სისტემა უნდა დაინგრეს!

ორიგინალი: lgabelia.wordpress.com/

ამ პატარა წერილს რომ ვწერ, ბოლომდე გადაწყვეტილიც არ მაქვს, თუ როგორ მივმართო იმ ხალხს ვინ ამ ჩემი წერილის „ადრესატია“. ვფიქრობ უბრლოდ ჯობია ეს იყოს წერილი მათთვის, ვინც მას საკუთარ თავზე მიიღებს.

თითქმის ერთი წელი ვისმინეთ ყბადაღებული ლოზუნგი „სისტემა უნდა დაინგრეს!“, ვისმინეთ, დავირაზმეთ, ვიხუვლეთ და ერთ მშვენიერ დღეს დიდის გატაცებით შევუდექით ამ სისტემის ნგრევას. სისტემა საკმაოდ ადვილად ნგრევადი აღმოჩნდა და ახლაც ამ წუთებშიც წარმატებით განაგრძობს ჩამოშლას. სისტემა, რომელიც ცხრა წელი შენდებოდა სულ რამდენიმე თვეში ღაფავს სულს. რატომ? იმიტომ, რომ იგი დამარცხდა უფრო ძლიერ სისტემასთან ჭიდილში, სისტემასთან რომელიც მინიმუმ 200 წლის ისტორია აქვს.

ეს სისტემა მე და თქვენ ვართ მეგობრებო! სახელმწიფოებრიობის ტრადიციისა და შეგნების არ მქონე ხალხი, რომელიც ჯერ ცარისტულ რუსეთში სწავლობდა რუსულს, ხოლო შემდეგ საბჭოთა დოტაციის ნემსზე ნარკომანივით შემჯდარი ტკბებოდა ”კაი ცხოვრებით”.

გვაროვნულ-კლანური სისტემა, სადაც მთავარი პრინციპი ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა, ნაცრისფერი უმრავლესობის მიერ ნებისმიერი განსხვავებულობის დევნაა – თან ეს ყველაფერი ”ტრადიციების”, ”კაცობისა” და ”მეობის” ფარისევლურ საბურველში იფუთება.

ესაა სისტემა, სადაც ფასეულობები 180 გარდუსითაა ამობრუნებული, სადაც კანონის დაცვა გოიმობაა, პატიოსნება სისუსტედ აღიქმება (არაერთხელ მინახავს ირონიული ღიმილი იმ ადამიანთა სახეზე, რომლებიც ვინმეზე იძახიან ”ნამეტანი პატიოსანიაო”) და რეალურად ცუდ ადამიანებს ”კაი ბიჭებს” ეძახიან; სისტემა, სადაც ”ქურდი” პატივსაცემი სიტყვაა, ხოლო ”გლეხი” დასაცინი; სისტემა, სადაც სამშობლოს სადღეგრძელოს დიდის რიხით სვამენ ხოლო რეალურად, ხშირად, საკუთარი ხელისუფლების მიერ დაწერილი კანონის მორჩილებას – გადამთიელი დამპყრობელისთვის ფეხების ლოკვა ურჩევნიათ!

სისტემა, გარეგნულად ამაყი და ამპარტავანი, შინაგანად შინაარსისაგან დაცლილი და ფუყე. ”უძველესი” ტრადიციები რომელთა უდიდესი ნაწილი საბჭოთა ეპოქის ნაშობია და ძირძველ ქართულთან არაფერი აქვს საერთო, მითებისა და ზღაპრების კრებულად ქცეული ისტორია, სიტყვით ნაქები ტოლერანტობა – საქმით კი აგრესიული ჰომოფობია, ქალების ვითომდა გაღმერთება და პატივისცემა, სინამდვილეში კი მათი ბევრ ოჯახში რეალურად მოსამსახურის მდგომარეობაში ყოფნა.

საქმე მხოლოდ ზერელედ, გარეგნულად სინამდვილეში კი ნაცნობობა, ”ჩალიჩი”, ”ჩაწყობა”, ”მოწყობა”, ”მოტეხვა”, ”წველა”, მოკლედ – ფულის შოვნა კი არა ფულის ”კეთება”! და ეს რომ წარმატებით გამოდიოდა საბჭოთა დოტაციების დროს, ახლა კი რა თქმა უნდა ძალიან გართულებულია და საბჭოთა დროს შეჩვეული ახლა რომ ვეღარ ”იგულავებ” ამის ვერ გააზრება.

ქუჩის აკადემია! ბირჟაზე დგომა! – ახალგაზრდობის ამ სისტემის ყველაზე აგრესიულ ნაწილად ჩამომსხმელი კონვეიერი, სადაც ინდივიდუალობას კარგავ და ნაცრისფერი უმრავლესობის წევრი ხდები, ხოლო თუ ამ ნაცრისფერ მასას ფეხს არ აუწყობ – დაუნდობლად ირიყები. მახსოვს ერთი ჩვენი სანაქებო ინტელიგენტის ფრაზა 1991 წელს: ”ზვიად გამსახურდია ბირჟაზე არ მდგარა და ქვეყანას როგორ მართავსო”…

სისტემა, სადაც ყველაზე საყვარელი ლიტერატურული გმირები ყაჩაღები და ქურდები არიან (არსენა მარაბდელი, დათა თუთაშხია, ლიმონა დევდარიანი…), სადაც დღემდე სჯერათ, რომ ილია ჭავჭავაძე გლეხების მჩაგვრელი ბოროტი მემამულე იყო, ხოლო სტალინს საქართველოსთვის კარგი უნდოდა. სისტემა სადაც ანწუხელიძე სულ მალე აღარ ემახსოვრებათ, ხოლო მე-2 ზონის ”მაყურებელს” მემორიალს უხსნიან. სისტემა სადაც ავტობუსში ჯიბის ქურდს ხმას ვერ გასცემ, ხოლო ბილეთის შეძენისკენ მომწოდებელ კონტროლიორს ყველაფერს დაახუარვ თავზე, და არა მარტო შენ, არამედ მთელი ავტობუსი!

მთავარი მანკი ამ სისტემისა – ფარისევლობა.

ფარისევლობა რელიგიაში – ”ქრისტიანობის” დაჩემება იმათგან ვისაც ათი მცნებიდან თერთმეტი დარღვეული აქვს, ხოლო ბიბლია არც კი გადაუშლია, იმათგან ვისაც რწმენა რაღაც რიტუალთა ერთობლიობა ჰგონია, იმათგან ვინც ”ნაკლებად მკაცრ მამაოს” ეძებს, რათა ძველი გამოცვალოს და მოუთმენლად ელოდება როდის გამოიგონებენ სამარხვო ღორის მწვადებს.

ფარისევლობა მორალში – აი ის მომენტი როდესაც უკანასკნელი ნაძირალა პატიოსენბას გიწუნებს და გტუქსავს, როდესაც მილიონის მომპარავი ასი ლარის მომპარავს ამუნათებს, როდესაც სამშობლოს გამყიდველი პირზე დუჟმომდგარი ითხოვს წვრილმან დამნაშავეთა სასტიკად დასჯას, როცა დამანგრეველი აშენებულს უწუნებს ამშენებელს, როცა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწო ქალწულთა პანსიონის ხელმძღვანელად ინიშნება….

მოკლედ ჯუნგლები, სადაც ორდიპლომიან, მაგრამ სამწუხაროდ გაუნათლებელ გვაროვნულ მასას ყოველთვის თავის ნებაზე ათამაშებს ნებისმიერი მეტ-ნეკლებად გაქექილ ნაძირალათა ხროვა.

აი ეს არის მყარი სისტემა, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს, თვითკმარია და ვერ იტანს სხვა სისტემას, მით უმეტეს სისტემას რომელიც მისგან პატიოსან შრომას, ამპარტავნობის დათრგუნვასა და კანონების განუხრელ დაცვას მოითხოვს. ხოდა არცაა გასაკვირი რომ ამ სისტემასთან ჭიდილში დამარცხდა ბოლო 9 წლის მანძილზე მიმდინარე სახელმწიფოებრიობის მშენებლობის უბადრუკი და ახლა უკვე შეიძლება ითქვას წარუმატებელი მცდელობა.

დიახ მეგობრებო, ჩვენ ვართ ის სისტემა…

ხოლო სისტემა უნდა დაინგრეს!

Comments

  1. უძლიერესია რუსკა, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობ...

    ReplyDelete
  2. ჩემი არაა. ზემოთ წერია ორიგინალი

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия