ძვირადღირებული რწმენა
არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭირვალება საქართველო" გამოაქვეყნა მოკლე მიმოხილვა საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ
ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
04 ივლისი 2013
გასული რამდენიმე თვის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ცდილობს, შეაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგზავნეთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა როგორც ცენტრალურ, ასევე – ადგილობრივ სახელმწიფო დაწესებულებებში. გვსურს გაგაცნოთ ჩვენი კვლევის შედეგები.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსების მხრივ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს. სხვა კონფესიების მიმართებით სახელმწიფოს დახმარების შესახებ ინფორმაციის მოძიება რთული აღმოჩნდა, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო მათ მიმართ გასული წლების განმავლობაში ნაკლებ ყურადღებას იჩენდა.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუტიციური შეთანხმების მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, „ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი შემოწირულებანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.“
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შემოსავლის ძირითად წყაროს კერძო შემოწირულოებები და სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული დაფინანსება წარმოადგენს. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ.
2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები
2002-2013 წლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ 160,672,200 ლარი შეადგინა. 2002 წელს კონსტიტუციური შეთანხმების ხელმოწერისას სამინისტრომ სამოციქულო ეკლესიას 857,600 ლარი გამოუყო. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პარალელურად ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს დაფინანსებაც იზრდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც დაფინანსება ორჯერ ან სამჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუკი საპატრიარქოს დაფინანსების ოდენობა 2005 წელს 1,290,100 ლარს შეადგენდა, 2006-2007 წლებში დაფინანსება, შესაბამისად, 4,803,300 და 4,270,600 ლარი იყო, ხოლო 2008 წელს – 12,933,400 ლარი გახდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საპატრიარქოს დაფინანსება კიდევ ორჯერ – 26,394,900 ლარამდე გაიზარდა (2009 წელი). მომდევნო წლებში დაფინანსება მციერეოდენ შემცირდა (მაგალითად, 2011 წელს 24,391,700 ლარი, 2012 წელს 22,800,000 ლარი). ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს დახმარების ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა და 2013 წელს 25,000,000 ლარი შეადგინა (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში).
პრეზიდენტისა და მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხები
საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, 2006-2012 წლებში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაიხარჯა 8,388,200 ლარი; ამას გარდა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპატრიარქოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 10,401,087 ლარი გამოუყო, საიდანაც ეკლესიებისთვის ავტომანქანების შესაძენად 2,170,290 ლარი დაიხარჯა; ხოლო 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე პრეზიდენტის ფონდიდან საპატრიარქოს 1,700,000 ლარი გადაერიცხა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2009 წელს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ ფუნქციონირებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 400,000 ლარი. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 2011-2012 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ფინანსურმა დახმარებამ საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიისათვის 600,000 ლარი შეადგინა (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში).
ადგილობრივი მუნიციპალიტეტები
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წლიდან დღემდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხა 16 მილიონამდე ლარს შეადგენს.
არსებული დოკუმენტებით, მუნიციპალიტეტები ეპარქიებს ეხმარებიან როგორც მცირე, ასევე – სოლიდური ფულადი სუბსიდიებით, აფინანსებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, გადასცემენ მოძრავ თუ უძრავ ქონებას.
ცალკეული მაგალითებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
ვანის მუნიციპალიტეტმა 2011-2012 წლებში ადგილობრივ ეპარქიას 280,000 ლარი გამოუყო; მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა – 90,000 ლარი; 2009 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტმა – 182,000 ლარი; 2010 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა ჰერეთისა და ნეკრესის ეპარქიას – 31,805 ლარი; 2010 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტმა სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისათვის – 1,118,275 ლარი; 2012 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია მშენებლობისათვის – 200,000 ლარი; 2012 წლის 1 ნოემბრამდე ფოთის მერიამ ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი აღდგენა-რეკონსტრუქციისათვის – 5,000,000 ლარი, ხოლო 2012 წლის 1 ნოემბრის შემდეგ დღემდე – 550,000 ლარი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ბათუმში ბესიკის/ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარე 1740 მ2 არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ეკლესიისათვის გამოყოფილი სუბსიდია თვეში საშუალოდ 6,000 ლარს შეადგენს (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში).
კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მთელ რიგ შემთხვევებში ფინანსურ დახმარებას არა საპატრიარქოს ან ადგილობრივ ეპარქიას, არამედ – ფიზიკურ პირებს პირდაპირ გამოუყოფდა, რომლებიც, იმავე მუნიციპალიტეტის განმარტებით, სასულიერო პირები არიან.
პრეზიდენტის, ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ უფასოდ ან ერთ ლარად გადაცემული ქონება
საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად არაერთგზის გადასცა ქვეყნის მასშტაბით მიწები, სკვერის ტერიტორიები თუ შენობა-ნაგებობები. მარტო 2007 წლის 30 დეკემბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა 10 ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რომლითაც საპატრიარქოს უსასყიდლოდ რამდენიმე ჰექტარი ტყის ფონდის მართვა მიჩენის პირობით გადაეცა. ამასთანავე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ერთ ლარად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადასცა საპატრიარქოს უძრავი ქონება (მაგალითად, 2008 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით საქართველოს საპატრიარქომ ერთ ლარად მიიღო თბილისში, სიონის ქ. #13/40-ში მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 4,971,44 მ2 და მასზე დამაგრებული 2,272 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე წელს საპატრიარქომ ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კინოთეატრ ,,ხულოს“ შენობა მიიღო, 486,1 მ2 საერთო სასარგებლო ფართობით და მასზე დამაგრებული 462 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; 2010 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით საქართველოს საპატრიარქოს საკუთრება გახდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გარდაბანში, რუსთავში, დაბა ასპინძასა და თბილისში მდებარე ჯამში 8,200 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და 1,310 მ2 შენობა-ნაგებობები).
ასევე, თბილისის მერიამ 2008-2010 წლებში ერთ ლარად საქართველოს საპატრიარქოს დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა და შენობა-ნაგებობები გადასცა (მაგალითად, სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 3,459 მ2; საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩაზე, შპს „აგრეგატის“ მიმდებარედ 1,800 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ბაგებში, ავტოინსპექციის პოსტის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 7,500 მ2 ფანასკერტელის ქუჩაზე #14-ში არსებული 2,505 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთვსებული შენობა-ნაგებობა, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში).
სხვა რელიგიური კონფესიები
როგორც უკვე ზევით აღინიშნა, წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოთა უმრავლესობა ღიად აცხადებს, რომ ისინი არ აფინანსებენ სხვა რელიგიურ კონფესიებს, გარდა საქართველოს საპატრიარქოსი, ნაწილმა კი უპასუხოდ დატოვა ჩვენი შეკითხვა. ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი დოკუმენტებიდან სახელმწიფოს მიერ 2002-2012 წლებში სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ გაწეული დახმარების დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითი გვაქვს. საქართველოს იეზიდთა კავშირს, პრეზიდენტის განკარგულებით, 2010 წელს ვარკეთილის ტერიტორიაზე 1 ლარად გადაეცა 1,629 მ2 მიწის ნაკვეთი ქურთული კულტურული ცენტრის აშენებისა და აღნიშნულ ცენტრში ქურთული და ქართული ენების, ისტორიის, კულტურის, და კომპიუტერული სწავლების კურსების მოწყობის მიზნით. ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლებში ქართული და სომხური ეკლესიებისათვის გამოიყო ფულადი დახმარებები (2009-2012 წლებში ქართულ-სომხური ეკლესიების ფინანსურმა დახმარებამ 35,624 ლარი შეადგინა).
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ჩვენ მიერ გამოთხოვილი მონაცემები რელიგიურ კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოთა უმრავლესობამ დაგვიანებით მოგვაწოდა, ხოლო რამდენიმემ ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი რელიგიური კონფესიის მიმართ გაწეული ფინანსური დახმარება გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს. საზოგადოების პროაქტიულად ინფორმირება თავიდან აგვაცილებს სხვადასხვა ინტერპრეტაციის თუ დასკვნების გაკეთებას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, როგორიც არის სხვადასხვა კონფესიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
Comments
Post a Comment