ლიტერატურის გაკვეთილები

მე ის თაობა ვარ, სკოლაში შესვენებებზე ირანულ ნავთქურას რომ მოვუსხდებოდით ხელების გასათბობად, მასწავლებელი კი ნიშანში ფულს გვთხოვდა - "აბა ხელფასით ნავთსაც ვერ ვყიდულობ"  - რკინის არგუმენტი იყო. ქართული ლიტერატურა კი ის საგანი იყო რომელიც ყველაზე ნაკლებად მიყვარდა. შესაძლოა იმიტომ რომ მასწავლებლებში არ გამიმართლა, ან სწავლის მეთოდი იყო ცუდი, ან ლექსების ზუთხვას ჭირივით ვერ ვიტანდი, და მოვახერხე, სკოლა დავამთავრე ისე რომ 3 ლექსზე მეტი არ მისწავლია.

მიუხედავად ყველაფრისა ქართული ლიტერატურა საჭირო იყო - უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა. როგორც ბევრი ჩემი თანატოლი, მეც 11 კლასში მასწავლებელთან კერძოდ ვმეცადინეობდი. შეიძლება ითქვას რომ ცხოვრებაში პირველად გამიმართლა. ნანა გაფრინდაშვილი, უნივერსიტეტის ლექტორი, შესანიშნავი პედაგოგი და სპეციალისტი აღმოჩნდა. მასთან ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ გამოცდისთვის. თუმცა ქართული ლიტერატურა მაინც ვერ შემაყვარა.

პირველად სწორედ ნანა მასწავლებელთან მოვხვდი დისონანსში, როდესაც მასწავლებელი კარგია, თავისუფლება რომ ჰქონდეს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სასწავლო პროგრამის და მეთოდიკის ვიწყო ჩარჩოები საგანს როგორ აფუჭებს. საქმე ისაა რომ ქალბატონი ნანას მიზანი იყო არა ის რომ ჩვენ გაგვეგო, შეგვეცნო და ა.შ. ქართული ლიტერატურა, არამედ, უპირველეს ყოვლისა ჩაგვებარებინა მისაღები გამოცდები.

გახსოვთ ალბათ იყო ასეთი წიგნი "ქართული ლიტერატურის განხილვები" მგონი სწორად მახსოვს სათაური. ის 80-90-ან წლებში ფართოდ გამოიყენებოდა ქართულ ლიტერატურაში თემების დასაწერად. პრინციპში ამ წიგნში იყო მოცემული ქართული ლიტერატურიდან ყველა თემა, და გადახვევა სასტიკად ისჯებოდა. მახსოვს ერთხელ ვეცადე და დავწერე თემა, მგონი "მეგობრობა ვეფხისტყაოსანში" თუ "კაცთა სახეები" არ მახსოვს უკვე რა... ნანა მასწავლებლის განაჩენი ძალიან უცნაური იყო - თემა კარგია, გამოცდაზე ასე წერა არ გაბედო.

ანუ იმ დროინდელი განათლების სისტემა, რომლის მსხვერპლიც 90-ანების თაობა გახლავართ, და რომელიც პრინციპში დაბეჩავებული საბჭოთა სისტემის გადმონაშთი იყო, რადგან 90-ანებში ახალი არ შექმნილა, ძველი კნინდებოდა მხოლოდ. და ეს იყო მიმართული არა იმაზე რომ გვესწავლა აზროვნება, ანალიზი, კრიტიკა, განსჯა, ლოგიკა, არამედ დაზუთხვა და "სწორი თემების" წერა. ავთანდილი და ტარიელი იყვნენ გმირები, სხვა აზრი იყო დაუშვებელი, ფატმანი მდაბიოა, ამაზე მსჯელობა იყო აკრძალული, რკინის ჩარჩოებში ჩასვეს ყველაფერი და იმას გვასწავლიდნენ თაობებს... ამ სისტემის წარჩინებულმა მოსწავლეებმა შეითვისეს "სწორი აზროვნება" როგორია, მითითებები იმის შესახებ ვინაა გმირი და ვინ მდაბიო ავტორიტეტისგან უნდა მიეღოთ და დაეცვათ ეს აზრი. ჩვენ კი ოროსნები ჩავრჩით მუდმივ ეჭვებში, მართლა უბადლო გმირია ავთანდილი? თუ სისტემამ მოგვატყუა? ამ საშინელი განათლების სისტემის შედეგებს კი დღეს ვიმკით, როდესაც მასას სრულიად არ აქვს აზროვნების უნარი და ძველი, კარგად მორგებული შაბლონებითაც კომფორტულად გრძნობენ თავს.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия