ნაგარკოტი დღე პირველი / Nagarkot


ნაგარკოტი პატარა დასახლებაა კატმანდუდან 32 კილომეტრში, კატმანდუს ქვაბულის კიდეზე, მთაზე. დასახლება 2100 მეტრის სიმაღლეზეა და კატმანდუელებისთვის დაახლოვებით იგივეა რაც ჩვენთვის წყნეთი. წყნეთისგან განსხვავებით ნაგარკოტიდან დილაობით შესანიშნავი ხედებია ჰიმალაებით, თუმცა ეს კარგ ამინდში. 1 ოქტომბერს აი ამ ტურისტული ავტობუსით წავედი ნაგარკოტში. ავტობუსის ბილეთი ორივე ბოლო 500 რუპი დამიჯდა. გაჩერება ტამელიდან ჩრდილოეთით იყო. ნეპალში ორი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტია, ლოკალური და ტურისტული. ლოკალური ძალიან ეგზოტიკურია და კოლორიტული, ტურისტული კი კომფორტული და კარგი. ტურისტულებზე ბილეთებს სასტუმროები და ტურისტული კომპანიები ყიდიან. ძალიან მოხერხებულია სხვათაშორის, არც კომპანიას უწევს ტვინის ჭყლეტვა ბიუჯეტური ტურისტი როგორ გაამგზავროს და არც ტურისტი განიცდის დისკომფორტს. ფასებიც არაა ძვირი.
გაჩერებასთან განეშის გამოსახულებაა. ეტყობა ავტობუსს მფარველობს.
ბუქინგით დავჯავშნე ძალიან კარგი სასტუმრო - Mount paradise - ოჯახური ტიპის სასტუმრო, მშვენიერი დიდი ნათელი ოთახებით, კარგი საწოლებით, ორ ნომერზე საერთო სველი წერტილით. მეპატრონე, ბატონი მოჰანი ძალიან კომუნიკაბელური და თბილი პიროვნებაა. ყველაზე კომუნიკაბელური იმ სასტუმროთა მეპატრონეთა შორის სადაც მომიწია ყოფნა. მოჰანი ვეგეტარიანელია და სასტუმროში ვეგეტარიანული, მაგრამ ძალიან მაგარი რესტორანი აქვს. დასახლების შემდეგ გვიანი ლანჩი თუ ადრეული ვახშამი შევუკვეთე და გავიბერე იმდენი იყო.



ცოტა ხანში სასტუმროს სხვა ტურისტებიც გავიცანი - ჩინელი ახალგაზრდა წყვილი, ავსტრიელი კაცი, ვისაც დავუმეგობრდი, რადგან ისიც მარტო იყო, და ახალგაზრდა გერმანელები. ავსტრიელი იურგენი ფრილანსერი ჟურნალისტი და მწერალია, ძალიან საინტერესო მოსაუბრე, ამიტომ მთელი საღამო ჯერ ვისეირნეთ ცოტა, მერე კი მასალას ჩაის სმასა და საუბარში გავატარე.

მზის ჩასვლა...
იურგენი ნეპალში ორი თვის გატარებას აპირებდა, ნაგარკოტში კი რამდენიმე დღე ისვენებდა (არ იყო ცუდი აზრი, მეც აღარ მინდოდა აქედან წასვლა). ვისაუბრეთ გლობალურ და ლოკალურ საკითხებზე. ხშირად, ბატონი მოჰანიც როდესაც იცლიდა ერთვებოდა ჩვენს საუბარში.
მოგზაურობა ცხოვრებაა შეკუნშულ ვადებში, მეგობრობა, სიმპატიები 1-2 დღე გრძელდება, მერე კი გზები იყოფა. ასე იყო იურგენთან... ჩემი პირველი მოგზაურობის მეგობარი გახდა 1 დღით.

საღამოთი აგრილდა და შევედით სასადილო ოთახში. ადრე  დასაწოლები ვიყავით, რადგან დილით მზის ამოსვლა უნდა გვენახა...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия