აბორტები - pro et contra

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში გაჟღერდა მოწოდება მთავრობისადმი აიკრძალოს აბორტები, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოების ფართო მასებში.

პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია - მე აბორტების წინააღმდეგი ვარ და აბორტი მიურებლად მიმაჩნია. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მე არ მოვუწოდებ სხვას გაიკეთოდ აბორტი და დიდი ალბათობით მეთვითონ არ გავიკეთებ აბორტს. თუმცა საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემ განვსაჯო სხვა, ვისაც აბორტი გაუკეთებია რაიმე მიზეზის გამო. ქალი ამ საკითხში მხოლოდ საკუთარ სინდისთან და უფალთანაა პასუხისმგებელი. 

პატრიარქის ეპისტოლის საკმაოდ დიდი ნაწილი ეხება სწორედ აბორტების პრობლემას და ხელისუფლებისადმი მათი აკრძალვის მოწოდებას. სრულიად გასაგებია რომ, ქრისტიანული სწავლებიდან გამომდინარე ეკლესია ვერანაერად ვერ იქნება აბორტების მომხრე. იმასაც ვეთანხმები რომ აბორტების რაოდენობა საქართველოში ყოველგვარ ნორმას სცილდება. საქმე სხვა რამეშია - რას აკეთებს გინდ ეკლესია, გინდ მთავრობა ამ პრობლემის გადასაჭრელად? მთავრობა, გინდ ძველი გინდ ახალი პირდაპირ ვთქვათ საერთოდ არაფერს არ აკეთებს. არასამთავრობო სექრტორი უმეტესწილად მიიჩნევს რომ აბორტი ქალის უფლებაა და არ მიიჩნევს პრობლემის ამ კუთხით დაყენებას კორექტულად.

ეპისტოლეში ამ თემაზე პირდაპირ ვკითხულობთ: "ვისაც ეკონომიური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს, ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას, თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ."

არ მინდოდა ამ თემასთან დაბრუნება, მაგრამ თავად მაიძულებენ. ეგებ მითხრათ რამდენ ბავშვთა სახლს უწევს საპატრიარქო პატრონაჟს? როგორ აისახება საპატრიარქოს და სამღვდელოების ზრუნვა ბავშვთა სახლებზე. ლოცვებს არ ვგულისხმობ. სრულიად მატერიალურ თემაზე მაქვს საუბარი. სამწუხაროდ ამის შესახებ ინფორმაცია ფაქტიურად არ არსებობს.

და ბოლოს ვკითხულობთ პირდაპირ მოწოდებას "როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის." რომელსაც მოყვება 2 აბზაცი განწყობის თეორიაზე და მასმედიის მნიშვნელობაზე განწყობის შექმნაში.

მიუხედავად ჩემს მიერ სტატიის დასაწყისში დაფიქსირებული პოზიციისა, სრულიად არ ვეთანხმები საპატრიარქოს. აკრძალული აბორტები ბევრ ქვეყანაში ყოფილა. შედეგად კი მათი რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ გაიხსნა უამრავი იატაკქვეშა კლინიკა, სადაც ძვირად კეთდებოდა აბორტები, ქალის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი გარანტიების გარეშე. აკრძალვის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდება საქართველოშიც, სადაც, ოფიციალური მონაცემებით წელიწადში 36 000 აბორტი კეთდება. პრობლემის ასეთი გადაჭრა მისაღებია მხოლოდ ფარისევლებისთვის, ვისაც არა რეალური შედეგი ადარდებთ, არამედ ოფიციალური ციფრების შემცირება.

სამწუხაროდ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა თემაზე თუ ვინ რა მიზეზით იკეთებს აბორტს. პირობითად აბორტის გამკეთებელი ქალები შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დავყოთ, თუმცა რომელ ჯგუფს რამდენი პროცენტი მიეკუთვნება, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. 

ხოლო რაც შეეხება პატრიარქის მიერ ნახსენებ განწეყობის თეორიას, მინდა შევახსენო მათ, რომ ბოლო წლების მანძილზე ჩატარებულ ყველა სოციოლოგიურ კვლევებში კარგად ჩანს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენდობა არა მასმედიას, არამედ სწორედ ეკლესიას. ამიტომ რაღა სხვას მოუწოდებენ შექმნან ესა თუ ის განწყობა, როდესაც მათ ამის გაკეთება სხვაზე უკეთ შეუძლია. ეგებ გააცნობიერონ, რომ მხოლოდ მესამე ბავშვის მონათვლა არ კმარა პრობლემის გადასაჭრელად.

განვიხილოთ აბორტის რისკ ჯგუფები:

გაუთხოვარი ქალები. ისინი აბორტს მიმართავენ რათა დამალონ არასასურველი ორსულობა, ოჯახის შიშის გამო "მამაჩემმა რომ გაიგოს მომკლავს". აქ როლს ორი ფაქტორი თამაშობს - მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ინფორმაცია კონტრაცეფციის შესახებ, ან გაუნათლებელ ფენებში კაცი არ მიიჩნევს საწიროდ გამოიყენოს პრეზერვატივი, ქალმა კი არ იცის რა ქნას. თავისთავად ეკლესია ვერ დაიწყებს კონტრაცეფციის პროპაგანდას. ეს სწორედ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობოებისა თუ სამინისტროს მუშაკთა მოვალეობაა. ჩემი სტუდენტობის დროს მგონი უფრო იყო ბანალური პრეზერვატივების პროპაგანდა ვიდრე ახლა. რატომ არ ვიცი. მაგრამ სწორედ ეკლესიას შეუძლია იმოქმედოს მეორე ფაქტორზე "მამამ რომ გაიგოს მომკლავს" სწორედ ასეთ მრისხანე მამებზე მოახდინოს ზემოქმედება, რომ მათ შვილი კი არ უნდა "მოკლან" არამედ გვერდში დაუდგნენ და დაეხმარონ. რაც ჩვენს რეალობაში იშვიათად ხდება. 

ეკლესიაზე უკეთ ვინ შეძლებს შექმნას განწყობა რომ ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა არაა ისეთი ცოდვა, რის გამოც ქალი სამუდამოდ უნდა განკიცხო, დასაჯო და "მოკლა"? მგონი ვერავინ. მაგრამ ეკლესია ამას არ აკეთებს.

გათხოვილები. ეს უკვე მართლა კატასტროფაა. ისევ გამოვიყენებ ცუდ სიტყვებს "გაუნათლებელი ფენები". რადგან მხოლოდ მათ წრეში შეიძლება მოხდეს ასეთი რამე. ოჯახში არის ბავშვთა საკმარისი რაოდენობა. მეტი არ უნდათ. და კონტრაცეფციის ნაცვლად ქალი იკეთებს აბორტებს! ასეთ ოჯახებში ჩემი ნება რომ იყოს კაცებს იძულებით სტერილიზაციას გავუკეთებდი. მაგრამ ვინაიდან ჩემი ნება არაფერს წყვიტავს, აქაც სავალდებულოა ისევე როგორც საპატრიარქოს მხრიდან, ასევე ჯანდაცვის და სოცმუშაკების მხრიდან ჩარევა, მრავალშვილიანობისა და კონტრაცეფციის პროპაგანდით.

ოჯახში ბიჭი უნდათ და არა გოგო... მგონი ეს ყველაზე მცირე ჯგუფი უნდა იყოს. სწორეთ ამასთან დაკავშირებით თქვა იუსტიციის მინისტრმა, რომ კარგი იქნებოდა სქესის გამხელის აკრძალვა. რაც თავისთავად ისევ და ისევ სისულელეა. ასეთი აკრძალვა 100 ლარიანი კუპიურებით მარტივად გადაილახება, და მივესალმებით კორუფციას. აქ კონტრაცეფციით საქმეს ვერ უშველი, მხოლოდ პროპაგანდაა საჭირო, და სწორედ აქაც, ეკლესიას გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე ათას მედია საშუალებას! 

ამრიგად, პრობლემა ნამდვილად არსებობს და მოითხოვს გადაჭრას. 
აკრძალვები არაა პრობლემის გადაჭრის საშუალება, მხოლოდ თავის და საზოგადოების მოტყუებაა.

განწყობის თეორიის გარდა აუცილებელია სქესობრივი განათლება - რომელსაც ასე ეწინააღმდეგება გინდ ეკლესია, გინდ იგივე "მამები, რომლებიც მოკლავენ", ანუ გაუნათლებელი ფენის კონსერვატიული ნაწილი, როგორც "გარყვნილების პროპაგანდას". მინდა შეგახსენოთ, რომ ქვეყანაში სადაც ყველა ქალიშვილად თხოვდება, კუზანოვი უდიდეს ფულს აკეთებს ამ ქალიშვილობების აღდგენაში, და ის რომ ქალიშვილმა არაფერი უნდა იცოდეს სექსზე და ის მართლა ქალისვილად გათხოვდება დასაცინი ფარისევლობაა, მეტი არაფერი. ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს, და მოზარდებისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიცემით დავიზღვევთ თავს როგორც ვენერიული დაავადებებისგან, ასევე არასასურველი ორსულობებისგან და აბორტებისგან. იგივე პრინციპში ეხებათ არსებულ ოჯახებს, სადაც ქმრები სიამაყისგან, ცოლები კი უვიცობისგან არ იყენებენ კონტრაცეფტივებს, და მერე ცოლები იკეთებენ აბორტებს. თუმცა ეს ცალკე დიდი სტატიის თემაა.

და ბოლოს ეკლესიის მხრიდან ჯობია განწყობა შეიქმნას ამ პრობლემების ადეკვატური აღთქმისთვის და დაეხმარონ ქალებს გადაჭრან პრობლემები, ნაცვლად ამბიონებიდან მრისხანედ ქადაგებებისა. 

Comments

  1. განათლება და მხოლოდ განათლება გადაარჩენს საქართველოს და სხვა არაფერი..

    ReplyDelete
  2. სადაა განათლება

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия