საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები ახალგაზრდობისათვის
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში იგივე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, რაც საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხის სოფლებში. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არა აქვს საშუალება გაუმკლავდეს ყველა იმ სოციალურ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით სოფლებში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კათოლიკეა, იგივე პრობლემებია, რაც სხვა სოფლებში. წმ. იოსების ეკლესიის ვიკარიუსი, მამა მიხეილ სურმავა ახორციალებს საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების კოორდინაციას საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასთან“ თანამშრომლობით. ჩვენ ვთხოვეთ მას მოეთხრო ამ პროექტების შესახებ:

შეიძლება დაისვას კითხვა, რას ემსახურება ეს პროექტები. პირველ რიგში ჩვენი პროექტები ემსახურება სოფლის ბავშვების და ახალგაზრდობის განათლებას, რომ მათ შეძლონ საკუთარი ნიჭის და უნარების განვითარება. ჩვენს დროში, როდესაც ახალგაზრდობა ძირითადად თავისუფალ დროს ქუჩაში, „ბირჟაზე“ ატარებს, სადაც მხოლოდ უარყოფითი გავლენის ქვეშ ექცევა, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ხშირად მშობლებს არა აქვთ საშუალება ბავშვები სხვადასხვა წრეებში მიიყვანონ, და ამით მოწყვიტონ ისინი ქუჩას. თანაც, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები მხოლოდ ახალციხეშია, რაც სოფლიდან 20 კილომეტრშია. ჩვენს ცენტრში ადამიანები კავდებიან, სწავლობენ და თავს გრძნობენ რეალიზებულად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ინვალიდების ინტეგრაციის საკითხი . ისინი როგორც წესი, არავის ახსოვს. ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ძალიან ცუდადაა მორგებული ინვალიდებისთვის. მათ კი ყურადღება სჭირდებათ, ისინიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან. სამწუხაროდ, ჩვენთან მათზე ან კერძო პირები ზრუნავენ, ან უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაციები, განვითარებული ქვეყნებიდან, სადაც ინვალიდებს საზოგადოებაში საპატიო ადგილი უკავიათ.
ჩვენი პროექტის მიზანია ასევე ვაჩვენოთ ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომ კონფესიების სხვაობა არ უშლის ხელს ერთიანობას.”
Comments
Post a Comment