ტროას ცხენად ქცეული ქართველი პატრიარქი

წყარო: Toresa Mossy

ეს მოკლე ტექსტი ჩემი ბლოგისთვის დავწერე, რომელიც ერთ-ერთ მედია გამოცემას ეკუთვნის, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ ქვეყანაში სიმართლეს წითელი ხაზები აქვს და პატრიარქი ის ფიგურაა, რომელსაც ყველაფერი ეპატიება, უპატიებელიც კი და ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდავებს უფლება არ გვაქვს საკუთარი აზრი გამოვთქვათ. მოკლედ, ვინაიდან მე არ ვცნობ ასეთ შეზღუდვებს, საკუთარ გვერდზე ვაქვეყნებ ამ წერილს.

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული - სამშობლოს,
გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ამბროსი ხელაია საბჭოთა ოკუპანტებს.

ამ პოლიტიკოსების გადამკიდე ისედაც აბსურდულ სიგიჟეში ჩაძირულ ქვეყანას „მხსნელად“ კიდევ ერთხელ მოევლინა პატრიარქი ილია მეორე და მოსკოვში თავისი უთავმოყვარეო ვიზიტის შემდეგ, კიდევ ერთი სიახლით გაგვიხარა გული. მან ჯერ თავისებურად, სათნოდ მხცოვანი, დინჯი ხმით თქვა საშინელი ტყუილი ისტორიულად რუსები და ქართველები ძმებივით ვცხოვრობდითო, შემდეგ კი არც აცია და არც აცხელა გამოგვიცხადა: „მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბატონ ვლადიმერ პუტინთან. მე ადრეც მქონია მასთან შეხვედრა, მაგრამ ის ყურადღება რაც გამოიჩინა ბატონმა ვლადიმერ პუტინმა, იყო იმედისმომცემი, მე ვფიქრობ რომ ის არის პიროვნება, ბრძენი პიროვნება, რომელიც გამოასწორებს მდგომარეობას საქართველოსი და გამთლიანდება საქართველო“. ჯერ ერთი თუ პატრიარქმა ქვეყნის ისტორია არ იცის, რბილად რომ ვთქვათ სირცხვილია, კარგი ჯანდაბას გადაიტანს კაცი რამენაირად ამას, მაგრამ აი იმ ეკლესიის ისტორიაც რომ არ იცის, რომლის საჭეთმპყრობელიცაა ეს უკვე ნამეტანზე ნამეტანია. კაი მოდი ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ვთქვათ რომ იცის, მაგრამ ღმერთო ჩემო, მაშინ უტიფრად იტყუება. ნუ კარგი, ჯანდაბას იტყუება იტყუება, ადამიანია ისიც და დავუშვათ ეს ადამიანური ცოდვა - ტყუილი, მასაც ახასიათებს, მაგრამ აი მეორე ნაწილი კი აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამაა. რა ხდება მეორე ნაწილში? საქართველოს პატრიარქი ჯერ მის აღმატებულებად მოიხსენიებს მისი სამწყსოს #1 მტერს, მტერს რომელიც საფრთხეს უქმნის მისი სამწყსოს როგორც ფიზიკურ ისე სულიერ არსებობას, ამით არ კმაყოფილდება და მრევლს ეუბნება, ჩვენი ქვეყნის მთლიანობა ჩვენზე კი არა, ოკუპანტის „სიბრძნეზეა“ დამოკიდებულიო. არადა ეს „ბრძენი“ იმდენად ბრძენია, რომ ჯერ შუა ზამთარში გაზის ცენტრალური მაგისტრალი ააფეთქებინა და მთელი ქვეყანა გასაყინად გაგვწირა, მერე ჩვენი შიმშილით სიკვდილი გადაწყვიტა და ქართულ პროდუქციას ემბარგო დაადო რუსულ ბაზარზე, ამითაც რომ ვერ შეაჩერა ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, ჩვენი ათეულობით ათასი თანამემამულე სატვირთო თვითმფრინავებით გამოყარა რუსეთიდან და ბოლოს 2008 წლის აგვისტოში მისი ჯარი შემოიჭრა. ასეულობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა ამ თავდასხმას, ათასობით საქართველოს მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა და მის ჯარს დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ორი დიდი რეგიონი. აი იმ კაცის „ბრძნული“ ქმედებები, რომლის წყალობითაც თურმე უნდა გამთლიანდეს საქართველო და ამას ამბობს პატრიარქი, რომლის ერთ-ერთი დიდი წინამორბედიც დახვრიტეს მხოლოდ იმიტომ რომ ის არ შეურიგდა თავისი ქვეყნის ოკუპაციას. დიახ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია დახვრიტეს იმის გამო, რომ 1922 წლის 7 თებერვალს, მან გაუგზავნა მიმართვა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას. იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას: „...1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; 2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან". იგი იმავე წელს დააპატიმრეს და 1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში. შედარება თქვენთვის მომინდვია, თუმცა აქვე გამახსენდა ცნობილი მომენტი კინოფილმიდან „ტროა“, სადაც მეფე ქურუმებს უჯერებს და მტრების მიერ დატოვებულ ვითომ ღმერთების სადიდებლად აგებულ ცხენს, ქალაქში შეიყვანს, რაც გახდა კიდეც ტროას დაცემის საფუძველი. სამწუხაროა, როცა კათოლიკოს-პატრიარქი არ მისდევს ქრისტეს მაგალითს, არც იმ პატრიარქების მაგალითს, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და მრევლის დასაცავად სიცოცხლეს წირავდნენ და ამის ნაცვლად მტერს უწოდებს მის უმაღლესობას, „ბრძენს“ და მრევლს ეუბნება საკუთარი თავის ან ღმერთის კი არა, მისი „სიბრძნის“ იმედად იყავითო. ამ დროს ის ქრისტიანი პატრიარქიდან, წარმართ ქურუმად იქცევა და ტროას „ცხენის“ ფუნქციას ასრულებს.

დასასრულს კი არ შემიძლია არ აღვნიშნო. მიუხედავად ქრისტიანული ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლისა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველო მულტიკულტურული, მრავალეთნიკური ქვეყანაა, რომელიც არც მხოლოდ ეთნიკური ქართველების და არც მხოლოდ მართლმადიდებლების სამშობლო არაა, არამედ იგი აერთიანებს სხვადასხვა აღმსარებლობის, მრავალი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა, რაც მთელი ისტორიის განმავლობაში გვაერთიანებდა ჩვენ ყველას ერთად, 3000 წელზე მეტს ითვლის, ის ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე იყო ჩვენი გამაერთიანებელი. ჩვენ ეთნიკურ ქართველებს და მართლმადიდებლებს კი, სწორედ იმიტომ რომ უმრავლესობას წარმოვადგენთ, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, როდესაც საქმე სახელმწიფოებრიობის იდეასთან მიდის. ეს უნდა გაითვალისწინოს კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც ზღვარს გადადის და პოლიტიკურ საკითხებში იჭრება, მით უმეტეს თუ მისი სიტყვები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия