენ ადამი და ევა ედემის ბაღის ფინანსურ აუდიტს.

აუდიტით გართულებმა ვერც კი შეამჩნიეს რომ უფალი მოვიდა ედემში. როდესაც უფალმა დაუძახა ადამს და ევას, ისინი დაიმალნენ.
- რატომ მემალებით - იკითხა უფალმა
- მრავალი ფინანსური დარღვევა აღმოვაჩინეთ და გვრცხვენია!
- საიდან იცით რა არის ფინანსური დარღვება?
- ბუღალტერმა გაგვასინჯა ფინანსური აღრიცხვის ნაყოფი...
უფალი განრისხდა და გააგდო ადამი და ევა ედემის ბაღიდან. ამიერიდან  ისინი დედამიწაზე დასახლდნენ და უნდა შეევსოთ დეკლარაციები, წარედგინათ ჩეკები, ინვოისები, ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები და ხელშეკრულებები, რადგან საგადასახადო მუდამ ხედავდა მათ.



ადამიანთა ხვედრი მით უფრო მძიმე იყო, რომ არ არსებობდა ერთიანი საგადასახადო კოდექსი. ყველა ბუღალტერი, აუდიტორი, ფინანსური ინსპექტორი სხვადასხვა საბუთებს ითხოვდა, და არავინ იცოდა რას მოსთხოვდნენ მას. ამიტომ პირველშობილი ჯარიმის გარდა, რომელიც ადამმა და ევამ აიკიდეს სამოთხეში აუდიტში აღმოჩენილი შეცდომების გარდა, ყველა ადამიანს დაემატა უამრავი ჯარიმა და სანქცია, რაც მამიდან შვილზე გადადიოდა.

კაცობრიობა ისე გაიხლართა ჯარიმებში, რომ უფალმა ერთხელაც გადაწყვიტა, რომ უფრო მარტივი იქნებოდა წარღუნის მოვლენა და ადამიანთა ჯარიმიანი მოდგმის ჩარეცხვა, ვიდრე მათგან ჯარიმების ამოღება. წარღუნას ნაკლებად დაჯარიმებული ნოე გადაურჩა, თავისი ოჯახითურთ.

გავიდა ისევ საუკუნეები. ისევ გაეხვია კაცობრიობა ჯარიმების მორევში, ისევ აიბნა მიღება-ჩაბარება და ანგარიშფაქტურა, აუდიტორები ისევ დაიარებოდნენ და აწერდნენ ადამიანებს ახალ ახალ ჯარიმებს, ისევ აიბნა დეკლარაციები. უფალმა ისევ გადაწყვიტა საქმეში ჩარევა, რადგან თავად იგიც, ყოვლისშემძლეც კასრგავდა კონტროლს ადამიანთა ფინანსებზე, იმდენად აირია ყველაფერი. აირჩია მან აბრაამი, რომ ესწავლებინა მისთვის და მისი შთამომავლობისთვის ჭეშმარიტი აუდიტი.


მაგრამ გავიდა 3 თაობა, აბრაამის შვილთასვილებს აერიათ რამსები და აღმოჩდნენ ეგვიპტეში. იმდენი ჯარიმა დაერიცხათ, რომ ეგვიპტელებმა დაიმონეს. ასე გვძელდებოდა საქმე, სანამ უფალმა დიდი ფინანსისტი მოსე არ მოავლინა ქვეყანას. უფალმა იმდენი ქნა ამჯერად რომ მოსეს პირველი საგადასახადო კოდექსიც მისცა. დაიმკვიდრეს ფინანსისტებმა პალესტინის მიწები და დაიწყეს ჭეშმარიტი კოდექსით ცხოვრება. ჰყავდათ მათ მრავალი აუდიტორი და ბუღალტერი.

ისევ გავიდა საუკუნეები, ისევ აირია დებეტი და კრედიტი, ვეღარც ბუღალტრები პოულობდნენ გზაკვალს, ადამიანი იბადებოდა მხოლოდ იმისთვის რომ დეკლარაცია შეევსო, მოეგროვებინა ანგარიშ-ფაქტურები და მომკვდარიყო.

ბოლოს უფალს შეეცოდა გამწარებული კაცობრიობა და თავისი ვაჟი გამოგზავნა ბუღალტერიისგან ხალხის გადასარჩენად და დიდი ფინანსური ამნისტიის გამოსაცხადებლად.


იესო 3 წელი ქადაგებდა რომ არის ცხოვრებაში რაღაც უფრო მეტი ვიდრე ბუღალტერია. რომ შეიძლება მონანიება, გათავისუფლება აუდიტისგან, ვინც მოინათლებოდა სრულ ფინანსურ ამნისტიას მიიღებდა. ასწავლიდა ადამიანებს, რომ ეს დეკლარაციაა ადეამიანისთვის და არა ადამიანი დეკლარაციისთვის. მაგრამ ბუღალტრები გადაეკიდნენ, შეიპყრეს, ჯვარს აცვეს და ისევ გაიმარჯვეს... გავიდა 2000 წელი და კაცობრიობა ისევ დეკლარაციებს ავსებს, იტანჯება ფინანსური აუდიტისგან და ბუღალტერიისგან, იფლობა გადაუხდელ ჯარიმათა მორევში, საშველი კი ისევ არსაიდან ჩანს!

Comments

  1. მაგარია... )))))))

    ReplyDelete
  2. :) ბუღალტერია კლავს :)

    ReplyDelete
  3. ვინ გაგამწარა რუსო : ))

    ReplyDelete
  4. საგადასახადო კოდექსმა, ბუღალტერიამ, ზოგადადვ სისტემამ!!!

    ReplyDelete
  5. ჩაგიკონკრეტდები: ბუღალტერია ხალხის მტერია!))

    ReplyDelete
  6. მთავარია არავინ არ ჩამეკითხოს :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия