ლაზიკა

იმდენს ლაპარაკობენ ამ ბოლო დროს "ლაზიკაზე" რომ ბოლო ბოლო გადავწყვიტე მეც მეთქვა ორი სიტყვა.
პირდაპირ ვიტყვი - არ მომწონს პროექტი. არა მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით, უბრალოდ აზრი არ მესმის.
პირველ რიგში სამეგრელოს შავი ზღვისპირეთი მართლა განუვითარებელია და საჭიროებს მიხედვას, თუმცა პრობლემას გვიქმნის დაჭაობებული გარემო. ჭაობების დაშრობა კი რომელიც ეკო სისტემის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

სამეგრელოს დედაქალაქი ზუგდიდი მდებარეობს ზღვიდან დაახ. 30 კილომეტრში და საზღვაო ქალაქი არანაერად არაა. ზღვაზე შენდება კურორტი ანაკლია, რომელიც მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, კარგი პროექტია. არსებობს საპორტო ქალაქი ფოთი და ყულევის ტერმინალი.
ფოთში ვიყავი ამ ზაფულს, მანამდე ვიყავი 3 წლის წინ, და ორივეჯერ საკმოდ სავალალო სურათი ვნახე. ნუ მიწყენთ ფოთელებო, მაგრამ ჩამყაყებული, უსიცოცხლო პროვინციული ქალაქია. ერთადერთი სასიცოცხლო წყარო პორტია, ერთადერთი რაც თვალს ახარებს - მეგრული კარმიდამოები. სხვა დანარჩენი კი - კანალიზაციის და ნაგვის სუნით აყროლებული კორპუსები, შელახული ფასადები, დანგრეული ტროტუარები. ფოთი ზღვისპირა ქალაქია, მაგრამ ზღვისპირა ზოლი იმდენად მოუწესრიგებელია, რომ იქ დამსვენებლების ნაცვლად ძროხები სეირნობენ. თუმცა ფოთის სამხრეთით იწყება საკურორტო ზონა, მალთაყვა, გრიგოლეთი, შეკვეთილი.
ერთი სიტყვით ფოთი ისეთ დღეშია, რომ კაპიტალური რესტავრაცია არაწყენდა. კი იყო საუბრები თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობაზე, მაგრამ დღესდღეისობით საგრძნობი ცვლილებები არ მომხდარა.
ამ ყველაფრის ფონზე თუ კი აშენდა ახალი ქალაქი, ეს ფოთის დაცლას და გაუკაცრიელებას გამოიწვევს, დარჩებიან მარტო პორტის თანამშრომლები :) აბა რომელი ნახევარი მილიონი უნდა ჩაასახლონ აქ? აფხაზეთიდან დევნილები? მათი საუკეთესო ნაწილი მშვენივრად ცხოვრობს, და ხელისუფლების მითითებით არსად არ წავა, ხოლო ვინც დღემდე ღატაკია, ეს ეკონომიკურად არააქტიური ნაწილია და მათგან არავითარი ხეირი არ იქნება. თან ფოთში, ბათუმში, სენაკში უკვე ჩაასახლეს ბევრნი... ახლომდებარე სოფლებში არაა ამდენი მოსახლეობა. აღმოსავლეთიდან ჭაობზე საცხოვრებლად ხალხი არ წამოვა.
თუმცა ქალაქი 1 დღეში არ შენდება. და ახალი ლაზიკის მშენებლობას არ ჯობია ძველი ფოთის სრული რეკონსტრუქცია? მერე გინდ ლაზიკა დაარქვან, გინდ ფაზისი, გინდ ეგრისი.
თეორიაში ფოთს არა მხოლოდ პორტის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მხრივ აქვს პერსპექტივა, არამედ ტურიზმის მხრივაც, თუ რა თქმა უნდა ქალაქს მოევლება.
ასე რომ ჩემი დასკვნა, ახლის შენებას ძველი მოვიყვანოთ აზრზე ჯობია.

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания