ლარსი არ უნდა გაიხსნას!

ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დარიალი“ ყაზბეგის რაიონის ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის მიერთების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გაირბეკ სალბიევმა „დარიალის“ სხდომაზე განაცხადა, რომელიც აღნიშნული ინიციატივის შესრულების გზებს მიეძღვნა.

სალბიევი გამოდის ინიციატივით, „ყაზბეგის რაიონი სამხრეთ ოსეთს დაუბრუნდეს და შესაბამისი სასაზღვრო პუნქტის ლიკვიდაცია განხორციელდეს“.

„საჭიროა, დაიწყოს ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაცია, რადგან იქ უმრავლესობას ოსები წარმოადგენენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრები პრეზიდენტ კოკოითს მიმდინარე წლის აგვისტოში შეხვდნენ. მან სრული მზადყოფნა გამოთქვა, დაიცვას ჩვენი ინტერესები“, - განაცხადა სალბიევმა და დასძინა, რომ მან „პირადად გამოკითხა ჩრდილოეთ ოსეთისა და ყაზბეგის მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრები ადამიანები და ისინი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მისაღებად მზად არიან“.

აღნიშნულ შეხვედრაზე ლარსის სასაზღვრო პუნქტის საკითხიც განიხილებოდა.
„ლარსის საზაზღვრო პუნქტის გახსნა არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ტრანზიტულ-სატრანსპორტო კუთხით. მოლაპარაკებების დროს მთავარ პუნქტად მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრები ადამიანების შეუზღუდავად გადაადგილებაზე და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე უნდა იყოს საუბარი. მხედველობაში მაქვს ჩრდილოეთ ოსეთსა და ყაზბეგის რაიონში მცხოვრები ადამიანების გადაადგილება“, - განაცხადა სალბიევმა.

მისივე განმარტებით, „ჩრდილოელ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს ახლო ურთიერთობები აკავშირებთ სამხრეთ ოსეთსა და ყაზბეგის რაინში მცხოვრებ ადამიანებთან, ხოლო იმის გამო, რომ მათ მიმართ ქართული კანონმდებლობა გამოიყენება, მათი სამხრეთ ოსეთში გადადგილება უკანონოდ ითვლება, რაც არასწორია“.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პოზიცია ლარსის გახსნის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს არ იქნება გათვალისწინებული, „დარიალი“ „ყველა ორგანიზაციას, პარტიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთსა და საქართველოს შორის მოძრაობის დაბლოკვისკენ“ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ტრუსოს ხეობის დაბრუნება მოსთხოვა.

„ტრუსოს ხეობა ძირძველი ოსური მიწაა, რომელიც გაუგებარი მიზეზების გამო საბჭოთა კავშირის დროს ქართული ადმინისტრაციის მმართველობაში გადავიდა“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საფრთხესთან დაკავშირებით დღეს ~ქრისტიან-დემოკრატების~ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილიც საუბრობდა. მან კიდევ ერთხელ დააყენა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფის საკითხი და განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ყაზბეგის მოსახლეობას შიშის რეალური საფუძველი გააჩნია.

დეპუტატი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ლარსზე სატრანზიტო ტვირთების გატარების გარდა, მოქალაქეების გადაადგილებაც იქნება შესაძლებელი. „მოხევეებს სწორედ ამის ეშინიათ. ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სპეცსამსახურების დაფინანსებით მოქმედებენ სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული არიან ფსევდო-ისტორიული ნარკვევების გავრცელებით იმის თაობაზე, თითქოს ყაზბეგის რაიონი დედა-ალანიის განუყოფელი ნაწილია და ყაზბეგში შეღწევის მიზნით აქტიურად მუშაობენ. გასაგებია, რომ საქართველო რეგიონში კონფრონტაციულ სახელმწიფოდ არ უნდა იქცეს, მაგრამ ლარსი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაიხსნას, თუ ადგილობრივი მოხევეები ამმხრივ უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს მიიღებენ“ - აცხადებს ლალიაშვილი.
http://internet.ge/v2/index.php?action=news&category=3&news=63718

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия