პოჰარა, ნეპალი. დღე პირველი

ჩიტვანის შემაწუხებელი სინოტივის შემდეგ პოჰარას კლიმატი იდეალური იყო, თუმცა სიცხის გამო ჩასვლისას ეს ვერ დავაფასე.
წინასწარ მქონდა დაჯავშნილი სასტუმრო Mountain view რომელსაც ყველას ვურჩევ. სასტუმროს პატრონი დამხვდა ავტოსადგურზე მოტოციკლეტით და მიმიყვანა სასტუმროში. პირველად ასე ვიმგზავრე მოტოციკლეტით. ცოტახანი დავისვენე და მიუხედავად სიცხისა და ცუდი მდგომარეობისა ცხელი ჩაი მინდოდა და ქალაქში უნდა გავსულიყავი. სასტუმრო პოჰარას სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
პოჰარა ნეპალში სიდიდით მეორე ქალაქია. რაღაცით ქობულეთს და კვარიათს ჰგავს, განსაკუთრებით ჩრდილოეთი ნაწილი. გრძელი ქუჩა ტბის პირას, სადაც მთელი ტურისტული ცხოვრებაა თავმოყრილი და ჩრდილოეთ მხარეს ქუჩის მერე მთა იწყება, ამით კვარიათს ჰგავს. პოჰარას გარშემო ბევრი საინტერესო ადგილია, მაგრამ იგი ძირითადად ანაპურნასკენ მიმავალი ტურისტებისთვისაა საწყისი და საბოლოო წერტილი.



პოჰარამ პირველივე შეხედვით კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. კატმანდუზე გაცილებით მოვლილი და სუფთა ქალაქია (კატმანდუსთან შედარებით!!!). აქ ცივილიზაციის ისეთ მიღწევებსაც გადავაწყდი, როგორიცაა ტროტუარი და გარე განათება.

პირველ რიგში აფთიაქში შევიარე, სადაც პარაცეტამოლი, რაღაც საზიზღარი ცხვირში ჩასაწვეთებელი ვიყიდე და უფასოდ მივიღე რჩევა თაფლიანი და ჯანუჯაფილიანი ჩაი მესვა. მერე პირველივე კაფეში ეს რჩევა შევასრულე. მერე ცენტრში ვიყიდე Hymalaya (ამ ფირმის შამპუნები აქაც მაქვს ნანახი) საწუწნი აბები, და სხვათაშორის ძალიან კარგი აბები იყო და ძალიან ბევრი ვიყიდე და თაიგერ ბალმი, რომელიც იქამდე ვისვი ცხვირში, სანამ კანი არ ამძვრა.
ჩავედი ტბასთან, აქ ნავები ქირავდევბა და ბევრი ტურისტი საღამოს ტბაშე სეირნობით ატარებდა.


ეს მსოფლიო მშვიდობის პაგოდაა. ახალია, იაპონელებმა ააშენეს. იქ ასვლის თავი ნამდვილად არ მქონდა.
ასე ატარებს ხალხი საღამოს.

ბულვარი. მომშივდა და სახლისკენ ახლოს დავიწყე კაფეს ძებნა. მომხიბლა ტიბეტურმა კაფემ. სამხრეთ პოჰარაში ბევრი ტიბეტური კაფე და მაღაზიაა რადგან აქ ახლოსაა ტიბეტელი ლტოლვილების დასახლება. კაფეს შესასვლელში მონასტერში გაცნობილი ფინელები შემხვდნენ და მირჩიეს აქ ვახშამი. ისე პოჰარაში თავს როგორც თბილისში ისე ვგრძნობდი, ყოველ ნაბიჯზე მონასტერში გაცნობილი ხალხი მხვდებოდა.
ტიპიური ტიბეტური სტილი. არ აქვს მნიშვნელობა, სასტუმროა, რესტორანი, თუ პატარა მაღაზია, თუ ტიბეტურია დალაი ლამას პორტრეტი აუცილებლად იქნება. მომოები და ჩაი შევუკვეთე. მართლა ძალიან გემრიელი იყო. წავედი გამოსაშუშებლად ლოგინში. ხვალ უნდა გადამეწყვიტა ცვლიდა თუ არა ეს საზიზღარი სიცხე და სურდო ჩემს გეგმებს.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия