მარფა, ნეპალი, სოფლის შესასვლელი

იმას რომ ჰიმალაებში დიდი სოფლის შესასვლელთან ვარ სალოცავი ბორბლების რიგით მივხვდი. ასე წითლად შეღებილი ბორბლები პრინციპში მხოლოდ ჰიმალაებში ვნახე.
ასე გამოიყურება შესასვლელი. უკვე გვარიანად მომწყურდა და ცხელი ჩაისთვის სამშობლოს გავყიდდი. აურა გავაუმჯობესე ბორბლების დატრიალებით და შემდეგ ეს სტუპები შემხვდა.




სტუპებს ტიბეტურად მანტრები აწერია. ამის შემდეგ ეს შთამბეჭდავი კარიბჭე დამხვდა. როგორც მივხვდი ჯომსომი მოხერხებული ადგილი იყო აეროპორტისთვის, ამიტომ ის სოფელი გაიზარდა ქალაქად და ადმინისტრაციულ ცენტრად, ხოლო მარფა კი ნამდვილი კულტურული და ვაშლების ცენტრია აქ.
შთამბეჭდავი კარიბჭიდან გზა ორად გაიყო. სოფელი პატარა ველზე მდევარეობს რომელიც ქარისგან დაცულია და რკალის ფორმა აქვს. ბაღები მდინარის პირას არის. სატრანზიტო გზა ბაღებზე გადის და სოფელს სცილდება. ამიტომ ამ მყუდრო სოფელში ზედმეტი ხალხი არ ხვდება.
ასე გამოჩნდა სოფელი კარიბჭის გავლის შემდეგ. სულ ზემოთ რა თქმა უნდა მონასტერი. ამ კარიბჭის გამო ჩემი შესვლაც რაღაც პათოსურად გამოიყურებოდა. ასე აღიწერებოდა ალბათ:
შუადღისთვის ჩრდილოეთიდან სოფელში შემოვიდა ევროპული გარეგნობის ქალი. თუმცა ბარგის უქონლობით და ჩაცმულობით ეყუობოდა რომ სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო გაჩერებული. ჭრელი ტილოს შარფით კარგად ჰქონდა სახე დამალული, რაც იმას მეტყველებდა, რომ კალი-განდაკის ქარებს უკვე შეჩვეულია. რადგან არც კურტკა მეცვა არც მაისური, არამედ როლინგი.
ზემოთ ეტყობა სხვადასხვა სათავსოებია... ხეობას რომ გადავხედე ძლივს დავინახე ნამდვილი, ბუნებრივი ტყეები. ესე იგი მარფა ტყეების ზოლის კიდეზე მდებარეობს.
იმ პათოსური კარიბჭის შემდეგ უკვე ფიქალის ქვაფენილიც დაიწყო და კიდევ ასეთი კარიბჭე შემხვდა. პირველი რაც ვიფიქრე, მე, კავკასიელმა, ეს თავდაცვა იყო. ალბათ აქ მარფელები სოფელში შემომავალ მტერს უსაფრდებიან და ვიწრო კარში სათითაოდ შემოსულ მტერს ხანჯლავენ. თუმცა გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ამ კარში სალოცავი ბორბლების კიდევ ერთი რიგი დამხვდა... მტერს აქ აშკარად არა, უფრო მორწმუნე ბუდისტს ელოდებიან... ეს ჰიმალაებია ძმაო და არა კავკასიონი! ნამასტე მარფა!

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия