კოპანის მონასტერში მისვლა, ნეპალი Check in Kopan monastery October 2014

ალბათ ბლოგში ყველაზე საინტერესო ნაწილს ვიწყებ. ჩემამდე რომელიმე ქართველი იყო ბუდისტურ მონასტერში რამდენიმე დღე???

კოპანის მონასტერი მდებარეობს კატმანდუს გარეუბანში, ბოუდჰასთან, კაპანის მთის წვერზე. მონასტერი 70-ანი წლების დასაწყისში დააფუძნეს ლამებმა იეშემ და ზოპამ. ლამა იეშე ტიბეტიდან იყო ლტოლვილი, ხოლო ზოპა ნეპალელია. ლამა იეშემ 1971 წლიდან დაიწყო ყოველწლიურად ევროპელების მიღება მედიტაციის კუსებზე, რაც ყოველწლიურ ნოემბრის კურსებად გადაიქცა. დღეს კოპანის მონასტერი გაცილებით დიდია ვიდრე დაარსების პერიოდში, აქ 300-ზე მეტი ბერი ცხოვრობს, აქვე ახლოსაა დედათა მონასტერი, სადაც დაახლოვებით ამდენივე მონაზონია. კოპანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუდისტური ცენტრია, სადაც აქტიურად მიდის ბუდიზმის სწავლება დასავლელებისთვის. ყოველ წელს ათასზე მეტი ევროპელი, ამერიკელი და ავსტალიელი მოდის აქ.




ჯერ კიდევ აგვისტოში, როდესაც ვაწყობდი გეგმებს ნეპალზე და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ინტერნეტში წავაწყდი რომ შემეძლო რამდენიმე დღის მონასტერში გატარება. დავინტერესდი, ვგუგლე და ვიპოვე კოპანის ვებ გვერდი. სწორედ ჩემთვის მოსახერხებელ დღეებში 4-დან 14 ოქტომბრამდე ტარდებოდა კურსი "Discover Buddhism" დიდხანს არ მიფიქრია, ჩავეწერე და გადავიხადე წინასწარი შესატანი თანხა.

დაწვრილებით კოპანის მონასტერში კურსებზე იხილეთ ოფიციალური ვებ გვერდი.

ფინანსური მხარე: კურსი ღირს 120$. ამ თანხაში შედის 10 დღე მონასტერში ცხოვრება, სამჯერადი კვება, რადგან მე ერთადგილიანი ოთახი შევუკვეთე საკუთარი სველი წერტილით, ამიტომ 80$ მეტის გადახდა მომიწია. ანუ 10 დღე ყველაფერი 200$. ფინანსური საკითხები ინტერნეტითვე მოვაგვარე. როგორც მონასტრიდან მომწერეს, უნდა მოვსულიყავი 4 ოქტომბერს 4 საათისთვის.

კოპანში ტაქსით ავედი. მონასტრის ეზოში ბევრი ხალხი და აურზაური იყო. მისაღებთან მაგიდები იდგა და ყველას გვავსებინებდნენ ფორმებს. რადგან მე ყველაფერი გადახდილი მქონდა, ცოტა ხანს მომიწია აქ ყოფნა. როგორც მონასტრის წესი იყო, ტაბლეტი ჩავაბარე სეიფში და წავედი ჩემს ოთახში ბარგით. ჩემი კორპუსი 3 სართულიანი იყო, მე ბოლოზე ვცხოვრობდი, თუმცა იმის გამო რომ მონასტერი მთის წვერზეა 3 სართული ქვედა მხრიდან იყო, ზედა მხრიდან კი პირველ სართულზე ვიყავი. ოთახი პატარა და მყუდრო იყო, წინ საერთო აივანი. ოთახში ნახევრად კამოდი ნახევრად კარადა იყო, სადაც დავალაგე ჩემი ნივთები, 10 დღე არსად წასვლა არ მჭირდებოდა და შემეძლო ამომელაგებინა ბარგი. კიდევ ოთახში საწოლის და ტუმბოს გარდა სკამი და საწერი მაგიდა იყო.

