1921 წლის ომი: მითები და რეალობა


1921 წლის ომი ნამდვილად იმსახურებს, რომ ის ქართველებს ახსოვდეთ. სამწუხაროდ, ცოდნა მის შესახებ ჯერ ისევ საკმაოდ ბუნდოვანი და მითოლოგიზირებულია. ყველაზე გავრცელებულ მითებს შორის არის ორი:
1. 1921 წლის თებერვალში თბილისს მხოლოდ იუნკერები იცავდნენ;
2. ომი დასრულდა 1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკების თბილისში შემოსვლით.
ორივე ეს აზრი ძალიან ფართოდაა გავრცელებული და ორივე სრულიად მცდარია.
პირველს რაც შეეხება:
იუნკერები ნამდვილად გმირულად იბრძოდნენ კოჯორთან და ტაბახმელასთან. მათი ბრძოლა არის ერთერთი გმირული ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ მათი რაზმის გარდა იბრძოდა ათასობით ქართველი ჯარისკაცი. საქართველოს რესპუბლიკას ჰყავდა რეგულარული შეიარაღებული ძალები, რომელშიც შედიოდა ორი ქვეითი დივიზია, სამთო არტილერიის დივიზია, ორი სასაზღვრო პოლკი, კავალერიის რაზმი, 4 ჯავშნიანი მატარებელი, რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი, ტანკები და ჯავშნიანი ავტომობილები. ამას ემატებოდა სახალხო გვარდიის ათიოდე ბატალიონი. ამ ძალების უმეტესობა მონაწილეობდა თბილისის ბრძოლაში.


ქვემოთ ნაჩვენებია 1921 წლის ომში ქართული და რუსული ქვეითების, კავალერიის, არტილერიის და ჯავშნიანი მატარებლების რაოდენობა:
პირველმა წითელარმიელებმა საზღვარი 11 თებერვალს გადმოლახეს. 16 თებერვალს შულავერის კომიტეტმა თავი გამოაცხადა საქართველოს მთავრობად.
თბილისის ბრძოლა 18-25 თებერვალს მიდიოდა და სულაც არ შემოიფარგლებოდა კოჯორი-ტაბახმელათი. ქვემოთ ნაჩვენებია თბილისის ფრონტი 18-20 და 24-25 თებერვლის მდგომარეობით:
როგორც რუკაზე ჩამს, 24 თებერვლისთვის ფრონტი წარმოადგენდა თითქმის წრეს თრიალეთის ქედიდან ავჭალამდე. არსებობდა ბევრი საბრძოლო პოზიცია კოჯორი-ტაბახმელას გარდა, სადაც იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ქართველი ჯარისკაცები. რა თქმა უნდა, იუნკერები იმსახურებენ იმას, რომ ჩვენ ისინი გვახსოვდეს, მაგრამ ძალიან არასწორია ის, რომ პრაქტიკულად მივიწყებულია ათასობით ქართველი მებრძოლი რომელიც არ იყო იუნკერი, მაგრამ ასევე გმირულად იბრძოდა თბილისის დაცვის დროს.
რაც შეეხება მეორე გავრცელებულ მითს, თითქოს ომი 25 თებერვალს დასრულდა:
ეს ასე ნამდვილად არ არის.
25 თებერვალს თბილისის დაცემის შემდეგ, 13 მარტამდე ინტენსიური ბრძოლები მიდიოდა შიდა ქართლში, აფხაზეთში და იმერეთში. მათ შორის, 5-6 მარტის სურამის ბრძოლა, რომელშიც ქართული ჯარი ცდილობდა ბოლშევიკების შეჩერებას ლიხის ქედზე.
ამ ბრძოლებში მარცხის შემდეგ ქართული მეთაურობა აპირებდა უკანასკნელი თავდაცვის ხაზის შექმნას გურია-აჭარაში, მაგრამ ამ დროს აჭარაში თურქეთი შემოიჭრა და ეს გეგმა ვერ განხორციელდა. 14 მარტს მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა, სანამ განაიარაღდებოდნენ, ქართულმა საჯარისო ნაწილებმა მოასწრეს ბათუმის ბრძოლაში თურქებზე გამარჯვება, რის წყალობითაც ეს ქალაქი დღეს სწორედ საქართველოს შემადგენლობაშია და არა თურქეთის.
1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, თავისი შედეგებით, გახდა ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა საქართველოს ძალიან გრძელ ისტორიაში. ამ ომში მარცხის შედეგი არ იყო მხოლოდ ოკუპაცია. დაპყრობა საქართველოს ადრეც გამოუცდია. მაგრამ, თუ არ ჩავთვლით სამცხე-საათაბაგოს შემთხვევას (მე-16-17 საუკუნეები), საქართველოს 1920-იან წლებამდე არასოდეს გამოუცდია ელიტის ისეთი სისტემური განადგურება, როგორიც ბოლშევიკებმა მოაწყეს.
ბოლშევიკები მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებდნენ ყველა ადამიანს, ვინც თავისი უნარებიდან, ნიჭიდან და მორალური ღირებულებებიდან გამომდინარე შეიძლებოდა გამხდარიყო ნებისმიერი სახის საზოგადო მოღვაწე. ყველა ასეთი ადამიანი ბოლშევიკებმა დახვრიტეს ან წამებით მოკლეს, ზოგ შემთხვევაში ოჯახიანად. ამ მოვლენის შედეგები ჩვენ სრულად გააზრებული არ გვაქვს, მაგრამ ისინი კვლავ ახდენენ საქართველოზე უმძიმეს გავლენას, და კიდევ ძალიან დიდხანს მოახდენენ.
1921 წლის ომის შესახებ ყველაზე კარგი ჩემთვის ნაცნობი მასალა არის გიორგი ფარცხალაძის და ენდრიუ ანდერსენის სტატია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ:
რუკები და გრაფები სწორედ ამ სტატიიდანაა აღებული და მის ავტორებს ეკუთვნის.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия