23 ნოემბერი 2003 - 10 წლის შემდეგ


ჩემი თაობის ხალხისთვის ხვალინდელი დღე უეჭველი ძალიან მნიშვნელოვანია. 10 წლის წინ ჩვენ, ახალგაზრდები, ვცხოვრობდით ქვეყანაში სადაც არავითარი პერსპექტივები არ გვქონდა, არ გვქონდა მომავალი... ჩვენ მაშინ დავამთავრეთ უნივერსიტეტები, მაგრამ ჩვენს განათლებას ფასი არ ჰქონდა - დიპლომები ადვილად იყიდებოდა, უმუშევრობა ძალიან მაღალი იყო და სპეციალობით სამსახურის პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო.

ჩვენი პერსპექტივები საქართველოში ძალიან არასახარბიელო იყო.
ამიტომ გამოვედით ჩვენ რუსთაველზე - ხმა მივეცით ცვლილებებს და არჩევანი წაგვართვეს იმათ, ვინც ღუპავდა ჩვენს მომავალს.

ჩვენ ვიყავით ქვეყნის შვილები, რომელსაც არ მომავალი ჰქონდა, არც აწმყო.. სადაც არ არსებობდა სახელმწიფო, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - წარუმატებლობა აქ იყო ნორმა.

23 ნოემბერი შევიდა საქართველოს ისტორიაში...
მე ალბათ ის იშვიათი ადამიანი ვარ, რომ არ მივიჩნევ, რომ მაშინ იქ ტყუილა ვიდექით...
ის, რომ ჩემზე უმცროსები ვერც კი იგებენ, თუ რამ გამოგვიყვანა რუსთაველზე, ეგეც ჩვენი იქ დგომის დამსახურებაა, ჩვენ რომ გვაქვს სახელმწიფო დღეს - იქ დგომის დამსახურებაა. ჩემთვის ეს რევოლუცია იყო საკუთარი მომავლისთვის ბრძოლა - მიმეღო ის, რისი მიღებვაც იმ დროინდელ საქართველოში შეუძლებელი იყო...

დღეს ბევრს საუბრობენ - რა იყო ვარდების რევოლუციის იდეალები, ვინ რისთვის იბრძოდა 2003 წლის ნოემბერში... ჩემი აზრით ეს იდეალები ყველას სხვადასხვანაირად ესმის. თუნდაც იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის იმ დროინდელი იდეოლოგია ძალიან ჩამოუყალიბებელი იყო და მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა და დღეს სრულიად განსხვავებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვარდების რევოლუციის ბევრი მიზანი დღესაც არაა მიღწეული, რომ ვუყურებ დღევანდელ ცხოვრებას, და ჩემს დღევანდელ მიღწევებს, და ვიხსენებ იმ დროს, როდესაც მე 20 წლის ასაკში ვიბრძოდი მომავლისთვის, ვხვდები, რომ ჩემი რევოლუცია წარმატებული იყო.

გილოცავთ რევოლუციის 10 წლისთავს!
http://highlander-ge.blogspot.com/2009/10/blog-post.html

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания