თუშები – საქართველოს უბადლო მეობრები
“ვინამ სთქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია”
კავკასიონის მთებში მდებარე თუშეთის ისტორია პრეისტორიული ხანიდან იწყება. “ქართლის ცხოვრებისა” და ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს ისტორის” მიხედვით თუშეთი ძვ. წელთაღრიცხვის IV-III საუკუნიდან ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შემოდის და მის ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს. აღნიშნული ხანიდან თუშეთშ დაევალა საპასუხისმგებლო მისია – დაეცვა საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთი საზღვარი გარეშე მტრისაგან, რასაც ამ კუთხემ საუკუნეების განმავლობაში წარმატებით გაართვა თავი.
გამუდმებულმა ომებმა და საქართველოს ბარისგან საკმაოდ დაშორებულმა ცხოვრებამ განაპირობა თუში ხალხის უბადლო მეომრებად ჩამოყალიბება. დიდი ვახუშტი წერდა, რომ თუშნი “არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი”, ხოლო მკვლევარმა ი.ციციშვილმა კი თუშები თავისი საქმიანობით შემდეგნაირად დაახასიათა: “არც ერთი ტომი კავკასიის მთიელებს შორის თავისი მამაცობით იმდენჯერ არ ქებულა, რამდენჯერაც თუშები. კავკასიის რომელ კუთხეში არ მოგიყვებიანთ თუშების ვაჟკაცობის შესახებ.” თუშეთის შეუვალობა და მისი ტომის შეუდრეკელობა თუშებმა კარგად გამოხატეს რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძისადმი 1657 წელს მიწერილ წერილში: “ჩვენ მაგარს ალაგას ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი და სადაც მოგვიხელებია მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია…”.
იმიერ–კავკასიელი მძარცველი ფეოდალების, ოსმალებისა თუ სპარსელების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძლოაში თუშებმა XIX საუკუნეში განსაკუთრებულად ისახელეს თავი. მათი საქმეებით აღბრთოვანებულმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა თანამედროვე თუშ გმირებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“ნაუნჯნი ყმანიც მეფისა, თუშები მოუღალავნი,
სდევნიან მტერთა მძვინვარედ, ვით მგელნი, ცხვართა მლალავნი!
თქვენი ჭირიმე თუშებო, ბიჭობა თქვენი ქებულა,
მახვილი თქვენი მარადის დაღესტნელთ ქედზე ლესულა!”
რადგან თუშებს დღედაღამ იარაღის ტარება უხდებოდათ იმიერ კავკასიელი მძარცველების თავდასხმების მოსაგერიებლად და მეფეთა ყოველი დაძახებისთანავე ყველა ბრძოლაშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ, გამოუმუშავდათ ამ მიმართულებით მკაცრი ადათ წესები, რომლის დამრღვევასც თემი, თემის თავკაცები, სატომო საბჭო არავის აპატიებდა და სამაგალითოდ დასჯიდა. “ხოლო უკეთუ ვინ მდედრი იყოს გულითა კაცთაგანი და ილთვოდეს ბრძოლასა შინა, – შენიშნავს ვახუშტი, – ამას აჭმევენ ძაღლთა თანა გობასა შინა ძაღლთასა და არღარა კაცთა თანა”.
თუშეთში ბავშვებს პატარაობიდანვე მამაცობის და მტრისადმი დაუმორჩილებლობის სულისკვეთებით ზრდიდნენ.7–8 წლიდან ყველა მათგანი შვილდისრით იყო შეიარაღებული. 10–12 წლიდან კი იარაღის ტარებასაც სწავლობდნენ და დანისა და ხანჯლის ტარების უფლებაც ჰქონდათ. 15–16 წლიდან კი უფროები სავალდებულოდ მიიჩნევდნენ ვაჟების პატარ–პატარა ბრძოლებში ჩაბმას, გარჩევას და გაწვრთნას იმ საბრძლო წეს–ჩვეულებებში, რამაც თუშეთი იხსნა კარზე მომდგარი არაერთი საფრთხისგან.