5 საათისთვის ყველა სასადილოში შეიკრიბა და ინგლისური ტრადიციის თანახმად რძიანი ჩაი დავლიეთ. five o'clock tea ბუდისტურ მონასტერში წმინდაზე წმინდაა :)

კიდევ, წესებს რაც შეეხება. მონასტრის შესასვლელში გამოკრულია მონასტერში ქცევის წესები:
აკრძალულია

  • მოკვლა (ეხება ყველა ცოცხალ არსებას)
  • მოპარვა
  • ტყული
  • სექსი
  • ნარკოტიკების, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება
კურსის მიმდინარეობის დროს კი კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებაც, რადგან გარე სამყაროსგან იზოლირებულები უნდა ვყოფილიყავით, გვეყურა შიგნით და არა გარეთ. ამიტომაც ჩავაბარე ტაბლეტი სეიფში. ასევე არ შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა.

ჩაის შემდეგ შევიკრიბეთ პატარა ტაძარში სადაც დაგვხვდა ჩვენი კურსის მასწავლებელი - ანი კარინი. ანი მონაზონისადმი მიმართვის ტიბეტური ფორმაა. კარინი ეროვნებით შვედი მონაზონია, რომელიც კოპანში 70-ანი წლების დასაწყისში მოხვდა. ახალგაზრდობაში ჰიპი იყო და აზიაში დახეტიალობდა. კოპანში ნოემბრის კურსი რამდენიმეჯერ გაიარა და ბოლოს მონაზონად აღიკვეცა. თავიდან კარინი არ მომეწონა, როგორც ნამდვილი შვედი ძალიან ცივი და მკაცრი იყო, თუმცა კურსის ბოლოს უკვე სულ სხვანაირად შევხედე და სიმპატიით განვეწყვე მის მიმართ. ანი კარინმა აგვიხსნა ქცევის წესები, დრესკოდი და დღის განრიგი. 
განრიგი ასე გამოიყურება:
  • 5:45 ადგომა
  • 6:00 დილის ჩაი 
  • 6:30 მედიტაცია
  • 7:30 საუზმე
  • 9:15 სწავლება
  • 11:30 ლანჩი
  • 14:00 დისკუსია
  • 15:30 სწავლება
  • 17:00 ჩაი
  • 18:00 მედიტაცია
  • 19:00 ვახშამი
  • 19:45 მედიტაცია და კითხვა პასუხი
  • 21:00 სიჩუმე
დილითაც სიჩუმე იყო, ლანჩის ბოლომდე საუბარი არ შეიძლებოდა.


დრესკოდიც გასაგები იყო, არაფერი მომდგარი და მოტკეცილი, დახურული პერანგები. ასე რომ კატმანდუში ნაყიდი გრძელი პერანგები და ფართო შარვლები კარგად გამომადგებოდა.

საღამოს ვივახშმეთ და მედიტაციაზე წავედით. რაც შეეხება საჭმელს, ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც გადასარევი, ბოლოსკენ უკვე ყელში ამომივიდა. კოპანში მარტო ვეგეტარიანული საჭმელია. დილით ბრინჯის ფაფა და მიუსლი, შუა დღეს ტრაიციული ნეპალური ბრინჯი ბოსტნეულით, საღამოს სუპი.

პირველ დღეს ვნერვიულობდი ახალ გარემოში და დაძაბული ვიყავი. შემდეგ დღეებში კი გაცილებით უკეთ ვიყავი. ჯგუფში 160 ადამიანი ვიყავით, ქრისტიანული სამყაროს თითქმის ყველა ქვეყნიდან + 1 იორდანელი და 1 პაკისტანელი.

კიდევ, მონასტერში მაღაზიაა სადაც უნდა გვეყიდა ტუალეტის ქაღალდი, საპონი და სხვა პირადი მოხმარების ნივთები (კიდე კარგი პირსახოცი მქონდა). აქვე ვიყიდე რვეული, და იქ ყოფნისას ვაწარმოებდი დღიურს. შემდეგი პოსტები იქნება დღიურის ჩანაწერები.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия