იმპერიის ტრიუმფი სოჭში…


დღეს ამერიკულ გავლენიანი გაზეთის ბლოგების ნაწილში, ჯენიფერ რუბინმა გამოაქვეყნა სტატია “უბრალოდ არ წახვიდეთ სოჭში“. სტატიაში რუსეთი გაკრიტიკებულია ადამიანის უფლებების ხშირი შელახვის გამო – ავტორმა pussy riot-ის საქმეც გაუხსენა, ახალი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონიც, ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემაც… ავტორი მოუწოდებს ამერიკელებს არ წავიდნენ სოჭის ოლიმპიადაზე – სოჭის ოლიმპიადაზე წასვლა ისეტივე მიუღებელი უნდა გახდეს როგორც მოწევა ან გლობალური დათბობის მიმართ სკეპტიციზმი – წერს ავტორი.
მოგახსენებთ რომ, სტატიაში არცერთი სიტყვა არააა ნათქვამი საქართველოზე, 2008 წლის ომზე, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდებზე, აღარაფერს ვამბობ ჩერქეზების გენოციდზე.
ჩვენ, ქართველებს, გაცილებით მეტი მიზეზები გვაქვს ბოიკოტი გამოვუცხადოთ სოჭის ოლიმპიადას. ჩვენი არგუმენტები გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე ჰომოსექსუალისტების უფლებები და პანკ ჯგუფის უსამართლო განაჩენი. ჩვენი არგუმენტებია – ოკუპაცია და გენოციდი. ასევე ჩვენმა პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი უკვე აღიარა, და ახლა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, ახალმა მთავრობამ მთლიანად ხაზი გადაუსვა იმ პოლიტიკას, რომელიც მიმდინარეობდა ჩრდილო კავკასიის მიმართ 2008 წლის შემდეგ. არა მხოლოდ ხაზი გადაუსვა, არამედ მთლიანად მოსპო – რადგან ჩვენ ჩვენი ცვალებადობით ჩრდილოელი მეზობლების თვალში ნამეტანი არასანდო პარტნიორებად გამოვჩნდით, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ.
სამარცხვინო ეპიზოდებს კი დღეს კიდევ ერთი მეგა ეპიზოდი შეემატა:
აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი – დიანა ღურწკაია სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება. თან, როგორც პრესა იუწყება, იგი ჩირაღდნით გაივლის ქალაქ გროზნოს…
ღმერთო, რა სიმბოლიზმია – აფხაზეთიდან დევნილი ღურწკაია ამშვენებს რუსული იმპერიალიზმის ზეიმს, საკუთარი სამშობლოდან რამდენიმე კილომეტრში, თან იმ ქალაქში გამოჩნდება, რომელიც რუსებმა სულ რაღაც 13 წლის წინ მიწასთან გაასწორეს, რომლის მოსახლეობაც ამოჟუჟეს…
ეს ყველაფერი ძველ რომში ტრიუმფალურ მსვლელობებს მაგინებს, რომლის დროსაც უღელქვეშ გაყავდათ საზეიმო მსვლელობაზე დაპყრობილი ხალხის წარმომადგენლები, რათა პლებსისთვის ნათლად ეჩვენებინათ იმპერიის სიდიადე და ტრიუმფატორი იმპერატორის გამარჯვების მთელი ბრწყინვალება. სწორედ ასეთ ტრიუმფალურ მსვლელობას მაგონებს ჩერქეზთა სისხლით მოწყული სოჭისკენ, ეთნიკური წმენდისგან გაქცეული ღურწკაია, ამოჟუჟულ გროზნოში ოლიმპიური ჩირაღდანით ხელში, აფხაზეთიდან რამდენიმე კილომეტრში… თუმცა ღურწკაიასგან განსხვავებით, ძველ რომში, დაპყრობილი ხალხის წარმომადგენლები სულაც არ მიიჩნევდნენ ტრიუმფში მონაწილეობას დიდ პატივად…

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия