ტფილისის ქარვასლები

http://tamricosha.blogspot.com/2014/06/blog-post.html

გახსოვთ, "ქეთო და კოტე"?

“ძია მაკარ, შენი ქარვასლა იწვისო” ..

ადვილად წარმოსადგენია, როგორ აღელვდა ძია მაკარი. ქარვასლის დაწვა სახუმარო ამბავი არ არის. ეს დიდი ზარალია, მითუმეტეს რომ იმ დროს, როცა 1882 წელს ავქსენტი ცაგარელმა დაწერა პიესა “ხანუმა”, ტფილისელებს ჯერ კიდევ ახსოვდათ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქარვასლაში 1874 წელს მომხდარი დიდი ხანძარი. ეს ქარვასლა, ია იქ, სასახლის ქუჩისა და პასკევიჩ-ერივანსკის მოედნის შორის იდგა.



გასული საუკუნის 90-ან წლებში აქ, შადრევანის მოწყობისას მოედნის ცენტრში აგურით ნაგები სარდაფები აღმოაჩინეს. ეს ოდესღაც ცნობილი ქარვასლის ნაშთები იყო.



ძველად კი აქ, გარეთუბანში, ეს მიწები თავად ციციშვილებს ეკუთვნოდა, მაგრამ 1844 წელს, როცა საქართველოში რუსეთის მეფის ნაცვლად გრაფი მიხეილ ვორონცოვი დაინიშნა, თავად ესტატე ციციშვილს მოუწია აქაურობა, როგორც მაშინ ამბობდნენ: “ორ დოშად და ორი კაცის საკაბეს” ფასად მიეყიდა ტფილისის ერთ-ერთი მდიდარი ვაჭრისათვის – გაბრიელ თამამშევისათვის.
საქმე იმაშია, რომ მიხეილ ვორონცოვი იტალიური ოპერის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა და კავკასიაში მაღალი თანამდემბობის მიღებასთან ერთად არ აპირებდა თავის გატაცებაზე უარის თქმას, ამიტომ მან გადაწყვიტა აქ ჩამოეყვანა საოპერო დასი იტალიიდან. მაგრამ დასს წარმოდგენების გასამართად შენობა ჭირდებოდა.
ოპერის შენობის ასაშენებლად სახელმწიფო ხაზინიდან გრაფი ფულს ვერ გამოიტანდა, უფრო სწორად, მშენებლობის მხოლოდ ნაწილი შეეძლო დაეფინანსებინა სახელმწოფო ხარჭით. ამიტომ ადგილობრივ ვაჭრებს - ბაზაზხანების მეპატრონეებს შესთავაზა გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ აეშენებინად ქარვასლაც და თეატრის შენობაც. ბაზაზებმა ვორონცოვს უარი უთხერეს, არ გვიღირსო, დიდი ხარჯია და ჩვენი მუშტარი კალადან ახალ ქალაქში არ ამოვა ფართლეულის საყიდლადო.
მაშინ ვორონცოვმა მდიდარ ვაჭრებს მიმართა, მაგრამ აქაც მხოლოდ გაბრიელ თამამშევი დაინტერესდა მეფის ნაცვლის შემოთავაზებით, იმ პირობით, რომ მიწა, რომელზეც იგი თეატრის შენობას ააშენებდა მას უსასყიდლოდ გადაეცემოდა.
გარიგება ორივე მხარისათვის მომგებიანი იყო და 1851 წელს ტფილისში იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის პრიექტით აშენებული ქარვასლა და მასში განლაგებული თეატრი გაიხსნა.


თამამშევის ქარვასლა, დრევანდელი თავისუფლების მოედნის ნაწილს იკავებდა და ძალიან მალე ახალი თბილისისათვის მნიშვნელოვან ადგილად იქცა. ქარვასლის პირველ სართულზე 6 საცხოვებელი ოთახი, 29 დუქანი და 11 სარდაფი იყო განლაგებული. მეორეზე – კიდევ 29 დუქანი, მესამე სართულზე იყო 19 მაღაზია და 80 შესანახი კარადა. მეოთხეზე კი – კიდევ 21 მაღაზია ანტრესოლებით, ანუ სულ 266 დიდი და მცერი ზომის სავაჭრო სათავსო იყო, გარდა თეატრისა, რომელიც შენობის მეორე და მესამე სართლზე იყო განლაგებული.
იტალიურმა ოპერამ დიდი გავლენა იქონია ტფილისელებზე და მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა ძალიან მალე, ისევე როგორც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილის ქარვასლა.
ეს იყო, ფაქტობრივად, პირველი თანამედროვე სავაჭრო და კულტურულ-გასართობი ცენტრი ტფილისში, რომლისგან ჩვენ დღეს მხოლოდ ეს გრიფონობიღა შემოგვრჩა.


ოდესღაც კი ისინი, ახლა რომ მიწისქვეშა გადასასვლელია, მის მახლობლად იდგნენ და ქარვასლაში შესასვლელს ამშვენებდნენ.


1874 წლის 11 ოქტომბერს თეატრში ვინჩენცო ბელინის ოპერის – “ნორმას” პრემიერა უნდა შენდგარიყო, მაგრამ ყაზაროვის მაღაზიაში საღამოს, როცა ყველა დუქანი უკვე დაკეთილი იყო, ხანძრი გაჩნდა და ცეცხლი ძალიან სწრაფად მთელ შენობაში გავრცელდა.



თამამშევმა დიდი ზარალი ნახა, მაგრამ ქარვასლის აღდგენა 1879 წლისათვის მაინც შეძლო, ოპერისა კი ვეღარ, ან აღარ. 1934 წელს კი შენობა, მოედნის გაფართოების მიზნით მთლიანად დაანგრიეს. მისი და გვერდით მდგარი დავით სარაჯიშვილის შემოსავლიანი სახლის ადგილას ააშენეს ეს მრავალბინიანი სახლი მ. მელიას, ა.ქურდიანისა და ს.ყუბანეიშვილის პროექტით.



ქარვასლა, ანუ ქარავან სარაი - თურქულად სავაჭრო გზაზე მოქარავნეებისათვის მოსასვენებელ სახლს და სავაჭრო ცენტრს ნიშნავს. არაბულად - ფუნდუქს ამბობდენ, რუსულად კი – гостиный двор.
ამ ქარვასლას ტფილისში რუსულად მოიხსენიებდნენ -  гостиный двор Манташева. მის ამჟამინდელი მისამართია, კ.აფხაზის ქ. № 22-24.







მანთაშევის ქარვასლაში, რომელიც სომხის ბაზრის ქუჩაზე მდებარეობდა, განთავსებული იყო მოდური ტანსაცმლის, აქსესუარების და ოქროულობის მაღაზიები, საკონდიტროები და პატარ-პატარა სახელოსნოები. ეზოში იყო მოწყობილი შადრევანი და საყიდლებზე შემოსულ ტფილისელებს შეეძლოთ აქ დაესვენათ ჩრდილში და სიმყუდროვეში. ეს შენობა თბილესელმა არქიტექტორმა ალექსანდრე ოზეროვმა მეოცე საუკნის დასაწყისში ააშენა და ინდროიდელი მოდის შესაბამისად მორთო მოდერნის სტილში. შენობა ეკუთვნოდა ცნობილ და მდიდარ ტფილისელ მეწარმესა და პირველი გილდიის ვაჭარს ალექსანდრე მანთაშევს. საბჭოთა პერიოდში აქ დარჩა მაღაზიები, ერთ-ერთ ფლიგემში კი განლაგებული იყო “თბილისის საიუველირო ფაბრიკა”. ეს შენობა, შეიძლება ითქვას, ყველაზე ბოლოს აშენებული ქარვასლაა და იგი უფრო იმ დროისათვის თანამედროვე სავაჭრო ცენტრი იყო, ვიდრე ძველი მნიშვნელობით ქარვასლა.
მანთაშევს კალასში, ბამბის რიგში, კიდევ ერთი, იმ დროისათვის თანამედროვე სავაჭრო ცენტრი ჰქონდა – "მანთაშების რიგები", ასე არის ის ცნობილი. შენობა მოდერნის სტილში 1903 წელს ტფილისელმა არქიტექტორმა გაზაროზ სარქისიანმა ააშენა.



 იქვე, ბამბის რიგში იყო შადინოვის, შიოევის და ძმები მაილოვების ქარვასლები.
ეს შუაზარია, ანუ სომხის ბაზარი, ანუ ლესელიძის ქუჩა, რომელსაც ოფიციალრად დღეს კოტე აფხაზის ქუჩა ეწოდება. ძველი თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური და მთავარი სავაჭრო-სახელოსნო ქუჩა.



სწორედ აქ, და მის მოდამოებში იყო განლაგებული ქალაქის ქარვასლების უმრავლესობა და პირველივე, რომელიც გზად გვხვდება არის ხოჯაპარუკოვისა და მაისურაძის ქარვასლა.



ეს შენობა 1894 წელს აშენდა იმ დროს მოდურ, აღმოსავლურ ანუ ფსევდომავრულ სტილში. კ. აფზაზის №36.