საბრძოლო–სავაჟკაცო წეს–ჩვეულებებიდან ერთ–ერთ საპატიო მოვალეობას შეადგენდა ის, რომ ვაჟი ვერ დაქორწინდებოდა თუ მტერს არ მოკლავდა და მის ნივთ–მტკიცებას – მოჭრილ მარჯვენას არ მოიტანდა სოფელში. ალექსანდრე დიუმა წერს, რომ – “ერთ თუშს თიანეთელი ახალგაზრდა ქალი შეჰყვარებია და მისთვის ცოლობა უთხოვნია. – რამდენი ლეკის ხელს მომიტან მზითვში? – ჰკითხა სასძლომ. ყმაწვილითუში ჯერ ბრძოლაში არ იყო ნამყოფი და ნირწამხდარი უკან დაბრუნდა. ის შეთთან მივიდა და თავისი გაჭირვება უამბო. – გასწი, ჰკითხე, რამდენ ხელსა გთხოვს, – უთხრა შეთმა. – სულ ცოტა სამი უნდა მოიტანო, – შემოთვალა ახალგაზრდა ქალმა. – მომავალ ექსპედიციაში რომ წავალ, წამომყევი, – შესთავაზა ყმაწვილს შეთმა. – დაგვიანდება, – უპასუხა ახალგაზრდა კაცმა. შემდეგ კაცები თორმეტი ხელით დაბრუნდნენ. შეთშ შვიდი ხელი მოეჭრა, საქმროს – ხუთი”.ამის შესახებ ნ. ვოლკონსკი წერდა: “თუშ ქალს არ ჰქონდა გათხოვების უფლება იმ ვაჟზე, რომელსაც არ ჰყავდა ერთი მტერი ლეკი მაინც მოკლული; ამიტომ ყოველი ახალგაზრდა მეომარი თავს ვალდებულად თვლიდა სრულწლოვანების მიღწევისთანავე ევაჟკაცა, სახელი გაეთქვა და დაქორწინების უფლება მოეპოვებინა.”
თუშებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ ტყვედ ჩავარდნა. ეს მათთვის უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. აკად. ნ. დუბროვანი პირდაპირ შენიშნავს, რომ: “თუშს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე ტყვედ ჩავარდეს”. ივ. ბუქურაული წერს, რომ თუშეთში ” მეომარი მამაკაცები მტერს ცოცხლად არ უვარდებოდნენ. ისინი უეჭველად მტერს უნდა შეჰკდომოდნენ. ცოცხლად ჩაბარება და ტყვედ წაყვანა დიდი სირცხვილი იყო.” იგივე ავტორი წერს, რომ: ” ჩვენს წინაპრებს ბრძოლიდან გაქცეული კაცი ეზიზღებოდათ, როგორც გველი. დედაკაცნი პირში აფურთხებდნენ. ბალღები, როგორც ცოფიანს ძაღლს, ქვებს ესროდნენ. მას აღარ შეეძლო ვაჟკაცებში გარევა. ყოველგან, ყოველ სახლში კარებს უკეტავდნენ. მტრისგან გაქცეულ კაცს არც კი ჰმარხავდნენ. იგი საფლავმოკლებული ეგდო უპარონოდ მინდორში და ყოველი გამვლელ–გამომვლელი ზიზღით უყურებდა და სწყევლიდა იმის გაჩენის დღეს”.
ალექსანდრე დიუმა თუშთა საბრძოლო ტრადიციის ერთ თავისებურებაზეც აღნიშნავს: “ბრძოლაში თუში თავის დღეში მეგობარს არ მიეშველება. თუ ამ უკანასკნელმა არ დაუძახა, და თვითონაც იშვიათდ თუ ვინმეს მოუხმობს საშველად, მარტოც რომ დარჩეს სამი კაცის წინააღმდეგ”.
თუში მეომარი, როდესაც დაატყობდა რომ კარზე მოსული მტერის დამარცხება შეუძლებელი იყო საკუთარ ცოლ–შვილს, დასა და დედას თავებს აჭრიდა, ხოლო თვითონ კი ხმალამოწვდილი გაუვარდებოდა მტერს და ვაჟკაცურად იღუპებოდა. ასეთი შემთხვევების რამდენიმე მაგალითია შემონახული თუშურ ხალხურ ზეპირსიტყვაობაში.
XVII-XVIII საუკუნეებში სოფელ ჰეღოში და მთელს თუშეთში გმირობითა და ვაჟკაცობით დიდიად განთქმულნი ყოფილან ზურაბი და მისი ვაჟი მიქელი. ერთ დღესაც სოფელს მოულოდნელად ლეკები დაესხნენ, ხალხი ამოხოცეს და ზოგიც ცოცხლად შეიპყრეს. შემდეგ კი მთელი შემადგენლობით იერიში ზურაბის განთქმულ ციხესიმაგრეზე მიიტანეს. თავდაპირველად ლეკებს ძალიან უჭირდათ ციხის აღება, რადგან ზურაბი და მიქელი განუწყვეტელი სროლით მტერს ციხის სიახლოვეს არ უშვებდნენ. ამ საქმეში მამა–შვილს ეხმარებოდათ მიქელის ქალიშვილი – 16 წლის მარო და მიქელის მეუღლე – ეთერი. უთანასწორო ბრძოლაში მოხუცი გმირი ზურაბი მტრის თოფმა განგმირა. ლეკებმა ციხეს ცეცხლი შეუნთეს, რის შემდეგაც მიქელი და მისი ოჯახი დამარცხებითვის განწირული იყო. მიქელმა ხმალი იშიშვლა და მტრის შესახვედრად გარეთ გავარდა სცადა, მაგრამ იგი მეუღლემ შეაჩერა და უთხრა: “სად მიდიხარ მიქელო, ჩვენ რასღა გვეუბნები, რომ თავს გვანებებ? … შენი ოჯახი შენივე ხელით გინდა გაამუსურმანო, მიქელო!… რას იტყვიან თუშები, ხომ დაგძრახავენ: ციხე გაუტეხეს, მამა მოუკლეს, ცოლ–შვილს თავი დაანება, მტრის ხელში დაყარა და თვითონაც მოკლესო. … შენის ხელით სიკვდილი გვინდა, მიქელო! რა ვაჟკაცი ხარ თუ შენის ხელით არ დაგვხოცავ და ისე არ გახვალ… შენის ხელით სიკვდილი გვირჩევნია ურჯულოების ხელით ცოცხლად ყოფნას. ვაჟკაცი არა ხარ? დაგვხოცე აქვე ჩვენს სახლში, შენის მამის გვერდით”.
მიქელი თავს იკავებდა, დრო კი არ ითმენდა. შესასვლელი კარები ცეცხლმა დაწვა და ლეკები უკვე პირველ სართულზე იყვნენ და ციხის ზედა სართულებისკენ ადიოდნენ. მიქელის ქალიშვილმა მარომ და მიქელის მეუღლემ ეთერმა შესძახეს: ” ვაიმე მოდიან შეჩვენებულები! ნუ ჩასდგები ჩვენს ცოდვაში, მიქელო! … ამოიღე ხანჯალი და მოგვიღე ჩქარა ბოლო… თუ შენ არ შეგიძლიან, მე მომე ხანჟალი, მე თვითონ მოვიკლავ თავს, შესძახა მარომ და მოჰკიდა ხელი მიქელის ხანჟლის ტარს ამოსაღებად”.
დღესაც კი თუშებში გაიგონებთ ფანდურზე გაცოცხლებულ ლეკებისაგან ჰეღოს წახდენის ნაღვლიან სიმღერას:
“მიქელმა ზურაბის ძემა
რა საქმე მოახდინაო,
თვითონ დახოცა ცოლ–შვილი
სულეთი წაიხდინაო”!
ხალხი ამართლებს მიქელს და სწყევლის მას ვინც დასცინებს ამ გმირს:
“დღენიმცა ერგოს ეგეთი,
ვინც მიქელს გაუცინაო”.
სოფელ ჰეღოს მსგავსი ტრაგედია განიცადა 1836–1837 წლების მიჯნაზე, დაღესტნის საზღვარზე მდებარე სოფელმა დიკლომაც. ამ სოფელს და მის მახლობლად მდებარე სოფელ შენაქოს ახალწლის ღამეს 10000–იანი დიდო–ლეკთა ჯარი დასცემია მოულოდნელად თავს. ამ დროითვის როგორც წესი საზღვრის გადმოლახვა მთებით შეუძლებელია დიდი თოვლის გამო, მაგრამ ამ ორი სოფლის სავალალოდ იმ წელიწადს სასაზღვრო მდინარე ალაზანი (ანდისყოისუ) გაყინულა და მტერიც გაყინულ მდინარეზე ჩუმ–ჩუმად შემოუყვა ხეობას. ამ დროისთვის სოფელ დიკლოში ყოფილა 16 მამაკცი. ტანასწორო ბრძლოაში, რომელიც რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა, დარჩენილან ძმები: ბერო და ღვთისო ბექურიძეები. ლეკებს მათი ხელში ჩაგდება რომ ვერ მოუხერხებიათ, ციხეს რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ – ცეცხლი შეუნთიათ. ცეცხლით შეწუხებული ბერო ბექურიძე ხმალამოწვდილი გამოვარდნია მტერს და ციხის შესასვლელთან ბევრი ურჯულო დაუხოცავს და თვითონაც დაღუპულა. მარტოდ დარჩენილმა ღვთისომ კი ჯერ ცოლსა და დას მოკვეთა თავები, რომ ისინი ცოცხლად არ ჩავარდნოდნენ მტერს, შემდეგ კი ხმლით გაუვარდა მოსისხლე მტერს და თვითონაც ძმასავით გმირულად დაიღუპა.
თუშეთს ისტორიის მანძილზე არ ჰყოლიათ ბატონი. ისინი თავის ბატონად უფალს და შემდეგ კი მეფეს აღიარებდნენ:
“ჯერ ღმერთი, მერე ბატონი,
სხვა თუშს არა ჰყავს მოცილე”.
ქართველ მეფეებს სათანადოდ ჰქონდათ შესწავლილი თუშ–ფშავ–ხევსურების მებრძოლი ბუნება და სწორედ ამიტომ ისტორიის მანძილზე სწორედ ამ ხალხით იყო დაკომპლექტებული მეფის პირადი გვარდია.დავით გიორგის ძე ბატონიშვილი წერს: “ქეშიკად (წარჩინებულ მცველებად) მეფისა, ანუ ღვარდიად, არიან ადრიდგანვე დაწესებულნი თუშნი, ხევსურნი და ფშავნი. ესენი არიან მთის კაცნი და ერთგულნი მეფეთაგანი”.
თუშეთში საბრძოლო და სავაჟკაცო ადათ წესებს ხალხი ქმნიდა და ხალხივე იცავდა. თუშეთის ოთხივე თემის უმაღლეს ხელისუფალსა და ბატონ–პატრონს წარმოადგენდა ლაშარის ჟვარი და მისი ხევისბერი.თუშეთის თითოეულ თემს ჰყავდა საკუთარი სალაშქრო ხატიც.ბრძოლის დროს თუშთა საერთო ლაშქარს წინ მიუძღოდა ლაშარის ხატის ხევისბერი ლაშარისავე სალაშქრო დროშით, ხოლო თუშეთის თვითეული თემიდან გამოსულ მეომრებს კი თავისი თემის სალაშქრო დროშით წინამძღოლობდა თავისივე ხევისბერი.
უამრავი მასალა არსებობს თუში ხალხის გმირობის შესახებ XVIII-XIX საუკუნეების ქართულ და რუსულ ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ სამწუხაროდ ისტორიოგრაფია თითქმის არც ერთი თუში ვაჟკაცის ვინაობას არ ასახელებს. სამაგიეროდ თუშ–ფშავ–ხევსურული პოეზია აღნიშნულ ხარვეზს ავსებს და მრავალი პიროვნების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას:
“ჭონთიოს ციგუს სულთანი
აზნაურია მიანი;
გირევს ხოსიკის ივანე –
დოლბანდი დიჩინისაი,
ფარსმაში აუს ალუდა –
კოშკია სიმაგრისაი;
ჭეშოს აბალოს დავითი –
ხმალია ბასრის ფხისაი;
დანოში თავბერაიძე –
პურ–წყალი თუშეთისაი;
ჩიღოს ქაზნიძე მეშველი –
ხელმწიფის დროშაიანი;
კვავლოში თილისძე გიორგი –
შიშია შორის მტრისაი;
დართლოში დათიაური –
მემეტე თუშეთისაი;
დიკლოში აბულის ქორთოში
ყამირობს ყანასავითა,
კარძე მოსულსა მოძალეს
აბრუნებს ნახირსავითა,
არ დაგაბერა, ქორთოშო,
ფშლას ბაშტის ყურებამაო,
კბილებ არ დაგაყრევინა
დილ–დილ ცივის წყლის სმამაო;
ხმალი არ ჩაგაგებინა
აქვაელთ ზაობამაო”.
ხსენებულ ლექსში ჩამოთვლილი სახელოვანი თუში გმირები განეკუთვნებიან XVIII-XIX საუკუნეების თუშეთის ისტორიას. რა თქმა უნდა აღნიშნულ ლექსში სრულად არ არის წარმოდგენილი ყველა გმირი, მაგრამ თუშ–ფშავ–ხევსურული პოეზია თუ ოფიციალური ისტორიოგრაფია გვისახელებს სხვა მრავალ გმირსაც.ესენი არიან: გიორგი თილიძე, ზეზვა გაფრინდაული, შველა შველაიძე, ლუის ლუხუმი, შეთე გულუხაიძე, ივანე ელიზბარიძე, ალექსანდრე ელიზბარიძე (ნათიშვილი), კოხიო ბობღიაშვილი, ნაკუდა ქუიძეშვილი, დილოიძე, დევდრის ანთა, ითაბანული, გიო მოზაიძე, ბერო ბექურიძე, ღანიში ბორძიკიძე, იაკობ ლეკაიძე, ბაკური ჭვრიტიშვილი, დავით კვესიაიძე, დავით ნაკუდაშვილი, ზეზვა ოჩონაიძე, ჯაო ბერიკაიძე, თორღვა ქაზნიაური, ელანი ქაზნიაური, ლევან ეფიშვილი (ქადაგიძე), დავით შანქიშვილი, ბეთურა ტუგუსეშვილი, გეო (გიო) ქავთარაშვილი, გუბერნიის მდივანი ივანე ცისკარიშვილი, ზეზვა უთურგაიძე, დავითი, ხუტა და ქავთარი (შეთე გულუხაიძის ვაჟიშვილები), დანიელ გესლაძე, ღვთისო ოსორაული, ძაგანაშვილი, უჯბახიშვილი, ქურაზიშვილი, ღვთისო ბექურიძე, ღანიში ბორძიკიძე, სოფ. ჰეღოს ლეგენდარული ბრძოლის გმირები: მამა შვილი ზურაბი და მიქელი, გმირი თუშის ქალი – კახოს თინა და სხვა მრავალი.
ამ ხალხის და მათი წინაპრების მაგალითებზე იზრდებოდა თუშთა თაობები. მათი ლეგენდარული ბრძოლებიდან სწავლობდა თუში ვაჟკაცობას, შეუპოვრობას, მუხლმოუდრეკელობას და სამშობლოს დაცვას თუნდაც ოჯახის ფასად. სწორედ ასეთი ხალხის მამაცობა იყო თუში ხალხის მოტივატორი. სწორედ მათ მაგალითზე გაზრდილმა თაობებმა ჩამოაყალიბეს თუში ხალხი, როგორც საქართველოს უბადლო მეომრები.
Comments
Post a Comment