ტაბურეტკიდან კასრამდე
ბოლო ერთი თვეა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება მძიმე, მძაფრსიუჟეტიან სერიალს დაემსგავსა.
- 17 მაისის მოვლენები
- მერაბიშვილის დაპატიმრება
- 26 მაისი
- ჯიჰადის კლიპები
- ავღანეთში 7 ჯარისკაცის დაღუპვა
- საიდუმლო სამალავების აღმოჩენა იარაღით, ნარკოტიკებით და მეგის ქარდავას საბავშვო დღიურით და კასეტებით.
- კასეტებზე წამების და გაუპატიურებების სცენების აღმოჩენა.
- დღეს კიდევ ახალი კასრები
ერთი თვისთვის მეტისმეტი მოვლენებია და ნებისმიერ საზოგადოებას ნამდვილად თავგზას აუბნევს ამდენი შოკისმომგვრელი მოვლენა ზედიზედ, თან რაც მთავარია, ყოველი შემდგომი წარმატებით ახერხებს წინა მოვლენის გადაფარვას, თან ეს გადაფარვები ისეთი გეომეტრიული პროგრესიით ხდება, რომ წარმოდგენაც არ მინდა ბოლო კადრებს რითი გადაფარავენ.
ყველაზე ჩახლართული, მტკივნეული და გაუგებარი კი კასრების და კასეტების ამბავია. მოვლენების ქრონოლოგია ასე გამოიყურება:
- შსს აანონსებს რომ იპოვეს საიდუმლო იარაღის საცავი. სადაც იარაღის გარდა დოკუმენტები, კასეტები და ნარკოტიკები იყო.
- დავით საყვარელიძე აცხადებს რომ ეს სამალავი თავდაცვის სამინისტროსი იყო პარტიზანული ომის წარმოების შემთხვევისთვის. ნარკოტიკები და ა.შ. მერე იყო ჩადებული.
- ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა აღმოაჩინეს უამრავი საეჭვო ეპიზოდი - შსს-ს თანამშრომლები ჩუსტებში მუშაობდნენ, მეგის ქარდავას სასკოლო დღიური, საეჭვო საქაღალდე, რომელსაც ჯერ არ აქვს, შემდეგ აქვს წარწერა.
- საზოგადოების ფართო სპექტრისთვის გასაგები გახდა რომ მთელი ეს სპექტაკლი უნიჭო დადგმაა, და სენსაცია გაემზადა ჩასაძირად, რომ არა...
- რომ არა ვიდეო კასეტები. ჯერ დიპლომატები გაახარეს ჰორორ ვიდეოებით, შემდეგ ჟურნალისტები და არასამთავრობოები.
აი ეს კი უკვე ახალი მოვლენაა, რომელმაც მთლიანად გადაფარა ჯიჰადიც, და ჩუსტებიანი თანამშრომლებიც. რაც მეტი ინფორმაცია გამოვიდა ამ დახურული ჩვენებებიდან, მით უფრო მეტი კითხვები იბადება, რომლებზეც არ არის პასუხები.
ჯერ ვეცდები ჩამოვთვალო ფაქტები რაც ვიცით, ან რაშიც ვარ დარწმუნებული:
- კასრები და სამალავები მთლიანად დადგმული სცენაა.
- აშშ-ს კონგრესის და ევროპული პოლიტიკური წრეების მწვავე კრიტიკა მერაბიშვილის დაჭერაზე.
- ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ დაანონსა რაღაც შოკის მომგვრელი ინფორმაციის გავრცელება, რაც მისი ოპონენტების დისკრედიტაციას გამოიწვევდა.
- სწორედ ახლა მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - ბედუკაძეს მოეხსნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ხოლო წამების გამო სექტემბერში დაჭერილებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
- წამების სცენები პოლიციაში და არა ციხეში წამლად სჭირდებოდა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დისკრედიტაციისთვის და მისი დაპატიმრების გასამართლებლად.
ამის გარდა შეიძლება ითქვას დანამდვილებით არაფერი არაა ცნობილი, ან მე არ ვარ არაფერში დარწმუნებული. ყოველგვარი ემოციების გარეშე ვცადე კითხვები ჩამომეყალიბა, რაც ამ ფირებთან დაკავშირებით დამებადა. ვფიქრობ არა მხოლოდ მე დამებადა ეს კითხვები.
- გუშინ პრეზიდენტმა დაასახელა კონკრეტული პირები. რის საფუძველზე?
- სად და რა ვითარებაშია ეს კადრები გადაღებული?
- უკვე დაკავებულია 9 პირი, არიან თუ არა ისინი ყველანი დაკავებული იმიტომ რომ ამოცნობილნი იყვნენ ფირებზე, თუ მხოლოდ ნაწილი და დანარჩენებზე სხვა მიზეზებია?
- თუ ბრალდება ლევან ქარდავაზე ჭეშმარიტია, ეს ხსნის მეგის ქარდავას ბავშვობის დღიურის აღმოჩენას?
- შესაძლოა თუ არა, რომ ეს იყოს ქარდავებსა და ახალ ხელისუფლებას შორის გარიგება?
- ვის კადრებად შეიძლება მოიაზრებოდნენ მეგის და ლევან ქარდავები?
- რა ურთიერთობა ჰქონდათ ქარდავებს მერაბიშვილთან? ახალაიასთან?
- რა დროით თარიღდება ვიდეო ფორები?
- რატომ კასეტები, როდესაც 10 წელზე მეტია ძირითადად ციფრულ გადაღებაზეა ყველა გადასული?
- სად იყო ეს კასეტები არჩევნებამდე?
- იცოდა თუ არა ვანო მერავბისვილმა ამ ფაქტების შესახებ?
- იცოდნენ თუ არა ვანო მერაბიშვილმა და ნაც. მოძრაობის სხვა ლიდერებმა კასეტების არსებობის შესახებ?
- რა კავშირშია ამ კადრების გამოჩენა ბედუკაძის გამართლებასთან და სხვა ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე წასვლასთან?
- ხელისუფლებას სურს მხოლოდ მერაბიშვილის დისკრედიტაცია და სასამართლოზე სერიოზული მტკიცებულებების ქონა, რომ კიდევ ერთი ახალაიას პროცესი არ განმეორდეს, თუ პოლიციის რეფორმის სრული დისკრედიტაცია?
მოკლედ კითხვები საკმარისზე მეტია. გვექნება რომ პასუხები, რათა შეგვეძლოს მომხდარზე წარმოდგენის შექმნა? არა მგონია...
სამწუხაროდ ხელისუფლება არა მხოლოდ არ აპირებს ობიექტური გამოძიების წარმოებას, არამედ, როგორც ეს უკვე არაერთხელ ვიხილეთ, გამოძიება მხოლოდ მაშინ ტარდება, თუ იგი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისკენ მიდის, თუ კი არა, მაშინ იგი იჩქმალება, რაც უკვე არაერთხელ ვნახეთ...
მსგავსი დანაშაულებები მომხდარა ამერიკაშიც, გვანტანამო, აბუ გრეიბი, და ამ თვეშიც მისისიპის ციხეში მოხდა საკმაოდ შემზარავი ფაქტები. მაგრამ, დამნაშავეები დაისაჯნენ. ბუშის შემდეგ მოსულმა ობამამ მწამებლები ციხიდან არ გამოუშვა და ეროვნულ გმირებად არ აქცია. მიუხედავად იმისა რომ, დემოკრატებმა უეჭველი ქულები დაიწერეს არჩევნებზე აბუ გრეიბით და გვანტანამოთი, მაინც ამ დანაშაულებების პოლიტიზირება არ მომხდარა ასეთი დოზით. და მისისიპის ციხის სკანდალში დამნაშავეებსაც ნამდვილად არ აქვთ იმის იმედი, რომ ეს ან დემოკრატებს მოსპობს, ან თუ შემდეგში რესპუბლიკელები მოვიდნენ, მათ ვინმე დაინდობს და აპატიებს. ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყანაში.
არაცივილიზებულ, მაგრამ ერთმორწმუნე მოძმე რუსეთში კი ამას წინად ლომით გააუპატიურეს და მოკლეს ადამიანი. რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ამის ჩამდენს ბევრი არაფერი ემუქრება. მითუმეტეს შსს მინისტრს ასეთ წვრილმანის გამო ხელს ვინ ახლებს.
ეს ისე, მაგალითებისთვის, რომ იცოდეთ, უნიკალურები არ ვართ.
საპრეზიდენტო არჩევნები კი კიდევ წინაა...
Comments
Post a Comment