                                       




მისი მეპატრონეები იყვნენ ტფილისელი ვაჭრები ალექსანდრე ხოჯაპარუკოვი და ეგორ მაისურაძე. მაგრამ ამ ადგილას მანამდეც მდგარა შენობა, რომელიც ტფილისის 1801 წლის რუკაზე აღნისნულია როგორც ხარაზხანა. შენობის სარდაფის აგურები, მათი ფორმა და წყობა მიგვანიშნებს, რომ აქ ქარვასლის მსგავსი შენობა უკვე მე-17 – მე-18 საუკნეებში უნდა ყოფილიყო.
სხავათა შორის, მეორე გილდიის ვაჭრის ეგორ მაისურაძის საკუთარი სახლი დღესაც დგას მთაწნინდაზე, ახლანდელი ზ.ჟვანიას, ყოფილი სასამართლოს\ტრიბუნალის\გ.ათარბეგოვის\ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე №4 (ამ ქუჩის ნაწილს ეწოდა ცოტახნის წინათ ზ.ჟვანისა სახელი. იმ მომაკვეთს, რომელიც პარლამენტის შენობის უკანაა).
ე.მაისურაძის სახლი აშენდა 1901 წ. ინჟინერის იოსებ მირზოევის პროექტით და სადარბაზოში ჭერის ულამაზესი მოხატულობაა შენარჩუნებული.


გარდა ამ ქარვასლისა, თბილისს კიდევ სამი ქარვასლა შემორჩა. სამივე აქ, ერეკლე მეორისა და სიონის ქუჩებზეა.


ეს ორსართულიანი შენობა ერეკლე მეორეს ქუჩაძე № 8, გადახურული ეზოთი, რომელიც ზემოდან ნათდებოდა, მცერე ქარვასლაა, სადაც პირველ სართულზე დუქნები და სახელოსნოები იყო, ზედა სართულზე კი სასტუმრო ოთახები. ქვენოთ, თაღებითა და კამარებით გადახურულ სარდაფებში, საწყობები იყო. მეორე სართულზე ვესტიბიულს გარს ეკვრის ღია აივანი, რომელის “სტუკოს” ტექნიკით შესრულებული ორნამენტებითაა მოპირკეთებული. სავარაუდოდ, კედლებზე ოდესღას დეკორატილი მოხატულობაც იყო. ერეკლე მეორეს ქუჩის მხრიდან შენობა ორსართილიენია, შესახვევში კი სამსართულიანი. ფასადი კლასიცისტური სტილისაა, რკინის კონსოლებზე შეკიდული სამი შუშაბანდი – ტრადიციული თბილისურია. შენობას მთელ პერიმეტრზე გაჭრილი სარკმელების რიგი მიყვება და სწორად აქედან ნათდება გვირაბი. ამ ფართო გვირაბით ქარვასლის გადახურულ ეზოში შეიძლება მოხვედრა. ამ გვირაბით შედიოდნენ ქარვასლაში საქონლით დატვირთული ქარავნები.





ყველაზე დიდი ქარვასლები სიონის ქუჩაზე იდგა, აქ კი, ერეკლეს ქუჩაზე, იყო რასტაბაზარი, ანუ დუქნებისა და სახელოსნოების გრძელი რიგი. 1671 წელს ტფილისში ნყოფი ჟან შარდენი სწორედ ამიტომ უწოდებს ამ ქუჩას – გრძელ ბაზარს. გარშემო კი ბაზაზხანა, ხარაზხანა და სარაჯხანა იყო. მაგრამ ეს ყველაფერი 1795 წელს, სპარსელების შემოსევისას განადგურდა. აღა-მაქმად-ხანმა თბილისი გადაწვა და მიწასთან გაასწორა. დარბევებს გადარჩენილმა თბილისელებმა კი პიველ რიგში, როგორც ყოველვთის, ეკლესიებისა და ქარვასლების აღდგენა დაიწყეს. ქალაქი ხომ ხელოსნობით და ვაჭრობით არსებობდა. 1850 წლისათვის ტფილისში უკვე 13 დიდი და მრავალი მცირე ქარვასლა იყო. მათ შორის გამოირჩეოდა არწრუნისა და თეკლა ბატონიშმილის ქარვასლები.



ქარვასლა, რომელშიც 1985 წლიდან იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმია, მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული ქარვასლებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია. თუმცა ის აქ, ჯერ კიდევ მე-16 - მე-17 საუკუნეში მდგარი ქარვასლის ადგილზე აშენდა. ეს ქარვასლა, 1650 წელს მეფე როსტომმა თბილისის ეპისკოპოსს – თბილელს უბოძა. ახალი ქარვასლა ძველის კონტურებს, ფაქტობრივად, ზუსტად იმეორებს. მას შემდეგ რაც ტფილისელმა ვაჭარმა გეურქ აღა-არწრუნიმ ეს შენობა 1820 წელს იყიდა და სანაპიროს მხრიდან იმ დროს სავალდებულო კლასიცისტური სტილის ფასადი მიუშენა, მას ხშირად არწრუნის ქარვასლას უწოდებენ.
1855 წელს ქარვასლაში ძლიერი ხანძარი იყო და მეპატრონეს მისი გადაკეთება მოუხდა, მაგრამ ქარვასლისათვის დამახასიათებელი ფუნქციები სრულად შეუნარჩუნა. ქარვასლის 25 სარდაფში საქონლის საწყობები და პირუტყის სადგომი იყო, პირველ სართულზე 11-ტ დუქანში მკერავთა და მეწაღეთა სახელოსნოები იყო, მეორე სართულზე 25 მაღაზიაში ევროპული და აზიური ფართლეული, და სხვა მოდური საქონელი იყიდებოდა. ბოლო სართულზე 33 სასტუმრო ოთახი იყო. შიდა ეზოში კი შადრევანი და აუზი.
1912 წელს ქარვასლა ტფილისელმა ვაჭრებმა ძვებმა აფრიკიანცებმა იყიდეს და სიონის ქუჩის მხარეს ფასადი მოდერნის სტილით შეცვალეს. სხვათა შორის ეს ქარვასლა თავის დანიშნულებას 1924 წლამდე ინარჩუენებდა.


თეკლა ბატოიშვილის ქარვასლად ცნობილი ეს შენობა კი მე-19 საუკუნის 70-ან წლებში აშენდა იმ დროისათვის მოდურ აღმოსავლურ, ანუ ფსევდომავრულ სტილში.
ოდესღაც, აქ იყო ქარვასლა, რომლიც ერეკლე მეორის ქალიშვილს მზითვებში ერგო, ამიტომაც თბილისელების მეხსიერებაში იგი თეკლა ბატონიშვილის ქარვასლად შემორჩა.
1672 წელს აქ მეფის ფუნდუკი იყო, რომელის თბილისის 1735 წლის გეგმაზეც არის აღნიშნული. აქაც, როგორც ყველა დიდ ქარვასლაში არის შიდა იზო, რომელშიც ადრე აუზი იყო, ზედა სართულზე 62 სასტუმრო ოთახი იყო განლაგებლი, სარდაფებში კი საწყობები. 



დღეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ტფილისის ქუჩებში აქლემები დადიოდნენ და რიყეზე სირაჯხანის მახლობლად იყო ბზის მოედანი, ან როგორც მას აგრეთვე უწოდებდნენ – თივის ბაზარი. აქ, პესკებზე, ცოვიალოვის, ჩითახოვის, ხოსროევისა და მირზოევის, აგრეთვე, შადინოვის ქარვასლების სიახლოვეს ქარავნების პირუტყვისათვის საგანგებოდ ადგილი იყო გამოყოფილი. აქვე, ღვინის აღმართზე პარუმბეკოვის და ხერუდინოვის ქარვასლები იდგა. ისინი 1930-ნი წლების თბილისის პირველ გრანდიოზულ რეკონსტრუქციას შეეწირა.



მაგრამ ქარვასლების უმრავლესობა მტკვირს მარჯვენა ნაპირზე კალაში იყო. სიონის ქუჩაზე იყო ასევე ანანოვის და სარაჯიშვილის ქარვასლები. ჩითახოვის ქარვასლა მეტეხის ხიდთან იდგა. მეიდანზე უსტა-მეჰტი ჰუსეინი-ოღლის ქარვასლა იყო. ვორონცოვის ქუჩაზე, ახლა ეს ვახტანგ გორგასალის ქუჩაა, იდგა ჰალათოვის ცნობილი 4-ხ სართულიანი ქარვასლა, რომელშიც 365 ოთახი ყოფილა, წლის ყოველი დღის მიხედვით. ყველა ოთახებში იყო ბუხარი და სავენტილაციო სისტემა. შენობის ფასადი ასევე აღმოსავლურ, ანუ ფსევდომავრნულ სტილში იყო გაფორმებული ფერადი აგურით. 1929 წელს დიდი წყალდიდობის დღოს შენობის საძირკველი სერიოზულად დაზიანდა და უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად ქარვასლა დაანგრიეს.





ახალი ქარვასლების აშენება თბილისში მე-19 საუკუნის 70-ან წლებში შეწყდა. ქალაქი ევროპული წესის ცხოვრების ყაიდაზე გადადიოდა და უფრო პრესტუჟლი გახდა თანამედროვე სასტუმროებში ცხოვრება.



ტფილისურ სასტუმროებზე კი სხვა დროს მოგიყვებით.

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания